პუბლიკაციები

არასასურველი ინფორმაციის ჩახშობა - ავტორიტარული მმართველობის ტაქტიკები

ინფორმაცია ყოველთვის წარმოადგენდა ინდივიდისა და საზოგადოებებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საჭიროებას. 21-ე საუკუნეში კი, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში, მან კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მრავალი შესაძლებლობაც შექმნა. ახალი ამბის მიღება და გავრცელება ძალიან გაადვილდა, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ ასეთ პირობებში თავისუფალი აზრის შეზღუდვა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, თანამედროვე მსოფლიო ტენდენცია საპირისპიროს ამტკიცებს და Freedom House-ის თანახმად, უკვე ზედიზედ 19 წლის განმავლობაში, გლობალური თავისუფლების ინდექსი სულ უფრო მცირდება. ავტორიტარული რეჟიმები აღნიშნულის მიღწევასა და კრიტიკული ხმების ჩახშობას ცდილობენ როგორც ტრადიციული რეპრესიებითა და ცენზურით, ისე ინოვაციური, ახალ ტექნოლოგიებზე მორგებული ხერხებით. მსგავსი ტენდენცია იკვეთება საქართველოშიც, რომლის მმართველი რეჟიმიც ელექტორალურ ავტოკრატიად ტრანსფორმირდა.

ARM Project-ის თანახმად, ინფორმაციის ჩახშობა არის ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს არადემოკრატიული რეჟიმისთვის არასასურველი მოსაზრებების ან ნარატივის საინფორმაციო სივრიციდან გაქრობას როგორც  ქვეყნის საზღვრებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც, საბოლოო ჯამში, რეჟიმის ძალაუფლების გაძლიერების ინტერესებს ემსახურება. ARM-ი გვთავაზობს ინფორმაციის ჩახშობის მექანიზმების სიღრმისეულ განმარტებას. პირველ რიგში, ის ხაზს უსვამს ცენზურას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას. მეორე ძირითადი კომპონენტი, რომელსაც ARM-ი ინფორმაციის ჩახშობის ინსტრუმენტად მიიჩნევს, პროპაგანდაა. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის მთავარი მიზანი, როგორც წესი, შერჩეული ინფორმაციის მანიპულაციური გავრცელებაა, მას ასევე შეუძლია რეალური ფაქტების დაფარვა და კრიტიკული ხმების ჩახშობა ინფორმაციული სივრცის დატბორვით.

უფრო კონკრეტულად, ARM-ი ინფორმაციის დათრგუნვის მექანიზმებს შემდეგნაირად ასახავს:

  1. ინფორმაციის წარმოების შეზღუდვა: საკანონმდებლო ბარიერები - კანონები, რომლებიც კრძალავს კონკრეტული საკითხების გაშუქებას; რეგულაციები, რომლებიც, თითქოს, აუდიტორიის დაცვის მოტივით იქმნება, ან მკაცრდება; კანონგარეშე ბარიერები - შეურაცხყოფა, მუქარა და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე, მკვლევრებზე, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე პირებსა და ზოგადად, საჯარო პერსონებზე, რაც ხელს უწყობს შიშის დათესვას არა მხოლოდ ამ ადამიანებში, არამედ ნებისმიერ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეში; ინფორმაციის შეგროვების შეზღუდვა - საჯარო მონაცემებსა და არქივებზე წვდომის ჩაკეტვა.
  2. ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა: ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა ტიპის ბარიერები დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის; ვებგვერდების ბლოკირება ან მათზე წვდომის შეფერხება; ინტერნეტის საძიებო სისტემებში კონკრეტული სიტყვების ბლოკირება; არასასურველი საიტების ხელოვნურად „დაძირვა“ და ა.შ.
  3. ინფორმაციის სიმკვეთრის შეზღუდვა: კონკრეტული ინფორმაციის ხილვადობის ან გავლენის შემცირება და მის ნაცვლად, იმ ინფორმაციის წინ წამოწევა, რომელიც რეჟიმისთვის ხელსაყრელია. ამის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა პროპაგანდის მეშვეობით საინფორმაციო სივრცის დატბორვაა, რა დროსაც ადვილია იმის კონტროლი, თუ რაზე უნდა იფიქროს მოქალაქემ და რაზე - არა; წინასწარ მომზადებული  ნარატივების გააქტიურება სამთავრობო მედიის არხებით, ასევე ტროლ-ბოტების გამოყენებით - ონლაინ სივრცეში; სახელმწიფო მედიის მიერ უწყვეტი პოზიტიური საინფორმაციო ნაკადის შექმნა რეჟიმისთვის არასასურველი სიახლეების გადასაფარად.
  4. ინფორმაციის ჩახშობა საერთაშორისო დონეზე: გამოყენებულია ძლიერი ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ, რათა საინფორმაციო მანიპულაციების მეშვეობით, საზოგადოებაში ჩაახშონ არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიები და დაასუსტონ დემოკრატიული რეჟიმები; საერთაშორისო დონეზე ინფორმაციის ჩასახშობად, ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ ფართომასშტაბიან პროპაგანდას. ისინი ფლობენ ასეთი ოპერაციებისთვის საჭირო რესურსებს, მათ შორის, ფინანსურ საშუალებებს, პოლიტიკურ გავლენას, გლობალური პროპაგანდის საშუალებებს, მოსყიდულ ინსტიტუტებს და ა.შ.

ინფორმაციის ჩახშობის ზემოთ აღწერილ პრაქტიკულად ყველა ტაქტიკას საკუთარ ტერიტორიაზე აქტიურად იყენებენ რუსეთისა და ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმები. ეს ორი რეჟიმი განსაკუთრებით საყურადღებოა იმიტომ, რომ ინფორმაციის ჩახშობას ეფექტურად ახერხებენ ტრანსნაციონალურ დონეზეც, რის შედეგადაც, ერთგვარ „სამაგალითო მოდელად“ არიან მიჩნეულნი სხვა არადემოკრატიული ქვეყნებისთვისაც. ამისთვის მათ აქვთ შესაბამისი რესურსები და მოტივაციაც, რათა ლიბერალური დემოკრატიის მთავარ ღირებულებებს - არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ გლობალური მასშტაბით დაუპირისპირდნენ. ეს ორივე მათგანისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დასავლური დემოკრატიული სამყაროს ცალკეულ ქვეყნებსა თუ ალიანსებში პოტენციურ საფრთხეს ხედავენ საკუთარი ავტორიტარული რეჟიმებისთვის. მსგავსი დამოკიდებულება შეგვიძლია დავინახოთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე ჩინეთის სტრატეგიულ დოკუმენტებსა და შესაბამისად, მათ მიერ წარმოებულ მანიპულაციურ საინფორმაციო კამპანიებში. რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში, ეს უფრო მეტად გამოიხატება სამიზნე საზოგადოებების საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციითა და პროპაგანდით დატბორვა-დაბინძურებაში, რისი მიზანიც ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსიების ჩახშობა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ზოგადად, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაა. ჩინეთი კი, იმავე მიზნის მიღწევასა და მსოფლიოში საკუთარი გავლენების გავრცელებას ოდნავ განსხვავებული მიდგომით ცდილობს. კერძოდ, იგი იყენებს გლობალურ პროპაგანდას საკუთარი მიმზიდველობის წარმოსაჩენად და ხაზგასმით აღნიშავს თავის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ მიღწევებს. ეს ნარატივი, თავის მხრივ, ემსახურება ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) ავტორიტარული ბუნებისა და მის მიერ ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევების გადაფარვას. ეს სტრატეგია არ ცდილობს აუდიტორიის დარწმუნებას იმაში, რომ ჩინეთი დემოკრატიაა; პირიქით, მისი მიზანია იმ აღქმის გამომუშავება, რომ კომუნისტური პარტია უზრუნველყოფს განვითარებას, სტაბილურობასა და კომპეტენტურ მმართველობას. როგორც კვლევამ აჩვენა, ეს სტრატეგია ძალიან ეფექტურია უცხოური აუდიტორიის აღქმის ჩამოყალიბებაში და წარმოადგენს ძლიერ და ამავდროულად, საშიშ გზავნილს ამჟამინდელ „დემოკრატიული უკუსვლის ეპოქაში“.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ განხილული ქვეყნები, მათ შორის, საკუთარი გავლენების გაძლიერების მიზნით, ხელს უწყობენ „ავტორიტარიზმის ექსპორტს“ სხვა ქვეყნებშიც და შესაბამისად, კარგ გზამკვლევს წარმოადგენენ ახლად წარმოქმნილი არადემოკრატიული რეჟიმებისთვის. ამ კონტექსტში შეგვიძლია მოვიაზროთ საქართველო და მისი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც“, რომლის ქმედებებიც ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების საწინააღმდეგოდ, იმეორებს ზემოთ განხილულ ტაქტიკებს, თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ლოკალურ დონეზე.

 

არასასურველი ინფორმაციის ჩახშობისთვის გამოყენებული ტაქტიკები საქართველოში

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ ვადაში, როგორც დემოკრატიის ზოგადი ხარისხი, ისე ინფორმაციის მიღება-გავრცელების თავისუფლება, მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. თუმცა ეს ტენდენცია ამ პარტიის მმართველობის პირველ ვადასთან ერთად დასრულდა. ბოლო წლებში კი, ქვეყანაში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. არასასურველი ინფორმაცია, წლების განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, იზღუდებოდა სხვადასხვა საკამათო კანონის შემოღებით, რომლებიც, ძირითადად, ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო წყაროს - ტელევიზიებს ეხებოდა. „ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“ თუ „მაყურებლების ინტერესების დაცვის“ მანიპულაციური საფუძვლით, შემოღებულია არაერთი რეგულაცია, რომლებმაც სამაუწყებლო სექტორი შინაარსობრივად შეზღუდა და ფინანსურადაც დააზარალა. გაიზარდა კომუნიკაციების კომისიის გავლენა სამაუწყებლო მედიაზე (ტელევიზია, რადიო), რაც პრაქტიკაში ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში, მათთვის დიდი ოდენობით ჯარიმების დაკისრებასა და არასასურველი შინაარსის შეზღუდვაში გამოიხატა. პარალელურად, უფრო და უფრო ინტენსიური ხდებოდა „ქართული ოცნების“ მანიპულაციური და ამავე დროს, აგრესიული რიტორიკა მისთვის მიუღებელი მედიასაშუალებებისა და ცალკეული ჟურნალისტების წინააღმდეგ. სიძულვილის გაღვივების ეს ტენდენცია 2021 წლის ივლისში გადაიზარდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკურ ძალადობაში. კერძოდ, 5-6 ივლისს თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, მათ შორის, TV „პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. მართალია, ამ ძალადობაში ხელისუფლება უშუალოდ არ იყო ჩართული (ყოველშემთხვევაში არ არსებობს ამის ღია, დადასტურებული მტკიცებულება), თუმცა, მან ვერ ან არ აღკვეთა იგი. ასევე, სათანადოდ არ გამოიძია ეს მოვლენები და არ დასაჯა ძალადობის ორგანიზატორები.

2024 წლის გაზაფხულიდან კი, როცა „ქართული ოცნება“ მოჩვენებითი დემოკრატიიდან ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ავტორიტარული მმართველობის ფორმაში გადავიდა, სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ძალადობა ჟურნალისტებსა თუ პროტესტის მონაწილეებზე ქართული რეალობის ახალი თანმდევი მოვლენა გახდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2024 წლის ბოლომდე, აღირიცხა მედიის წარმომადგენელთა უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის, „მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა“. აქციებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გაშუქების დროს, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული მოძალადეები პირდაპირ ეთერში გაუსწორდნენ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე, სპეცრაზმელის მხრიდან მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა გურამ როგავამ. აღსანიშნავია, რომ არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, არც ერთ ამ შემთხვევას არ მოჰყოლია პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დასჯა. ამავდროულად, კვლავ დაპატიმრებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და რედაქტორი მზია ამაღლობელი. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით, რომელიც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზაზე მდგარი „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 2025 წლის გაზაფხულზე მიიღეს არაერთი რეპრესიული კანონი, მათ შორის, ისეთი რეგულაციები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება მედიისა და ზოგადად, არასასურველი ინფორმაციის ჩახშობისთვის. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას მიეცა კიდევ უფრო დიდი ძალაუფლება, რათა საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ჩაერიოს ჟურნალისტური პროდუქტის შინაარსში, დააჯარიმოს მაუწყებელი, ან სულაც შეუჩეროს მაუწყებლობის ლიცენზია. ამასთან, მაუწყებლებს კანონით აეკრძალათ უცხოური დაფინანსების, მათ შორის, გრანტების მიღების შესაძლებლობა, რაც, ისედაც მწირი შემოსავლებისა და პატარა სარეკლამო ბაზრის ფონზე, მათი ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. ტელევიზიებსა და რადიოებს აგრეთვე აეკრძალათ ფინანსური შემოსავლის მიღება სოციალური რეკლამიდან.

ცენზურის, თვითცენზურისა და რეჟიმისთვის არასასრუველი ინფორმაციის სრულად ჩახშობის საფუძველს ქმნის კანონი ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ. აღნიშნული კანონი 1930-იან წლებში მიღებული ამერიკული Foreign Agent Registration Act (FARA)-ის (სხვა კონტექსტისა და განსხვავებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მიღებული) ანალოგია და რუსეთისა თუ მისი სატელიტი ავტორიტარების მიერ გამოყენებულია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მედიისთვის, ცალკეული ინდივიდებისთვის „აგენტის“ იარლიყის მისაკრავად და ნებისმიერი არასასურველი ინფორმაციისა თუ აქტივობის ჩასახშობად. საქართველოში აღნიშნული კანონი მომავალი თვიდან ამოქმედდება და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ გამოყენებული იქნება (რეპრესიული მექანიზმების - მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის - თანხლებით) მოქმედი რეჟიმისთვის არასასურველი სამოქალაქო ორგანიზაციების, ასევე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და შექმნის ხელსაყრელ პირობებს შიშისა თუ თვითცენზურის გავრცელებისთვის.

ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფო უწყებებში იკვეთება ინფორმაციის ჩახშობის კიდევ ერთი ტაქტიკა - საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია 2022 წლიდან.

არასასურველი ინფორმაციისა და აქტივობების შესაზღუდად, რეჟიმი აქტიურად იყენებს დაუსაბუთებელ და გაუმართლებლად მაღალ, 5 000-ლარიან ჯარიმებს, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დარღვევით ახორციელებს მათ ვიდეოთვალთვალს რეალურ დროში და პერიოდულად აწყობს საპოლიციო რეიდებს პროტესტის აქტიური სახეების წინააღმდეგ, რისი მთავარი მიზანიც, ბუნებრივია, შიშისა და თვითცენზურის გავრცელება, საბოლოოდ კი, საპროტესტო მუხტის ჩახშობაა.

ცენზურის ხელშემწყობი პირდაპირი მეთოდების გარდა, „ქართული ოცნება“ იყენებს პროპაგანდასა და საინფორმაციო მანიპულაციებს, მისთვის არასასურველი დღის წესრიგის შესაცვლელად. მას ეს მეთოდი განსაკუთრებით სჭირდება ისეთ სივრცეებში, რომლებიც, ჯერჯერობით, მისი უშუალო კონტროლის მიღმაა, კერძოდ, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როცა ოპოზიციის მიერ დადგენილი დღის წესრიგი ეკონომიკური პრობლემებისა და „ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების ირგვლივ, მალევე გადაიფარა 2024 წლის აპრილში ე.წ. „რუსული კანონის“ ინიციირებით და ბოლომდე გაჰყვა მთელს წინასაარჩევნო პერიოდს. რთულია იმის თქმა, მხოლოდ ეს იყო, თუ - არა ამ კანონის ინიციირების მიზანი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, მსგავს განზრახვაზეც მიანიშნა. „როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ“, - განაცხადა ივანიშვილმა 2024 წლის 29 აპრილს, პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი ტაქტიკის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნოდ ინიციირებული კიდევ ერთი კანონი „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ და ზოგადად, დღის წესრიგში ისეთი თემების ხელოვნურად შემოტანა, რომლებიც სრულებით არ წარმოადგენს საზოგადოების მთავარ პრიორიტეტს, მათი მეშვეობით საინფორმაციო სივრცის დატბორვა-დაბინძურება, ემოციებით (განსაკუთრებით - შიშით) მანიპულირება და ამ გზით არასასურველი რეალობის გადაფარვა.

სოციალურ ქსელში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული არაავთენტიკური გვერდების, ანგარიშებისა თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების მობილიზებაც არასასურველი ინფორმაციის ჩახშობის ერთ-ერთი ხერხია. ამ დროს, საინფორმაციო სივრცის დატბორვასთან ერთად, გამოყენებულია ოპონენტების (სოციალური ქსელის რიგითი მომხმარებლებისა თუ საჯარო პერსონების) წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი ან დამცინავი, დამაკნინებელი რიტორიკა, რაც, ბუნებრივია, ხელსაყრელ გარემოს ქმნის კრიტიკული მოსაზრებების ჩასახშობად. მსგავსი პრაქტიკა დადასტურებულია სოციალური ქსელების პლატფორმა Meta-ს (Facebook, Instagram) მიერ 2023 წლის მაისში, რომლის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალური საფრთხეების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მათ წაშალეს Facebook-ის 80 პროფილი, 26 გვერდი, ცხრა ჯგუფი და ორი ანგარიში Instagram-ზე, რომლებიც არღვევდა კომპანიის პოლიტიკას კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევის წინააღმდეგ. ეს ქსელი რამდენიმე აპლიკაციის, მათ შორის, Facebook-ის, Instagram-ისა და TikTok-ის მეშვეობით, ორიენტირებული იყო შიდა აუდიტორიაზე და სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში, რეკლამისთვის დახარჯა 33 500 დოლარი. „მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა [ქსელის] კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

***

ინფორმაციის ჩახშობის ტაქტიკები ავტორიტარულ რეჟიმებში მრავალმხრივი და ტექნოლოგიურად დახვეწილია. ძირითადი მექანიზმები მოიცავს ცენზურას, გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირ და არაპირდაპირ ზეწოლას, მედიისა და ინტერნეტსივრცის კონტროლს, ინფორმაციის მიზანმიმართულ დამახინჯებას პროპაგანდის მეშვეობით და ტრანსნაციონალურ დონეზე საინფორმაციო სივრცის მანიპულაციას. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის აქტივობები: რუსეთი საინფორმაციო სივრცეს დეზინფორმაციით და პროპაგანდით ტბორავს, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული დისკუსიების ჩასახშობად, ხოლო ჩინეთი გლობალური მასშტაბით ცდილობს საკუთარი ავტორიტარული მმართველობის გადაფარვასა და კომუნისტური რეჟიმის მიმზიდველად წარმოჩენას, ეკონომიკური წარმატების, სტაბილურობისა და ტექნოლოგიური პროგრესის ხაზგასმით. ორივე მათგანი იყენებს სახელმწიფო რესურსებს, საერთაშორისო გავლენასა და ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მსოფლიოს დემოკრატიული ინსტიტუტები შეასუსტოს და საკუთარი ნარატივი გაავრცელოს.

ზემოაღნიშნული რეჟიმები კარგ გზამკვლევს წარმოადგენს სხვა, შედარებით მცირე, რესურსების მქონე არადემოკრატიული მმართველებისთვისაც. საქართველოში „ქართული ოცნება“ სწორედ ამ ტენდენციებს მიჰყვება ლოკალურ დონეზე. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2024-2025 წლებში, მან საინფორმაციო სივრცის კონტროლისთვის და კრიტიკული ხმების ჩასახშობად გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა: მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გამოყენებულია როგორც საკანონმდებლო ბერკეტები (მათ შორის, ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონი, მედიის შემზღუდავი ნორმები, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ რეგულაციების გამკაცრება და ა.შ.), ისე ძალადობა და დაპატიმრებები, რაც, საბოლოო ჯამში, არასასურველი ინფორმაციის ჩახშობასა და მოქალაქეებში თვითცენზურის ზრდას ისახავს მიზნად. ამავდროულად, პროპაგანდითა და დღის წესრიგის მანიპულაციური შეცვლის გზით, რეჟიმი ცდილობს საინფორმაციო ფონის განზრახ დაბინძურებას. სახელმწიფო უწყებების, არაავთენტიკური ონლაინქსელებისა და ტროლ-ბოტების გამოყენება კი ქმნის აგრესიულ გარემოს, რომელშიც კრიტიკული აზრი მარგინალიზებულია. საბოლოოდ, ეს ყველაფერი წარმოადგენს ინფორმაციული ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების ნათელ მაგალითს, რომელიც აჩვენებს, რომ სიტყვის თავისუფლება კონტროლდება არა მხოლოდ შიშისა და ძალადობის გზით, არამედ საინფორმაციო სივრცის აქტიური მანიპულაციით.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე