უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და პერსპექტივები

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეწყვეტის შეთანხმების მცდელობები, რომლებიც, სამი წლის განმავლობაში, წარუმატებლად სრულდებოდა, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიაში თავისი უპირატესობის წარმოსაჩენად გამოიყენა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქცია. CNN-ის თანახმად, ტრამპმა ინაუგურაციამდე მინიმუმ 53-ჯერ გააჟღერა დაპირება იმის შესახებ, რომ ოფისის დაკავებამდე ან გაპრეზიდენტებიდან 24 საათში, უკრაინაში ომს დაასრულებდა. ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს შედგა. მისთვის მალევე ცხადი გახდა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ბევრად მეტ დროს მოითხოვდა. გაპრეზიდენტებიდან 100 დღის შემდეგ, ჟურნალ Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშკარად გამოჩნდა ტრამპის შეცვლილი რიტორიკა. მისი თქმით, პირობა ოფისის დაკავების პირველივე დღეს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, მეტაფორული გაზვიადება იყო და ხალხმა იცის, რომ 24 საათი ხუმრობით ითქვა. განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის, 1 მაისს გაკეთებული განცხადება. ბრიუსის თანახმად, აშშ-ის მიდგომა სამშვიდობო პროცესებისადმი იცვლება. ის მხარს დაუჭერს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს, თუმცა მოლაპარაკებებში, როგორც უშუალო მედიატორი, მონაწილეობას აღარ მიიღებს, რადგან ახლა საბოლოო სიტყვა უკრაინასა და რუსეთს ეკუთვნით.
ორ თვეზე ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი, რომელსაც აშშ რუსეთთან და უკრაინასთან ინდივიდუალურად, მესამე მხარის ჩართვის გარეშე, აწარმოებს, ჯერჯერობით საბოლოო მიზანს ვერ აღწევს. თუმცა პროცესმა გამოკვეთა გარკვეული კონტურები, თუ რა შედეგებია მოსალოდნელი და რა მოთხოვნები აქვთ დაინტერესებულ მხარეებს. მიუხედავად იმისა, რომ რთულია თქმა, როდის მიაღწევენ, ან საერთოდ მიაღწევენ თუ არა უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ის შუამავლობით, აღნიშნულ პროცესში უკრაინამ, ამერიკასთან ერთად, მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. 30 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს „აშშ - უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის“ შექმნის შესახებ, რომელიც ე.წ. მინერალების შეთანხმების სახელითაა ცნობილი. ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, უკრაინის აღდგენის ფონდის დაფინანსების სანაცვლოდ, აშშ-ს უკრაინის მინერალებზე წვდომის უფლებას აძლევს. კიევის მიერ გავრცელებული დოკუმენტის ოფიციალურ ვერსიაში ჩანს, რომ უკრაინამ შეძლო შეთანხმებიდან ამოეღო სადავო პუნქტი, რომელიც აშშ-ისთვის ვალის დაბრუნებას შეეხებოდა. ასევე საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული შეთანხმება უზრუნველყოფს აშშ-ისა და სხვა ქვეყნების დახმარების გაგრძელებას, უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვაში და აშშ მხარს უჭერს უკრაინის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, აღდგენასა და გლობალურ ეკონომიკაში მის ინტეგრაციას. მიუხედავად იმისა, რომ მასში კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები მოცემული არაა, შეიძლება ითქვას, რომ მინერალების შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია უკრაინა - აშშ-ის პარტნიორობასა და ინტერესების დაახლოებაში.
წინამდებარე სტატია, პირველ რიგში, აღწერს სამშვიდობო შეთანხმებების არაოფიციალურ ვერსიებს, რომელთაგანაც ერთი შემუშავებულია აშშ-ის, მეორე კი - ევროპისა და უკრაინის მიერ. სტატია ასევე მიმოიხილავს, თუ როგორ ვითარდებოდა ტრამპის მიერ ინიციირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები და რა პოზიციები აქვთ მხარეებს ამ პროცესში.
აშშ-ის მიერ ინიციირებული სამშვიდობო შეთანხმების არაოფიციალური ვერსია
ტრამპის მიერ ინიციირებული გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, ოფიციალურად საჯარო არ არის, თუმცა 22 აპრილს გამოცემა Telegraph-მა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია გეგმის სავარაუდო შვიდი პუნქტის შესახებ.
- პირველი და მეორე პუნქტის შინაარსი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას შეეხება;
- მესამე პუნქტი უკრაინისგან NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას მოითხოვს, თუმცა ანიჭებს თავისუფლებას, შეუერთდეს ევროკავშირს;
- მეოთხე პუნქტი შეეხება 2014 წელს ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის დე იურე აღიარებასა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გადასვლას აშშ-ის კონტროლის ქვეშ;
- მეექვსე პუნქტის მიხედვით, უკრაინა ხელს აწერს მინერალების შესახებ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომას აძლევს;
- მეშვიდე პუნქტი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადახედვას შეეხება - აშშ აუქმებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და ორი ქვეყანა ენერგიის სფეროში თანამშრომლობას იწყებს.
ტრამპის სავარაუდო გეგმის მიხედვით, რუკაზე ცვლილებები ასე გამოიყურება:
წყარო: Telegraph
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა Axios-მაც. გამოცემის თანახმად, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისა, გეგმაში საუბარია, რომ უკრაინა მიიღებს „მძლავრ უსაფრთხოების გარანტიებს,“ რაშიც ჩართული იქნება ევროპის ქვეყნების სპეციალური ჯგუფი და ასევე, შესაძლოა თანამოაზრე არაევროპული ქვეყნებიც. დოკუმენტში ბუნდოვანია, თუ როგორ წარიმართება სამშვიდობო ოპერაცია და მასში არ არის ნახსენები ინფორმაცია პროცესში აშშ-ის ჩართულობის შესახებ. Axios-ის მიხედვით, გეგმაში ასევე საუბარია ფინანსურ ანაზღაურებასა და ქვეყნის აღდგენაში დახმარების გაწევაზე, თუმცა არ არის დასახელებული, თუ რა იქნება დაფინანსების წყარო.
25 აპრილს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიიღო წვდომა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის, მიერ 17 აპრილს პარიზში ევროპელებისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის სრულ ტექსტზე. Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული გეგმა ემთხვევა Telegraph-ისა და Axios-ის მიერ გამოქვეყნებულ პუნქტებს და მოიცავს რამდენიმე ახალ დეტალს. კერძოდ, ზემოაღნიშნულ პუნქტებთან ერთად, უკრაინა იბრუნებს ტერიტორიას ხარკოვის ოლქში და აღადგენს კონტროლს კახოვკის კაშხალსა და კინბურნის ნახევარკუნძულზე. რაც მთავარია, Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მიერ ინიციირებული პირობები ორივე მხარისთვის საბოლოო შეთავაზებაა. თუმცა არის, თუ - არა პირობები საბოლოო, განსხვავებულად ხედავენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. რუბიოს 18 აპრილს გაკეთებული კომენტარის თანახმად, შეთავაზებები „ფართო ჩარჩოა“ იმის დასადგენად, თუ რა განსხვავებებია მხარეთა შორის. ვენსის თანახმად კი, აშშ-მა ორივე მხარეს ძალიან მკაფიო შეთავაზებები წარუდგინა და ან დროა, შეთანხმებას მიაღწიონ, ან ვაშინგტონი სამშვიდობო გეგმის მიღწევის ძალისხმევას შეწყვეტს.
ამრიგად, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული აშშ-ის გეგმის თანახმად, უკრაინა დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს იღებს - რუსეთი ოფიციალურად გააკონტროლებს ყირიმს, უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი - დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში - აშშ რუსეთის დე ფაქტო კონტროლს თანხმდება. აღნიშნული დათმობა არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის პრეცედენტს, ლეგიტიმაცია მიეცეს სახელმწიფოთა საზღვრების შეცვლას საერთაშორისო სამართლის დარღვევით. უკრაინა, მოცემული გეგმით, მხოლოდ მცირე ტერიტორიას იბრუნებს, დამატებით კი უწევს უარის თქმა NATO-ზე მაშინ, როცა აშშ-ისგან მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იღებს.
ევროპისა და უკრაინის მიერ ინიციირებული სამშვიდობო შეთანხმების არაოფიციალური ვერსია
ტრამპის სავარაუდო გეგმის არაოფიციალური გასაჯაროებიდან 3 დღეში, 25 აპრილს, გამოცემა Reuters-მა გამოაქვეყნა კიდევ ერთი სამშვიდობო გეგმა, ამჯერად ევროპისა და უკრაინის მიერ შემუშავებული, რომელიც აშშ-ს 23 აპრილს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე გადაეცა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მარკო რუბიო არ დაესწრო, თუმცა მასში მონაწილეობდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი. აღნიშნულ გეგმაში გამოყოფილია შემდეგი პუნქტები:
ცეცხლის შეწყვეტა
- სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება ცაში, ხმელეთსა და ზღვაზე;
- ორივე მხარე დაუყოვნებლივ იწყებს მოლაპარაკებებს [ცეცხლის შეწყვეტის] განხორციელების ტექნიკური დეტალების შესახებ, აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მონაწილეობით. ამის პარალელურად, მზადდება სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგი და ფორმალობები;
- ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ და მხარს უჭერენ მესამე ქვეყნები;
- რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა დეპორტირებული და დევნილი უკრაინელი ბავშვი. ყველა სამხედრო ტყვე უნდა გაიცვალოს („ყველა ყველასთვის“ პრინციპით). რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ყველა სამოქალაქო პატიმარი.
უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის
- უკრაინა მიიღებს მძლავრ უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის, აშშ-ისგან (NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება), მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებს შორის არ არსებობს თანხმობა NATO-ს წევრობაზე;
- არანაირი შეზღუდვა უკრაინის თავდაცვის ძალებზე;
- გარანტორი იქნება ევროპული ქვეყნებისა და მსურველი არაევროპული ქვეყნებისგან შექმნილი სპეციალური ჯგუფი. არანაირი შეზღუდვა უკრაინის ტერიტორიაზე მეგობარი უცხოური ძალების ყოფნაზე, იარაღსა და ოპერაციებზე.
- უკრაინა განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.
ტერიტორიები
- ტერიტორიული საკითხები განიხილება და გადაწყდება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ;
- ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება მხარეების მიერ ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორიების მიხედვით;
- უკრაინა აღადგენს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და კახოვკის კაშხლის კონტროლს აშშ-ის ჩართულობით;
- უკრაინას აქვს შეუზღუდავი წვდომა მდინარე დნეპრზე და აკონტროლებს კინბურნის ნახევარკუნძულს.
ეკონომიკა
- აშშ და უკრაინა ახორციელებენ ეკონომიკურ თანამშრომლობას/მინერალების შეთანხმებას;
- უკრაინა აღდგება სრულად და მიიღებს ფინანსურ ანაზღაურებას, მათ შორის, რუსეთის სუვერენული აქტივებით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.
- „აშშ-ის მიერ რუსეთისთვის 2014 წლიდან დაწესებული სანქციები შესაძლოა ეტაპობრივად შემსუბუქდეს მდგრადი მშვიდობის მიღწევის შემდეგ, მაგრამ ისევ აღდგეს, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა.
განსხვავება აშშ-ისა და ევროპა - უკრაინის მიერ შემუშავებულ გეგმებს შორის
ევროპისა და უკრაინის მიერ ერთობლივად შემუშავებული სამშვიდობო გეგმა განსხვავდება აშშ-ის მიერ ინიციირებული გეგმისგან. კერძოდ, აშშ-ის გეგმის თანახმად, რუსეთი ანექსირებულ ყირიმზე - დე იურე, ხოლო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოკუპირებულ რეგიონებზე დე ფაქტო კონტროლს იღებს. ევროპისა და უკრაინის მიერ შეთავაზებული გეგმით კი, ტერიტორიების საკითხების განხილვა გათვალისწინებულია ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემდეგ, ხოლო უკრაინის რომელიმე ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლი საერთოდ ნახსენები არაა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „ყირიმი რუსეთთან დარჩება. ზელენსკის და ყველას ესმის, რომ ის [ყირიმი] უკვე დიდი ხანია მათთანაა [რუსეთთან].“
აშშ-ის გეგმა უკრაინას ასევე ჰპირდება უსაფრთხოების მძლავრ გარანტიებს, რასაც ევროპული და სხვა მეგობრული ქვეყნები უზრუნველყოფენ, თუმცა აშშ-ს გარანტორად არ ასახელებს და მეტიც, უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას აინიციირებს. აღნიშნული პუნქტი საინტერესოა იმით, რომ აშშ-მა გეგმა ევროპისა და უკრაინის პირდაპირი ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, უკრაინაში უსაფრთხოების გარანტად კი „ევროპელ და სხვა მეგობრულ ქვეყნებს“ ასახელებს. თავის მხრივ, ევროპისა და უკრაინის გეგმაში ნათქვამია, რომ უკრაინისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებზე (უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში) შეზღუდვა არ ვრცელდება, აშშ-ის მხრიდან კი უკრაინა, NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი შეთანხმების ფარგლებში, უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. ამ შემთხვევაშიც, გეგმაში, რომელიც აშშ-ის ჩართულობის გარეშე ჩამოყალიბდა, უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად, ევროპასთან ერთად, გამოცხადებულია აშშ. მხარეებზე პასუხისმგებლობების ამგვარი დაკისრება მიუთითებს მოლაპარაკებების პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, რომლებიც განპირობებულია კონსულტაციებისა და მხარეების პირდაპირი ჩართულობის ნაკლებობით.
რაც შეეხება სანქციებს, აშშ-ის გეგმის თანახმად, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მას შემდეგ გაუქმდება, რაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ევროპისა და უკრაინის გეგმა კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უფრო მკაფიოა - სანქციები არა - პირდაპირ, არამედ ეტაპობრივად შემსუბუქდება, თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არ დაარღვევს. აღნიშნული დოკუმენტი ასევე გვთავაზობს, რომ უკრაინა, ომის შედეგად მიყენებული ზიანისთვის, მიიღებს ფინანსურ ანაზღაურებას რუსეთის საზღვარგარეთ გაყინული აქტივებიდან. აშშ-ის ტექსტი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ უკრაინას ზიანი აუნაზღაურდება, თუმცა გეგმა ფინანსების წყაროს არ ასახელებს.
1-ელ მაისს კიტ კელოგის მიერ Fox News-ისთვის მიცემული ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ 23 აპრილს ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონი და კიევი 22 კონკრეტულ პირობაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, უკრაინას მინიმუმ 30 დღით სურს „ყოვლისმომცველი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა“, „ყოვლისმომცველში“ კი იგულისხმება საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, კელოგის თანახმად, უკრაინა ფრონტის ამჟამინდელი ხაზის მიხედვით ტერიტორიების დათმობებზე თანახმაა, თუმცა არა - დე იურე, არამედ დე ფაქტო. აღნიშნული ინფორმაცია აჩენს მოლოდინს, რომ სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ აშშ-ისა და ევროპა - უკრაინის მიერ ინიციირებული გეგმების შეჯერების შედეგად შემუშავდება.
რა ეტაპები გაიარა მოლაპარაკებებმა სამშვიდობო შეთანხმებების შემუშავებამდე
აშშ-ის მხრიდან პირველი ქმედითი ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გადაიდგა 12 თებერვალს, როდესაც ტრამპი სატელეფონო ზარით ჯერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, შემდეგ კი - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. პირისპირი, ინდივიდუალური მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაიწყო - 15 თებერვალს აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუს კოლეგებს შეხვდნენ, რითაც გაიხსნა ოფიციალური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თუმცა 17 თებერვალს კიევმა და ევროპელმა მოკავშირეებმა, რომლებიც გამორიცხული იყვნენ აშშ - რუსეთის მოლაპარაკებებიდან, გამოთქვეს შეშფოთება და პარიზში გამართეს ევროპელი და NATO-ს ლიდერების საგანგებო სამიტი. მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უკრაინის გარეშე სამშვიდობო გეგმის შემუშავება უარყოფითად შეაფასა, ის ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა. მსგავსი რიტორიკა იგრძნობოდა 18 თებერვალს, აშშ - რუსეთის მორიგი შეხვედრის შემდეგ, რუბიოს მიერ გაკეთებულ კომენტარშიც. კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებდა ევროპისა და უკრაინის უკმაყოფილებას მათი პროცესებს მიღმა დატოვების შესახებ, რუბიომ უპასუხა, რომ სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებით, სხვამ ვერავინ შეძლო ის, რაც ტრამპმა მოახერხა, რადგან ის ერთადერთია მსოფლიოში ვისაც ეს [მოლაპარაკებების ინიციირება] შეუძლია, ამიტომ პროცესებს მიღმა არავინაა დატოვებული.
დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა 28 თებერვალს, როდესაც ზელენსკი აშშ-ში ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად ჩავიდა, მაგრამ შეხვედრა ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ცნობილ საჯარო კამათში გადაიზარდა. აღნიშნული ვიზიტის დროს მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, რის შემდეგაც აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, უკრაინის საკითხის შესახებ გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის, ევროპული ქვეყნების, ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და NATO-ს ლიდერებს უმასპინძლა. დისკუსიის დასასრულს სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ დაბადება გამოაცხადა, რაც, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი პასუხი იყო აშშ-ის მიერ, ევროპისა და უკრაინის ჩართულობის გარეშე, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე.
რამდენიმე დღის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოვალურ ოფისში შეხვედრა გეგმის მიხედვით არ წარიმართა და მზადაა, მინერალების შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ასევე, საუდის არაბეთში აშშ - უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკი დაეთანხმა აშშ-ის მიერ ინიციირებულ წინადადებას ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, რამაც აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო და სადაზვერვო მხარდაჭერის აღდგენისკენ უბიძგა. ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადებას რუსეთი ჯერ მიესალმა, თუმცა შემდეგ მოთხოვნები წამოაყენა - უკრაინამ 30 დღის განმავლობაში შეაჩეროს შეიარაღება და ჯარის მობილიზაცია, მოკავშირეებმა შეწყვიტონ სამხედრო დახმარების მიწოდება. აღნიშნული პირობების წამოყენება მოწმობს, რომ რუსეთის ინტერესებშია არა შეთანხმების დროულად მიღწევა, არამედ პროცესის გაჭიანურება თავის სასარგებლოდ.
18 მარტს ტრამპი პუტინს ტელეფონით კვლავ ესაუბრა. ამ საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის „ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ სამიზნეებზე“ თავდასხმებს დროებით შეაჩერებდა, თუმცა რუსეთმა განაცხადა, რომ ისინი „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ თავდასხმის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, 21 მარტს რუსეთის დრონებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას დარტყმა მიაყენეს. საუდის არაბეთში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის მერე, აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენებაზე უარის თქმასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შეზღუდვაზე. თუმცა რუსეთმა შეთანხმების შესასრულებლად კიდევ ახალი პირობა წამოაყენა - უნდა მოხსნილიყო მის ბანკებსა და ექსპორტზე დაწესებული სანქციები. 27 მარტს პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო არ იყო.
28 მარტს ქალაქ დნიპროზე რუსეთის თავდასხმამ სამოქალაქო პირები იმსხვერპლა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროებით შეჩერებაზე შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ამავე დროს, პუტინმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ბრალდება პრეზიდენტ ზელენსკის არალეგიტიმურობის შესახებ და საკითხის მოსაგვარებლად, მოითხოვა უკრაინაში არჩევნების ჩატარება გაეროს ზედამხედველობით. აღნიშნული შეთავაზება მიუღებლად მიიჩნიეს გაერომ და ევროპელმა ლიდერებმა. ტრამპმა პუტინის ამ ბრალდების შემდეგ განაცხადა, რომ „გაბრაზებულია“ რუსეთზე და თუ უკრაინაში სისხლისღვრის დასრულებაზე [რაც, ტრამპის თქმით, რუსეთის ბრალია] შეთანხმებას მალე არ მიაღწევენ, რუსულ ნავთობზე მეორეულ სანქციებს დააწესებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიბაკოვმა 1 აპრილს განაცხადა, რომ ამერიკის მიერ შეთავაზებულ პირობებს სერიოზულად ეკიდებიან, თუმცა ყველა მათგანს არსებული ფორმით ვერ მიიღებენ. მისი თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა, კერძოდ, „კონფლიქტის საფუძვლებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება“, აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმაში არ არის. პუტინის განცხადებების მიხედვით, რუსეთის მხრიდან წამოყენებული პირობები უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას, ყირიმის დე იურე აღიარებას, უკრაინის ოთხ რეგიონზე სრული კონტროლის აღებასა და უკრაინული არმიის ზომის შეზღუდვას შეეხება. კიევმა აღნიშნულ პირობებს მიუღებელი და რუსეთის მხრიდან უკრაინის კაპიტულაციის მოთხოვნა უწოდა.
2, 3 და 12 აპრილს აშშ-სა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა კვლავ უშედეგოდ, რადგან რუსეთი ცეცხლის სრულად შეწყვეტის პირობებს არ დაეთანხმა. მიუხედავად ამისა, ტრამპმა მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა და მხარეებს მოქმედებისკენ მოუწოდა. 19 აპრილს პუტინმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა 30 საათის განმავლობაში, რასაც ზელენსკი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა აღნიშნა, რომ, თუ რუსეთი ცეცხლს არ გახსნიდა, უკრაინაც ასევე მოიქცეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თავადაც უპასუხებდა. მიუხედავად პირობისა, უკრაინის თანახმად, 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობა რუსეთმა 3 000-ჯერ დაარღვია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით კი, მათ უკრაინის ასობით დრონის მოგერიება მოუხდათ. რუსეთის მიერ მოკლევადიანი ზავის გამოცხადება და მისი ისე დარღვევა, რომ ბრალეულობა უკრაინაზე გადასულიყო, ააშკარავებს კრემლის განზრახვას, გაჭიანურდეს სამშვიდობო ზავის მიღების პროცესი და ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნული მოლაპარაკებებიდან გავიდეს.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 26 აპრილს ტრამპისა და ზელენსკის 15-წუთიანმა შეხვედრამ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე. ოვალურ კაბინეტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტებმა პირისპირ პირველად ისაუბრეს. ზელენსკიმ შეხვედრა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. თუმცა არ უთქვამს, რომ თანახმაა აშშ-ის მიერ შეთავაზებული გეგმის პირობებზე. ტრამპმა, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმებისთვის პუტინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შესაძლოა მას ომის დასრულება არ სურს და მასთან საბანკო და მეორეული სანქციების გზით მოპყრობაა სწორი.
28 აპრილს პუტინმა უკრაინასთან წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა გამოთქვა და კიდევ ერთხელ გამოაცხადა ცეცხლის მოკლევადიანი შეწყვეტა, ამჯერად 8-იდან 11 მაისამდე. 9 მაისს რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავს ზეიმობს, რაც, როგორც წესი, მასშტაბური აღლუმებითა და ძალის დემონსტრირებით აღინიშნება. უკრაინამ რუსეთის ამ წინადადებას მანიპულაცია უწოდა, რაც მიზნად აშშ-ის მოტყუებას ისახავს, თითქოს რუსეთს მშვიდობა სურს. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთს, რომ ისინი მზად არიან ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტისთვის, მინიმუმ 30 დღით, რასაც რუსეთი არ ეთანხმება.
მხარეების პოზიციათა შეჯამება და მოლოდინები
2025 წლის მაისის დასაწყისისთვის, აშშ-ის ხელმძღვანელობით რუსეთსა და უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პროცესმა დაინტერესებული მხარეების - უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და ევროპის - ძირითადი პოზიციები გამოავლინა. აშშ-ის მიერ ინიციირებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს, უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას, ყირიმზე აშშ-ის მიერ რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას, უკრაინის ოთხი რეგიონის დე ფაქტო აღიარებას, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აშშ-ის კონტროლქვეშ გადასვლასა და აშშ-ისთვის უკრაინის მინერალებზე წვდომის უფლებას. ის ასევე მოიცავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და აშშ-რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის დაწყებას. თუმცა, ეს გეგმა მნიშვნელოვნად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან მცირე ტერიტორიების უკრაინისთვის დაბრუნების სანაცვლოდ, ლეგიტიმაციას აძლევს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ტერიტორიების მითვისების პრეცედენტს. ასევე აღნიშნული გეგმა უკრაინას მხოლოდ ბუნდოვან უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს, ისიც, ძირითადად, ევროპული ქვეყნებისგან და არა - აშშ-ისგან. ამრიგად, მაშინ, როდესაც უკრაინას უარის თქმა უწევს უსაფრთხოების მთავარ გარანტ NATO-ზე, აშშ კი უსაფრთხოების კონკრეტულ პირობებს არ სთავაზობს, ამასთან აშშ ყირიმის დე იურე აღიარებასაც აპირებს, უკრაინისთვის ამგვარი გეგმა მიუღებელია (თუმცა, როგორც კელოგის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაცია მოწმობს, უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო აღიარებაზე თანახმაა).
ამის საპირისპიროდ, ევროკავშირისა და უკრაინის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა ხაზს უსვამს ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას, რისი გარანტორიც აშშ იქნება. ასევე მასში შემოთავაზებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც, აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინას სთავაზობენ NATO-ს მე-5 მუხლის მსგავს თავდაცვას. გეგმა პრიორიტეტს ანიჭებს დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას, ტყვეების გაცვლასა და უკრაინის სამხედრო ძალებზე ან უცხოური ჯარების ყოფნაზე შეზღუდვების არარსებობას. რაც მთავარია, აღნიშნული გეგმა ტერიტორიული საკითხების განხილვას ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ ითვალისწინებს. პუნქტის ამგვარი ფორმულირება, აშშ-ის გეგმისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - არ უშვებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიაზე რუსეთის სუვერენიტეტის დე იურე ან დე ფაქტო აღიარებას. ევროპისა და უკრაინის მიერ წარდგენილი გეგმა მხარს უჭერს უკრაინის აღდგენას რუსეთის გაყინული აქტივებით და სანქციების მხოლოდ ეტაპობრივად მოხსნას, აშშ-ისგან განსხვავებით, რომელიც გეგმაზე შეთანხმებისთანავე სანქციების მოხსნას ითვალისწინებს. ევროპისა და უკრაინის მიერ შემოთავაზებული გეგმა უფრო მეტად შეესაბამება უკრაინის ინტერესებს, თუმცა წინააღმდეგობას აწყდება რუსეთისგან, რომელიც წინააღმდეგია, უარი თქვას ყირიმის დე იურე და დანარჩენი ოთხი რეგიონის დე ფაქტო აღიარებაზე. მოლაპარაკებებმა ასევე აჩვენა, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკრაინის დემილიტარიზაცია და სამხედრო დახმარების შეწყვეტაა.
როგორც უკვე აღინიშნა, ორივე გეგმა მხარეთა ჩართულობის გარეშეა მიღებული, რაც კიდევ უფრო ზრდის ალბათობას, რომ პუნქტებში გაწერილ ვალდებულებებზე დათანხმება რთული იქნება. ასევე მოლაპარაკებების დინამიკა ცხადყოფს რუსეთის სტრატეგიას, გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რაც ჩანს ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევებითა და ახალი მოთხოვნებით, როგორებიცაა უკრაინის მობილიზაციის შეჩერება ან საბანკო სანქციების მოხსნა, რაც მშვიდობისადმი გულწრფელობის ნაკლებობაზე მიუთითებს.
თებერვლიდან აპრილამდე, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის რიტორიკა პუტინის მიმართ, შედარებით შეიცვალა. თუ დასაწყისში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს, უკრაინა კი ომის დასრულებას აჭიანურებს, ბოლოდროინდელი განცხადებები მოწმობს, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი უფრო ხისტია. აღნიშნული განვითარება შესაძლოა უკრაინისთვის დადებითად ჩაითვალოს, მით უფრო, იმის ფონზე, რომ 30 აპრილს აშშ - უკრაინას შორის მინერალების შეთანხმებას ხელი მოეწერა, რაც უკრაინას სთავაზობს ეკონომიკურ სარგებელსა და შესაძლო თავდაცვით მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან. ასევე, თუ კიტ კელოგის უახლეს განცხადებას გავითვალისწინებთ, არის მოლოდინი იმისა, რომ აშშ-ისა და ევროპა - უკრაინის მიერ შემუშავებული გეგმები გარკვეულწილად დაახლოვდება. კერძოდ, უკრაინა ყირიმის არა - დე იურე, არამედ დე ფაქტო აღიარებას დათანხმდება, ცეცხლი კი დაუყოვნებლივ შეწყდება ყველა საზღვაო, საჰარეო და სახმელეთო ინფრასტრუქტურაზე.
დაბოლოს, საინტერესოა, რომ აშშ-ის გეგმა მოიცავს უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრებაზე უარის თქმას, ევროპა - უკრაინის გეგმა კი წევრობას პირდაპირ არ გამორიცხავს, თუმცა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ უკრაინა NATO-ს სრულფასოვანი წევრი კი არ გახდება, არამედ აშშ-მა მის დასაცავად NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი ვალდებულება უნდა აიღოს, უკრაინის დათმობებზე მიუთითებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ NATO-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში აღარაა ჩანაწერი NATO-ს მიერ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულების შესახებ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება და სიტყვათა შეთანხმება „უკრაინა, როგორც ალიანსის წევრობის მსურველი“ აღარ გვხვდება. ამ მოცემულობით, სავარაუდოდ, უარი უკრაინის NATO-ში წევრობაზე მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.