პუბლიკაციები

ტრამპი ჰარვარდის წინააღმდეგ: მიზეზები, განვითარება და მოლოდინები

2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება იყო ფედერალური დაფინანსებისა და აკრედიტაციის გადახედვა ისეთ უნივერსიტეტებში, რომლებიც, კამპუსებში ანტისემიტური განწყობების წინააღმდეგ, შესაბამის ზომებს არ იღებდნენ. ოვალურ კაბინეტში დაბრუნების შემდეგ, მან დაპირების შესრულება მალევე დაიწყო.

29 იანვარს, მისი მეორე ვადის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მთავრობის ძალისხმევის გამკაცრებას მოითხოვდა, მათ შორის, იმ მოტივით, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ებრაელ სტუდენტებს უნივერსიტეტებში ავიწროებდნენ.

ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ნაწილი იყო ანტისემიტიზმთან ბრძოლისთვის ფედერალური სამუშაო ჯგუფის შექმნაც, რომელიც 10 ამერიკული უნივერსიტეტის, მათ შორის, ჰარვარდის კამპუსს ეწვია, არსებული ვითარება შეაფასა და მოგვიანებით, აპრილში, ჰარვარდის ანტისემიტიზმის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, კვლევის ანგარიშები გამოაქვეყნა, კამპუსში ანტისემიტური და ანტიმუსლიმური განწყობების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ებრაელი და მუსლიმი სტუდენტები ხშირად იყვნენ აკადემიური და სოციალური იზოლაციის, შეურაცხყოფისა და ჩაგვრის ობიექტები. ასევე, მუსლიმი და ებრაელი სტუდენტების 47% და 15% კამპუსში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ხოლო მუსლიმი და ებრაელი სტუდენტების 97% და 61% თვლის, რომ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ღიად გამოხატვა მათ როგორც აკადემიურად, ისე პერსონალურად დააზიანებთ.

ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე განსაზღვრა ის სფეროები, რომლებშიც ჰარვარდს რეფორმები უნდა გაეტარებინა, თუკი უნივერსიტეტს მთავრობისგან დაფინანსების მიღება კვლავ სურდა. ეს მოიცავდა: მიღებისა და დაქირავების პრაქტიკებს, რომლებიც გამოკვეთილად დაფუძნებული იქნებოდა აკადემიურ მიღწევებზე, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამების (DEI) გაუქმებასა და „ამერიკული ღირებულებების მიმართ მტრულად განწყობილი" უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვას. ადმინისტრაციის ზეწოლის კამპანია მნიშვნელოვნად გაძლიერდა აპრილში, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის მოთხოვნებს არ შეასრულებდა. 

 

ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია

2024 წლის აგვისტოში ალან გარბერი ჰარვარდის პრეზიდენტად დაინიშნა. მან თანამდებობაზე კლოდინ გეი ჩაანაცვლა, რომელიც 2024 წლის იანვარში, საჯარო კრიტიკის შემდეგ, გადადგა. გარბერმა, მთავრობის მოთხოვნების საპასუხოდ, ცვლილებები გაატარა, მათ შორის, მიიღო ანტისემიტიზმის ახალი ფორმალური განმარტება. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციისა და სხვა რესპუბლიკელი კონსერვატორების აზრით, ჰარვარდმა ებრაელი სტუდენტები საკმარისად არ დაიცვა. 11 აპრილს ჰარვარდისთვის გაგზავნილ წერილში ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტის რამდენიმე პროგრამა, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ცენტრი და ღვთისმეტყველების სკოლა, კამპუსში ანტისემიტური განწყობების გაღვივებასა და იდეოლოგიურ მიკერძოებაში დაადანაშაულა. 

მოგვიანებით, 22 მაისს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ჰარვარდი გააკრიტიკა, რომ მან ვერ აღკვეთა კამპუსში ანტიამერიკული ღირებულებების გავრცელება, ჰამასის მხარდამჭერების მიერ ინდივიდების შევიწროება და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აგიტატორების უმრავლესობა უცხოელი სტუდენტი იყო. 

ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰარვარდის ხელმძღვანელობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობაშიც დაადანაშაულა. ხოლო რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა 19 მაისს გარბერს წერილით მიმართეს და მოითხოვეს ინფორმაცია უნივერსიტეტის კავშირების შესახებ ჩინეთის მთავრობასა და მის სამხედრო ძალებთან. კონგრესმენების ინფორმაციით, უნივერსიტეტი სასწავლო სემინარზე მასპინძლობდა გასამხედროებული ორგანიზაცია სინძიანის წარმოებისა და კონსტრუქციის კორპუსის (XPCC) წევრებს - იმ ორგანიზაციის, რომელიც 2020 წელს აშშ-მა მუსლიმი ეთნიკური ჯგუფის უიღურების უფლებების უხეშად დარღვევისთვის დაასანქცირა.

განცხადებების პარალელურად, ადმინისტრაციამ ჰარვარდს, ჯამში, $2.7 მილიარდის ფედერალური გრანტი შეუჩერა. ჰარვარდმა, პირველ ეტაპზე, შეჩერებული კვლევების გასაგრძელებლად, მხოლოდ $250 მილიონი მიმართა. ამის გარდა, ადმინისტრაციამ ფედერალურ სააგენტოებს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, გადახედონ ჰარვარდზე გაცემულ გრანტებს - გრანტები, ჯამურად, 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ამასთან, ფედერალური მთავრობა ჰარვარდს დამატებით $1 მილიარდის სამეცნიერო დაფინანსების შეჩერებით ემუქრება. კვლევების დაფინანსების მიზანმიმართული შეზღუდვა ისეთ კრიტიკულ სფეროებშიც კი, როგორებიცაა გენური ინჟინერია, სინთეზური ბიოლოგია თუ სხვა, იმაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაცია მზად არის, უნივერსიტეტზე ზეწოლა გააგრძელოს და საკუთარი დღის წესრიგი იმ შემთხვევაშიც კი გაატაროს, თუ ეს სამეცნიერო წინსვლას შეაფერხებს.

ტრამპის ადმინისტრაციას ჰარვარდის წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტებიც აქვს.  ჰარვარდი, ისევე, როგორც სხვა კერძო უნივერსიტეტები, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრული სამეცნიერო საქმიანობის გამო, გარკვეული გადასახადებისგან გათავისუფლებულია. ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებზე დაყრდნობით კი, შესაძლებელია, რომ ჰარვარდს შეუჩერონ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსი, რომლითაც, უნივერსიტეტი წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონს ზოგავს. მხოლოდ 2023 წელს, Bloomberg-ის გამოთვლებით, ჰარვარდმა, შეღავათიანი საგადასახადო სტატუსის წყალობით, 465 მილიონი დოლარი დაზოგა. ეს ბერკეტი კიდევ უფრო რეალისტურია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო კანონი, რომელიც კერძო უნივერსიტეტებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

ფინანსური ზეწოლისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთ გზას - სტუდენტური ვიზების შეჩერებას - მიმართა. მაისში ადმინისტრაციამ სცადა ჰარვარდისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების სერტიფიკატის გაუქმება. ჰარვარდში უცხოელი სტუდენტები საერთო რაოდენობის 27%-ს შეადგენენ და შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. თუმცა ფედერალურმა სასამართლომ ბრძანების ამოქმედება შეაჩერა.

ტრამპის ადმინისტრაციამ, ოვალურ კაბინეტში დაბრუნების დღიდან, სხვადასხვა სექტორში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამების გაუქმებაზე მუშაობა დაიწყო, ვინაიდან, მათი ხედვით, მსგავსი პროგრამები, უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ნაცვლად, რასობრივ დაყოფასა და დისკრიმინაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციაა, რომ, თუ უნივერსიტეტები არ გააუქმებენ ამ პროგრამებს, არ შეცვლიან სტუდენტთა დისციპლინურ რეგულაციებს, აკადემიური პერსონალის აყვანის პრაქტიკას და არ ეცდებიან რეალურად მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც როგორც სტუდენტები, ისე პერსონალი თავს დაცულად იგრძნობს, ისინი ფედერალური მთავრობისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. ჰარვარდთან ერთად, განათლების დეპარტამენტში, ამ მიზეზით, გამოძიება კიდევ 52 უნივერსიტეტზე მიმდინარეობს.

ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები ჰარვარდის წინააღმდეგ სრულად იმეორებს Heritage Foundation-ის „პროექტ 2025-ში“ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფედერალური მთავრობის ქმედებები არის არა მხოლოდ რეაქცია კამპუსში არსებულ პრობლემებზე, არამედ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ ფართო პოლიტიკური პროექტის ნაწილი. მაგალითად,  ის მოიცავს ფედერალური კონტროლის შესუსტებას განათლების დეპარტამენტის პოტენციური დაშლის გზით, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) პროგრამების გაუქმებას, ასევე აკრედიტაციისა და სასწავლო კურიკულუმების გადახედვას, უნივერსიტეტებში ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაძლო გავლენის შემცირებას (მათ შორის, ვიზების გაცემის შეჩერებით) და უმაღლესი სასწავლებლების ფედერალური დაფინანსების გადამისამართებას პროფესიული სასწავლებლებისკენ. 

 

როგორია ჰარვარდის პასუხი?

კოლუმბიის უნივერსიტეტისგან განსხვავებით, რომელიც მალევე დათანხმდა ადმინისტრაციის პირობებს, როცა $400 მილიონის სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერდა, ჰარვარდმა წინააღმდეგობა არჩია და 21 აპრილს, უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების შეჩერების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლა და პირველი შესწორებით გარანტირებული უფლების - სიტყვის თავისუფლების დარღვევაში დაადანაშაულა. 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში გარბერმა აღნიშნა, რომ „არცერთ მთავრობას - განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში - არ აქვს უფლება, კერძო უნივერსიტეტის საქმეებში ჩაერიოს და უკარნახოს, როგორ უნდა ასწავლოს, ვინ უნდა მიიღოს, დაიქირაოს, ან კვლევითი პოლიტიკა განუსაზღვროს". 

„მთავრობის ქმედებები არღვევს არა მხოლოდ კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებს, არამედ ფედერალურ კანონებსა და რეგულაციებსაც. მთავრობამ, ჰარვარდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გასამართლებლად, მოიხმო 1964 წლის სამოქალაქო უფლებების მე-6 თავი, რომელიც ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. თუმცა ნუ შეცდებით: ჰარვარდი გმობს ანტისემიტიზმსა და დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით და აქტიურად ცდილობს სტრუქტურული ცვლილებების გატარებას. ერთობლივი ძალისხმევით მუშაობის ნაცვლად, მთავრობამ შეაჩერა სამედიცინო, ტექნოლოგიური, სამეცნიერო და სხვა ტიპის კვლევები, რომლებსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ანტისემიტიზმთან ან სამოქალაქო უფლებების აქტის მე-6 თავთან“, - წერია ჰარვარდის საჩივარში.

მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰარვარდისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების სერტიფიკატის გაუქმების ბრძანება გასცა, ჰარვარდმა ფედერალურ მთავრობას მეორედ უჩივლა. უნივერსიტეტის მტკიცებით, აღნიშნული ბრძანება მიღებულია ჯეროვანი პროცედურის კონსტიტუციური ნორმის დარღვევით და ფედერალურ რეგულაციებს არ შეესაბამება. ფედერალურმა მოსამართლემ ადმინისტრაციის ბრძანება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა, თუმცა 4 ივნისს თავად ტრამპმა გასცა ბრძანება უცხოელი სტუდენტებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებაზე, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, ჰარვარდმა საჩივარში შესწორება შეიტანა და მიუთითა, რომ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, ისე ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, ამ შემთხვევაშიც, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებს არღვევს და უნივერსიტეტის აკადემიურ თავისუფლებაში უხეშად ერევა. მოსამართლემ ტრამპის ბრძანება დაბლოკა მორიგ პროცესამდე, რომელიც 23 ივნისს გაიმართება.

ამ პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომელთა მიხედვითაც, უმაღლესი განათლების მიმართ საზოგადოების ნდობა, ზოგადად, მცირდება. Gallup-ის მონაცემებით, თუკი 10 წლის წინ საზოგადოების თითქმის 60% უმაღლეს სასწავლებლებს სანდო სექტორად მიიჩნევდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 36%-მდე შემცირდა. ამის გარდა, the Foundation for Individual Rights in Education (FIRE)-ის 2024 წლის კვლევის მიხედვით, რომელშიც აშშ-ის 248 უნივერსიტეტის 55 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, შეფასდა, რამდენად არის დაცული უნივერსიტეტებში სიტყვის თავისუფლება - გამოკითხვაში ჰარვარდმა ბოლო - 248-ე - ადგილი დაიკავა. ამგვარად, საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილება და უნდობლობა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებისას, მეტ თავისუფლებას აძლევს. ეს მას უქმნის სივრცეს, გაატაროს მეტად ხისტი  პოლიტიკა და ზოგ შემთხვევაში, გამოიყენოს არაპროპორციული ძალაც, თუმცა ამით, გარკვეული ინსტიტუტების, მათ შორის, ჰარვარდის მიმართ გაძლიერებული ანტიპათიური განწყობების გამო, საზოგადოებაში უსამართლობის ან ემპათიის განცდა ნაკლებად გამოიწვიოს.

 

სასამართლოების როლი - სივრცე თანასწორი დაპირისპირებისთვის

ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები საინტერესოა, ზოგადად, რესპუბლიკის იდეის კონტექსტშიც, ვინაიდან რესპუბლიკური სისტემა, რომელიც შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმზეა აწყობილი, ამ შემთხვევაში, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიცდება. სასამართლო შტო, რომელსაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა ძალიან ბევრი დრო დაუთმეს, კიდევ ერთხელ უნდა გახდეს სიმართლისთვის ბრძოლის ადგილი, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენები ვერ შეაღწევს. ამერიკის დამფუძნებელი მამები პოლიბიუსის ხაზს აგრძელებდნენ და თვლიდნენ, რომ ადამიანი ნაკლოვანი არსებაა და ამ ფაქტს საინტერესო გადაჭრა მოუფიქრეს მაშინ, როდესაც ის სისტემის ნაწილად აქციეს - რესპუბლიკის იდეის მდგრადობა და სიმყარე გამოწვეულია არა იმით, რომ აშშ-ში მოსამართლეები გაცილებით ჭკვიანები ან პატიოსნები არიან, ვიდრე სამყაროს სხვა წერტილში, არამედ თავად სისტემური მოწყობით, რომელიც მათ პრივილეგიებს ანიჭებს. ამ პრივილეგიების მინიჭებით კი მცირდება იმის შანსი, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეძლოს რაიმე ისეთი სტიმულის შეთავაზება, რომელიც მათ ამ შტოს გავლენის ქვეშ მოაქცევს. 

ჰარვარდის უნივერსიტეტსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე სამართლებრივი დავა ზემოთ აღწერილს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ფედერალური სასამართლოს 31 მაისის გადაწყვეტილება უცხოელი სტუდენტების ვიზების გაუქმების შეჩერების შესახებ, 4 ივნისის გადაწყვეტილება ტრამპის განკარგულების დროებითი შეკავების შესახებ და ჰარვარდის სარჩელი ფედერალური გრანტების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ცხადყოფს, რომ სასამართლო შტო აღმასრულებელი ხელისუფლების შემაკავებელი და გამაწონასწორებელია.

მეორე მხრივ, ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებები, იქნება ეს სახელმწიფო გრანტების შეჩერება თუ უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვის მცდელობა, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას და ზრდის უნივერსიტეტის მეტად რადიკალიზების რისკს. თუკი ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი ჰარვარდის რეალური გარდაქმნაა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მისი ხისტი პოლიტიკა, ამერიკის ყველაზე ძველ და მდიდარ უნივერსიტეტთან მიმართებით, წარმატებული აღმოჩნდება. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ სხვა უნივერსიტეტების სამომავლო გადაწყვეტილებებზე მსუსხავი ეფექტი ექნება - შესაძლოა ჰარვარდმა, ფედერალური მთავრობის წნეხის მიუხედავად, ინსტიტუციურ ცვლილებებზე უარი თქვას, მაგრამ დარტმუთმა ან MIT-მა მეტად ფრთხილი პოლიტიკა არჩიონ. 

 

შეჯამება

ტრამპის ადმინისტრაციასა და ჰარვარდს შორის დავა მრავალი კომპონენტისგან შედგება: მიუხედავად იმისა, რომ ჰარვარდის კრიტიკა შესაძლოა ლეგიტიმური იყოს, არაერთი აქტორის შეფასებით, ჩარევის გზები არაპროპორციულია, საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას და ზრდის უნივერსიტეტის მეტად პოლიტიზების შანსს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დრო ჰარვარდის წინააღმდეგ მოქმედებს - ფედერალური დაფინანსება უნივერსიტეტის შემოსავლის დაახლოებით 11%-ს შეადგენს -  სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ჰარვარდი შეჩერებული კვლევებისთვის თანხების მობილიზებასა და წყაროების დივერსიფიცირებას ვერ შეძლებს. ამ ვითარებაში, დემოკრატიული და თავისუფალი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ის უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და წარმოადგენს სივრცეს, რომელშიც დაპირისპირებულ მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი ინტერესების დასაცავად, თანასწორ პირობებში იბრძოლონ.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თინათინ ნიკოლეიშვილი