პუბლიკაციები

MEGOBARI აქტი და საქართველოს მიმართ აშშ-ის ახალი პოლიტიკის კონსტიტუციური ჩარჩო

ილუსტრაცია: GEOpolitics

 MEGOBARI აქტი და მისი კონტექსტები

2024 წლის 23 მაისს, ივანიშვილის რეჟიმის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კაროლინის შტატიდან ჯო ვილსონმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, სახელწოდებით Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act (აქტი საქართველოსთვის ანგარშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის საშუალებების მობილიზაციისა და გაძლიერების შესახებ), რომლის ინგლისურენოვანი აბრევიატურაც არის MEGOBARI.

MEGOBARI აქტის პირველი ვერსია წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებმა განიხილეს, თუმცა სრული პალატის კენჭისყრაზე არ გასულა. 2024 წელს აშშ-ის ფედერალური საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, სენატში, სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა აგრეთვე შეიტანეს პარალელური ინიციატივა, “Georgian People’s Act” („ქართველი ხალხის აქტი“), რომელიც ასევე არ გასულა სენატის კენჭისყრაზე.

MEGOBARI აქტის ახალი ვერსია წარმომადგენელმა ჯო ვილსონმა 2025 წლის 3 იანვარს, კონგრესის შეკრებისთანავე, დააინიციირა. მომდევნო თვეებში, წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის კომიტეტებში განიხილვებისა და მიღების შემდეგ, MEGOBARI მხოლოდ აქტის შემოკლებულ ვერსიად დარჩა. აქტის მიმდინარე სახელწოდებაა „საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ აქტი“ (‘’AN ACT to counter the influence of the Chinese Communist Party, the Iranian Regime, and the Russian Federation in the nation of Georgia“).  

MEGOBARI აქტის როგორც პირვანდელი, ისე  საკანონმდებლო პროცესში ახლა მყოფი ვერსია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტს: საქართველოს პოლიტიკური რეჟიმისა და ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის უარყოფით შეფასებას, კერძოდ, საქართველოში დემოკრატიის მოშლის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის, ევროპული ინტეგრაციის შეწყვეტისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებით, რაც ევრაზიულ ავტოკრატიულ ძალებთან, ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან დამოკიდებულების ზრდას ეფუძნება.

აქტი განსაზღვრავს საქართველოს მიმართ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ძირითად ჩარჩოს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს ჩარჩო მოიცავს როგორც ზოგად მიზნებსა და მიმართულებებს, ისე კონკრეტულ წამახალისებელ და სადამსჯელო ზომებს, აღნიშნული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, კონგრესი აღმასრულებელ შტოს - პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, ამ გადაწყვეტილებების მისაღებად და აღსასრულებლად, სპეციალურ სამართლებრივ უფლებამოსილებებს ანიჭებს. აქტი ასევე ითვალისწინებს მის შესრულებაზე კონგრესის ზედამხედველობის პროცედურებსა და ინსტრუმენტებს, კერძოდ, უფლებამოსილი აღმასრულებელი თანამდებობის პირების მიერ კონგრესისთვის შესაბამისი ანგარიშების დადგენილ დროში წარდგენას.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კომიტეტებში განხილვის შემდეგ, აქტი წარმომადგენელთა პალატამ კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ზე მეტით, 349 ხმით, 42-ის წინააღმდეგ) მიიღო 2025 წლის 5 მაისს. 6 მაისს კანონპროექტი განსახილველად მიიღო და თავის კალენდარში დაარეგისტრირა სენატმა.

მოსალოდნელია, რომ აქტი სენატშიც მოიპოვებს ორპარტიული კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერას (აქტი უკვე მხარდაჭერილია სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ) და პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ, იქცევა კანონად, რომლის აღსრულების ვალდებულებაც კვლავ ტრამპის ადმინისტრაციას ექნება. სენატის მიერ მიღების შემდეგ, პრეზიდენტს 10-დღიანი ვადა აქვს,  ხელი მოაწეროს აქტს.

MEGOBARI აქტი შეიძლება ჩავარდეს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში: ა) სენატმა არ მიიღო მიმდინარე წლის სესიის ბოლომდე (კალენდარული წლის ბოლო); ბ) სენატის მიერ მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა გამოიყენა ე.წ. „ჯიბის ვეტო“ (თუ აქტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარუდგინეს კონგრესის სესიის მიწურულს, პრეზიდენტს შეუძლია ხელი არ მოაწეროს დადგენილ 10 დღეში და ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ კონგრესის სესიაც დასრულებულია, აქტი კანონის ძალას ვერ მიიღებს); გ) პრეზიდენტმა პირდაპირ დაადო ვეტო და კონგრესმა არ დაძლია ის. ეს სცენარები ნაკლებად რეალისტურია, ახლანდელი  პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

MEGOBARI აქტით ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იქმნება სპეციალური და ყოვლისმომცველი სასანქციო რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს, ასევე, ე.წ. „მეორეულ სანქციებს“, დაწესებული სანქციების მოთხოვნების დამრღვევ პირთა მიმართ, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ სანქციების მასშტაბებსა და გავრცელების არეალს.

იმის გათვალისწინებით, რომ აქტით  მოაზრებულ სანქციებს შეუძლია ძლიერი გარე ზეწოლის შექმნა ივანიშვილის რეჟიმზე, საქართველოში მის მიმართ დიდი ინტერესი და მოლოდინი არსებობს.

რეჟიმის პროპაგანდა არა მხოლოდ აკნინებს აქტის მიღების შანსებს, არამედ ცდილობს ასევე დააკნინოს მისი მნიშვნელობაც და მასში გათვალისწინებული ინსტრუმენტების პოტენციური ზემოქმედების ძალაც, მათ შორის, სამართლებრივად არასავალდებულოდ წარმოაჩინოს აქტით გათვალისწინებული, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ შტოზე დელეგირებული, უფლებამოსილებები, რაც, ერთმნიშვნელოვნად, მცდარია.

აშშ-ს კონსტიტუციური და პოლიტიკური სისტემის სირთულეებსა და ამ სისტემის შესახებ, საქართველოში ცოდნის ნაკლებობას რეჟიმის პროპაგანდა სათავისოდ იყენებს. ეს სისტემური კონტექსტი კი, თავის მხრივ, არსებითია როგორც აქტის სამართლებრივი შინაარსის, ისე მისი პოლიტიკური შედეგების ადეკვატურად გასაანალიზებლად და საპროგნოზოდ.

 

საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების უფლებამოსილების დაყოფა ხელისუფლების დანაწილების ამერიკულ სისტემაში

აშშ-ის კონსტიტუცია ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების დოქტრინას, რომელიც უარყოფს შტოებს შორის მკაცრ გამიჯვნას და მოიცავს როგორც შეკავებისა და გაწონასწორების, ისე შტოებს შორის კოორდინაციის ინსტრუმენტებს. როგორც კლასიკურ ლიბერალურ კონსტიტუციონალიზმზე აგებული სახელისუფლებო სისტემა, აშშ-ის კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არ ცნობს შეუზღუდავ უფლებამოსილებებს, მეორე მხრივ კი, უფლებამოსილების მკაცრად ექსკლუზიურ მიკუთვნებას რომელიმე შტოსა თუ თანამდებობის პირისთვის. მაშინაც, როდესაც ამა თუ იმ სახელისუფლებო უფლებამოსილებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა რომელიმე შტოს ან თანამდებობის პირს აქვს, მოქმედებს შეკავებისა და გაწონასწორების დოქტრინა, რომელიც ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენის ბერკეტებს აუცილებლად ანიჭებს სხვა კოორდინირებად შტოს.

სწორედ ეს პრინციპებია გასათვალისწინებელი საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უფლებამოსილების განაწილების გასაანალიზებლადაც. საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და აღსრულება პოლიტიკური შტოების, ფედერალური კონგრესისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებია. ამ მხრივ, განსაკუთრებული ფუნქციები, კონგრესის პალატებს შორის,  აქვს სენატს. კერძოდ, სენატი ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ელჩებს და სენატის  უფლებამოსილებაა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაცია.

ფედერალური სასამართლოები საგარეო ურთიერთობების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობის მქონედ პოლიტიკურ შტოებს მიიჩნევენ და ამ სფეროში სასამართლო კონტროლს შეზღუდულად ახორციელებენ.

საგარეო ურთიერთობების სფეროში, სასამართლო კონტროლის საფუძველია  კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა, რომლის აღსრულებაც შესაძლოა სასამართლოებმა გადაამოწმონ. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, სასამართლოები აღიარებენ პრეზიდენტის ფართო კონსტიტუციურ დისკრეციას საგარეო ურთიერთობებში და მის მიერ კანონის განმარტებებს საკმაოდ დათმობითი მიდგომით ამოწმებენ.

„კურტის ვრაითის“ საქმეში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი პრეცედენტია, პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა, კონგრესის რეზოლუციით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, დააწესა იარაღის ემბარგო ლათინურ ამერიკაში. იარაღის მწარმოებლები დავობდნენ, რომ ეს კონგრესის მიერ პრეზიდენტისთვის საკანონმდებლო უფლებამოსილების არაკონსტიტუციური დელეგირება იყო. ამის საპასუხოდ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა:

„ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში უხერხულობის, შესაძლოა ძალიან დიდი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად და  ჩვენი მიზნების წარმატებით მისაღწევად, აშკარაა, რომ კონგრესის კანონმდებლობამ, რომელიც პრეზიდენტმა უნდა აღასრულოს მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ინფორმაციის მოძიების გზებით, მას საკმაო ხარისხის დისკრეცია და საკანონმდებლო შეზღუდვებისგან ისეთი თავისუფლება მიანიჭოს, როგორის დაშვებაც მიუღებელი იქნებოდა საშინაო ურთიერთობების მოწესრიგების სფეროში.

მეტიც, პრეზიდენტს,  კონგრესისგან განსხვავებით, აქვს უკეთესი შესაძლებლობები, იცოდეს, რა პირობებია უცხო ქვეყნებში და ეს ასეა განსაკუთრებით ომის შემთხვევაში. პრეზიდენტს აქვს ინფორმაციის კონფიდენციალური წყაროები. მას ჰყავს თავისი აგენტები დიპლომატიური, საკონსულო და სხვა თანამდებობის პირების სახით. მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა შესაძლოა განსაკუთრებით აუცილებელი იყოს და ამ ინფორმაციის დროზე ადრე გასაჯაროებას შეიძლება საზიანო შედეგები ჰქონდეს.“

როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ საკვანძო პრეცედენტი, „იანგსთაუნის ფოლადის საწარმოების საქმე“ ადგენს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ყველაზე ძლიერია, როდესაც ის ეფუძნება როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, ისე კონგრესის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ უფლებამოსილებას, ხოლო ყველაზე სუსტია მაშინ, როდესაც ეფუძნება მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ხორციელდება კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლოს საწინააღმდეგოდ.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სასამართლოებს უწევთ, იმოქმედონ როგორც არბიტრებმა და განსაზღვრონ, შეუძლია, თუ - არა პრეზიდენტს, იმოქმედოს კონგრესის მიერ მიღებული კანონის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებით. ასეთ დროს პრეზიდენტის მოქმედება კონსტიტუციურია მხოლოდ მაშინ, როდესაც კონგრესს არ აქვს კონკრეტული საკითხის მოწესრიგების საკანონმდებლო უფლებამოსილება. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ აშშ-ის ფედრაციულ კონგრესს შეზღუდული საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს და კანონმდებლობა მხოლოდ კონსტიტუციის მე-2 მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე შეუძლია (ე.წ. „enumerated powers” „კონსტიტუციაში ჩამოთვლილი უფლებამოსილებებით შეზღუდვა“).

კონგრესს, როგორც ვთქვით, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული საკანონმდებლო უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. შესაბამისად, მცდარია მოსაზრება, რომ საგარეო ურთიერთობების განხორციელებისას, პრეზიდენტს არ სჭირდება კონგრესის მიერ სპეციალური უფლებამოსილებებით აღჭურვა. მეტიც, როდესაც საქმე შემზღუდავ ზომებსა და ეკონომიკურ სანქციებს შეეხება, ასეთი საკანონმდებლო საფუძველი კონსტიტუციურად აუცილებელიცაა. ამას განსაზღვრავს სწორედ „იანგსთაუნის“ საქმის სტანდარტიც.

უზენაეს სასამართლოს მოუწია, რომ „იანგსთაუნის“ საქმის ჩარჩო გამოეყენებინა საქმეში „დეიმსი და მური რეიგანის წინააღმდეგ“. საქმე შეეხებოდა ირან-ამერიკის კრიზისის დროს აშშ-ში დაყადაღებულ ირანულ აქტივებს. ირანის მიერ ამერიკის საელჩოში აყვანილი მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების ნაწილი იყო, რომ შეიქმნებოდა ცალკე საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელზეც, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ექსპროპრიაციის გზით აქტივებჩამორთმეულ ამერიკულ კომპანიებს, ირანის სახელმწიფოსთვის კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობა  ექნებოდათ. შეთანხმების თანახმად, სანქციები და ყადაღა უნდა მოხსნოდა ირანის აქტივებს აშშ-ში, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ამერიკულ სასამართლოებში აღარ უნდა ეწარმოებინათ დავები ირანის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა რეიგანმა, ამ შეთანხმების თანახმად, ყადაღა მოხსნა ირანულ აქტივებს ამერიკაში და ირანს მისი გატანის შესაძლებლობა მისცა. ეს უკანასკნელი გაასაჩივრეს ირანში დაზარალებულმა კომპანიებმა, რომლებმაც დაკარგეს შესაძლებლობა, რომ აშშ-ში არსებული ირანული აქტივებიდან, აშშ-ის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე, კომპენსაცია მიეღოთ.

დაეყრდნო რა „იანგსთაუნის“ პრეცედენტს, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა კონგრესის მიერ მინიჭებული ფართო ძალაუფლება, „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის“ (The International Emergency Economic Powers Act (IEEPA) საფუძველზე:       

„რამდენადაც პრეზიდენტმა, [ირანის კუთვნილ აქტივებზე ყადაღების მოხსნისა და მათი გადაცემის დროს] იმოქმედა კონგრესის მიერ მინიჭებული სპეციფიკური უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, მისი ქმედება „სარგებლობს კონსტიტუციურობის ყველაზე ძლიერი პრეზუმფციითა და სასამართლოს მიერ კანონის განმარტების ყველაზე ფართო ფარგლებით. ასეთ დროს, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთის სრული სიმძიმე ეკისრება მოსარჩელე მხარეს“.  

აღსანიშნავია, რომ IEEPA არის აშშ-ის მიერ დაწესებული უკლებლივ ყველა ფინანსური სანქციის ზოგადი სამართლებრივი საფუძველი. „დეიმსისა და მურის“ საქმეში უზენაესმა სასამართლომ დამატებით განმარტა ის საკანონმდებლო და კონსტიტუციური წყაროები, რომლებიც პრეზიდენტს  ფინანსური სანქციების დაწესების ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს და ეს უფლებამოსილება მჭიდროდ დაუკავშირა პრეზიდენტის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.

უზენაესი სასამართლოს თანახმად: „ამ სასამართლომ ადრე აღიარა, თუ რა არის კონგრესის მიზანი, როდესაც პრეზიდენტს ქონების დაბლოკვის უფლებამოსილებას ანიჭებს. კონგრესის მიზანია, „უცხო ქვეყნის აქტივებზე კონტროლი პრეზიდენტის ხელში მოაქციოს“ (ციტირებულია: Propper v. Clark, 337 U. S. 472, 337 U. S. 493 (1949). ქონების დაბლოკვის ბრძანებების გამოცემის ძალაუფლება პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას, განკარგოს უცხო სახელმწიფოს კუთვნილი  [აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფი] აქტივები და გამოიყენოს ისინი საგანგებო მდგომარეობების გადასაჭრელად წარმოებულ მოლაპარაკებებში. მტრულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების პროცესში, პრეზიდენტი გაყინულ აქტივებს იყენებს, როგორც  „სავაჭრო კარტებს".

ამრიგად, საგარეო ურთიერთობებში ძალაუფლების კონსტიტუციური დანაწილებიდან გამომდინარე, საგარეო ურთიერთობებში უფლებამოსილებას, მათ შორის, ეკონომიკური და სხვა ტიპის სანქციების სახით, კონგრესი პრეზიდენტს ანიჭებს ფართო სამართლებრივი დისკრეციის დელეგირების ფორმით. ეს განპირობებულია, მათ შორის, საგარეო ურთიერთობების წარმოების სპეციფიკითაც: სწრაფად ცვალებადი გარემო, ინფორმაციის წყაროების თავისებურება, კონფიდენციალურობის დაცვის ძლიერი აუცილებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტს, მასზე დელეგირებული უფლებამოსილების ეფექტურად განსახორციელებლად, ფართო დისკრეცია ესაჭიროება.

ამდენად, შეცდომა იქნება, მივიჩნიოთ, რომ MEGOBARI აქტის ზოგადი ენა, რომლითაც პრეზიდენტზე ფართო უფლებამოსილების დელეგირება ხდება,  კონგრესის მხრიდან ბუნდოვანების შექმნასა და შესაბამისად, პრეზიდენტის სამომავლო უმოქმედობის გამართლებას ემსახურება. პირიქით, კონგრესის მიერ მინიჭებული ფართო უფლებამოსილებები პრეზიდენტს დაუსახავს ზოგად მიზნებს და ანიჭებს აღსრულების ნაწილში ყველაზე უფრო ფართო მოქმედების თავისუფლებას.

ამ სტატიის შემდეგ ნაწილებში, MEGOBARI აქტის დაწვრილებით განხილვისას, ჩვენ სწორედ ასეთ, პრეზიდენტზე ფართოდ (და არა - ბუნდოვანად, რამდენადაც პრეზიდენტის მიერ ეკონომიკური და სავიზო სანქციების, ისე წამახალისებელი ზომების გამოყენების უფლებამოსილებები საკმარისი სიცხადით არის ჩამოყალიბებული)  დელეგირებულ უფლებამოსილებებს განვიხილავთ. ფართო უფლებამოსილების დელეგირება კი, როგორც უკვე ვთქვით, გამოხატავს კონგრესის განზრახვას, მისცეს პრეზიდენტს ყველა შესაძლებლობა, რათა მან აქტის მიზნებს მაქსიმალურად ეფექტურად მიაღწიოს.

MEGOBARI აქტი პრეზიდენტსა და აღმასრულებელ შტოს აღჭურავს სპეციალური უფლებამოსილებებით, საქართველოსთან მიმართებით კონგრესის მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად. ეს უფლებამოსილებები სამართლებრივი ძალის მატარებელია და მათ აღსრულებაზე ანგარიშს აღმასრულებელი შტოს თანამდებობის პირები კონგრესს წარუდგენენ ამავე აქტით დადგენილი წესით.  

 

MEGOBARI აქტის სტრუქტურა, შინაარსი და პოტენციური სამართლებრივი შედეგები

ა) საქართველოში და მის გარშემო არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასება

MEGOBARI აქტის ერთადერთი დეკლარაციული ნაწილი მოცემულია იმ პოლიტიკურ შეფასებებში, რომლებზეც კონგრესი აფუძნებს უკვე სამართლებრივად სავალდებულო პოლიტიკას. ეს შეფასებები მოცემულია აქტის მე-3 სექციაში, რომელშიც კონგრესი „აქებს ქართველი ხალხის პროგრესს ინოვაციური და პროდუქტიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდგომ.“

თუმცა, იმავე დროს, აღნიშნავს, რომ „საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიამ მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა, რაც დასტურდება მრავალი დამოუკიდებელი საზომითა და შეფასებით და საქართველოს მოქმედი მთავრობა უფრო და უფრო მტრულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ მაშინ, როდესაც უფრო მზარდად ავითარებს გაძლიერებულ კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.“

კონგრესის შეფასებით, საქართველოში არსებული მდგომარეობა მიუღებელია და ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ „საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის და აშშ-ს ეროვნულ ინტერესებშივეა, დაიცვას და გაამყაროს დემოკრატია საქართველოში.“  

 

ბ) საქართველოსთან მიმართებით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების განსაზღვრა  

მოაქცევს რა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში, კონგრესი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სფეროში განსაზღვრავს კონკრეტულ პოლისებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსის შედეგების აღმოფხვრის, დემოკრატიზაციის გაგრძელებისა და ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკის აღდგენის მიმართულებებით.

ეს პოლისები, უფრო სპეციფიკური სახით, განსაზღვრულია შემდეგნაირად:

ა) საქართველოს კონსტიტუციითა და ხალხის ნებით განმტკიცებული ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა აშშ-ის მიერ:

უფრო კონკტერულად, აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება ხელს შეუწყობს საქართველოს, განაახლოს ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულების ინკლუზიური პროცესი, ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებსაც ექნება მოქალაქეების მიერ მინიჭებული დემორკატიული ლეგიტიმაცია.

ამ მიზნის მისაღწევად, აღმასრულებელმა შტომ უნდა გადახედოს საქართველოს მიმართ  საგარეო და უსაფრთხოების დახმარების ყველა არსებულ და შესაძლო პროგრამას, გამოიყენოს ეს ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და მიიღოს ისეთი პოლისები და კანონმდებლობა, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას ასახავს.

აქტის მე-5 სექცია ითვალისწინებს სახელმწიფო მდივნისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორების მიერ ანგარიშის წარდგენას, რომლის საფუძველზეც, გადაიხედება აშშ-ის ურთიერთობები საქართველოსთან და განისაზღვრება ახალი პოლიტიკა, აქტის მოქმედების ვადით (5 წელი).

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის მიერ კურსის შეცვლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა უნდა აცნობს კონგრესს და მიიღოს ზომები საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ბ) ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შეკავება და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა:  

ზომების მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, უკავშირდება ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შეკავებას. ეს მოიცავს ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელებას რამდენიმე საკვანძო, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გაერთიანების თავისუფლების, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო შტოს, მედიის თავისუფლების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, სამართლის უზენაესობის, მავნე გავლენასთან გამკლავებისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მიმართულებით.

აშშ-ის ზოგადი პოლიტიკა ასევე უნდა იყოს ამ დემოკრატიული სტანდარტებისა და ღირებულებების ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, სანქციების სახით.

უფრო სპეციფიკურად, ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედება, რათა გაათავისუფლოს პროტესტის მონაწილეები, რომლებიც პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან და გამოიძიოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების მანიპულაციის საქმე.  

გ) რუსეთის მავნე გავლენისგან საქართველოს დაცვა:

MEGOBARI აქტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან საქართველოს უფრო ქმედით დახმარებას, რუსეთის ჩარევისგან საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და რუსეთის მავნე გავლენასთან დასაპირისპირებლად.

აღნიშნული გულისხმობს როგორც დახმარებას რუსეთის მორიგი აგრესიისგან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის შესაძლებლობების შექმნაში, ისე საქართველოს ჩართვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევაში, მათ შორის სასანქციო პოლიტიკაში, ასევე საქართველოს დარწმუნებას, შეამციროს რუსეთთან სავაჭრო კავშირები.

აქტი  ითვალისწინებს სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთობებისა და დახმარების შენარჩუნებას შესაძლებლობის ფარგლებში, მათ შორის, ინდივიდუალური სანქციების მოქმედების პერიოდშიც, ხოლო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემორკატიზაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ამ თანამშრომლობის გაძლიერებას (მე-7 სექცია).

 

გ) აქტის აღსრულება: ინდივიდუალური ქონებრივი და სავიზო სანქციები

MEGOBARI აქტით განსაზღვრული მიზნების მიღწევის ყველაზე ქმედითი მექანიზმებია ამავე აქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური სანქციები. ეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან აქტი ცალსახად გამორიცხავს ქვეყნის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესებას. ყველა სანქცია, რომლებსაც აქტი ითვალისწინებს, მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პირებისკენ ინდივიდუალურად და არა საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ან, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ამრიგად, სიცრუეა ივანიშვილის რეჟიმის მტკიცება, რომ MEGOBARI აქტი საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ან საქართველოს მოქალაქეების მიმართ „მტრულია“.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ აშშ-ის მიერ აქამდე დაწესებული სანქციები ძირითადად ეფუძნება ზოგადი საემიგრაციო კანონმდებლობით განსაზღვრულ აღმასრულებელ დისკრეციას ან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და რუსეთის გავლენის ოპერაციების შესახებ მოქმედ სასანქციო რეჟიმებს.

MEGOBARI აქტი, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძვლის შემქმნელი ხდება. აქტი ითვალისწინებს საქართველოში მოქმედი რეჟიმის მიმართ დამოუკიდებელი სასანქციო რეჟიმის შექმნას. ამ მხრივ, აქტი განსაზღვრავს ამ სპეციალური სასანქციო რეჟიმის ძირითად პარამეტრებს, კერძოდ, გამოსაყენებელი სანქციის სახეებს, პირთა წრეს, რომელზეც უნდა გავრცელდეს და ასევე ე.წ. „მეორეულ სანქციებს“ მათ მიმართ, ვინც არღვევს ამ სასანქციო რეჟიმით დადგენილ მოთხოვნებს.

აქტის მიღების შემდეგ, პრეზიდენტი, არა უგვიანეს 120 დღისა, მის აღსასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტს - ბრძანებას (პირველი სექცია, e), 1), რომლითაც დაზუსტდება შესაბამისი კრიტერიუმები და პროცედურები. ასევე, პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო მდივანსა და ხაზინის მდივანზე იქნება დელეგირებული კონკრეტულ პირებზე შესაბამისი სავიზო და ქონებრივი სანქციების დაწესების უფლებამოსილება, ისევე, როგორც მთლიანად სასანქციო რეჟიმის იმპლემენტაციისა და მართვის უფლებამოსილებები.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეჟიმის მიმართ ცალკე სასანქციო რეჟიმის შექმნა არ აუქმებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, სხვა სამართლებრივი საფუძვლებითაც დაუწესოს მას სანქციები, ან ძალაში დატოვოს უკვე დაწესებული (პირველი სექცია, e), 3).

ეს ნიშნავს, რომ MEGOBARI აქტის მიღება არ აუქმებს ბიძინა ივანიშვილზე, ოთარ ფარცხალაძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სხვებზე რუსეთის საგარეო გავლენის ოპერაციების, უკრაინის ომთან დაკავშირებული და მაგნიტსკის აქტის საფუძველზე უკვე დაწესებულ სანქციებს და იმავდროულად, ხელს არ უშლის ამ აქტის საფუძველზე დამატებითი სანქციების დაწესებას.

სანქციებს დაქვემდებარებულ პირთა წრის განსაზღვრა:

MEGOBARI აქტით განსაზღვრულ სანქციებს დაქვემდებარებულ პირთა წრე ფართოა და მოიცავს არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ფორმალურ თანამდებობის პირებსა და მათ ახლო ნათესავებს, არამედ პირებსაც, რომლებსაც არ ჰქონიათ რაიმე სახელისუფლებო თანამდებობა.  ეს უკანასკნელი კრიტერიუმი მნიშვნელოვანია, რამდენადაც ითვალისწინებს ივანიშვილის ძალაუფლების არაფორმალურ სტრუქტურას და შესაძლებლობას იძლევა, მიზანში ამოიღოს მისი არაფორმალური ძალაუფლების ინსტრუმენტებიც.

აქტის თანახმად, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლების თანამდებობის იმ პირებისა და სხვა პირებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვაში, ისეთი ქმედებების ჩადენით, როგორებიცაა მნიშვნელოვანი კორუფცია, ძალადობის ან დაშინების აქტები.

პრეზიდენტი და მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილებით - სახელმწიფო და ხაზინის მდივნები, ვალდებული არიან, MEGOBARI აქტისა და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, იმსჯელონ და გადაწყვიტონ სანქციების დაწესება კონკრეტული პირებისთვის. პრეზიდენტმა მიღებული გადაწყვეტილებები (როგორც სანქციების დაწესების, ისე არდაწესების ან გამონაკლსის დაშვების შესახებ), შესაბამის პირთა სიითა და დასაბუთებით, კონგრესს უნდა წარუდგინოს.

„ხელისუფლების თანამდებობის პირები“ - მოიცავს ყველა ადამიანს, რომელსაც, 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ეკავა საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობა, ასევე მოქმედ ან ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ქართულ პოლიტიკურ პარტიაში, საქართველოს ხელისუფლებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირებს (სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო, მუნიციპალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩათვლით). „სხვა პირებში“ იგულისხმება ამ თანამდებობის პირთა  ახლო ნათესავები (მეუღლეები, შვილები, მშობლები), რომლებმაც ამ პირთა ქმედებებიდან სარგებელი მიიღეს.

კიდევ უფრო ფართოა იმ პირთა წრის განსაზღვრება, რომლებიც დასანქცირებას ექვემდებარებიან „საქართველოს სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრისთვის“. აქტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია, სანქციები დაუწესოს ყველა პირს, რომელიც პასუხისმგებლია, თანამონაწილეა, ან პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა, ან მცდელობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ქმედებებსა და პოლისებში,  „საქართველოს სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძირის გამოსათხრელად“. აღნიშნული ასევე მოიცავს ბრძანების გაცემას, ზედამხედველობას ან სხვაგვარ ხელმძღვანელობას.

ამ საფუძვლით, დასანქცირებას ექვემდებარება ასევე პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა, ან იკავებდა თანამდებობას ისეთ ორგანოში ან ორგანიზაციაში, რომელიც ზემოთ აღწერილ ძირგამომთხრელ ქმედებებში იყო ჩართული, ასევე ამ საფუძვლით დასანქცირებულ პირთა ახლო ნათესავები (ოჯახის წევრები), რომლებმაც დასანქცირებული პირის ქმედებიდან სარგებელი ნახეს.

ამრიგად, ამ უკანასკნელი საფუძვლით, სანქციები შეიძლება დაუწესდეთ ასევე ივანიშვილის რეჟიმის არაფორმალურ ინსტრუმენტებს, მაგალითად,  რეჟიმთან დაკავშირებული ბიზნესორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და მესაკუთრეებს, რეჟიმის რეპრესიულ აპარატში შემავალი არაფორმალური რაზმებისა და დაჯგუფებების მეთაურებსა და წევრებს, რეჟიმის პროპაგანდისტული საშუალებების ხელმძღვანელებს, მესაკუთრეებსა და მათი პროპაგანდის პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს, ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის თანამონაწილე იყო, ჩამოთვლილი ძირგამომთხრელი საქმიანობების განხორციელებაში, ასევე - მათ ახლო ნათესავებს.

სანქციების სახეები:

MEGOBARI აქტის მე-6 სექცია ითვალისწინებს ორი სახის სანქციებს: ქონებრივს და სავიზოს. ქონებრივი სანქციები პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, IEEPA -ზე დაყრდნობით, გამოიყენოს ყველა შესაბამისი უფლებამოსილება და დაბლოკოს და აკრძალოს ყველა გარიგება დასანქცირებული პირის ქონებაზე ან ქონების წილზე, რომელიც არის აშშ-ში, შემოვა აშშ-ის იურისდიქციაში, ან არის, ან მოექცევა აშშ-ის ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობისა და კონტროლის ქვეშ.

სავიზო სანქციები მოიცავს არა მხოლოდ ვიზის გაცემის დაუშვებლობას, არამედ ნებისმიერი სხვა საფუძვლით აშშ-ში დაშვების აკრძალვას, უკვე მოქმედი ვიზების დაუყოვნებლივ გაუქმებასა და აკრძალვას, დასანქცირებულმა პირმა მიიღოს რაიმე სახის სარგებელი აშშ-ის საემიგრაციო კანონმდებლობის მიხედვით. აკრძალულია ასევე აშშ-ის საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევების ამნისტირება დასანქცირებულ პირთა მიმართ.

ორივე სახის სანქციის გამოყენება მოითხოვს კონგრესისთვის როგორც დასანქცირებული პირების ვინაობის, ისე სანქციის დადების ფაქტობრივი საფუძვლების შეტყობინებას. პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, დროებით მოხსნას სანქციები, თუ, მისი განსჯით, ეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია. სანქციის მოხსნის შესახებ, თავისი დასაბუთებით, ასევე უნდა ეცნობოს კონგრესს.

ამრიგად, MEGOBARI აქტი ადგენს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ სპეციალური და ყოვლისმომცველი სასანქციო რეჟიმის ძლიერ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს ე.წ. „მეორეულ სანქციებსაც“, რაც ამ აქტის საფუძველზე დაწესებულ ფინანსურ სანქციებს, პრაქტიკულად, გლობალურად აღსრულებადს ხდის. კერძოდ, ყველა, ვინც სანქციებით დაწესებულ აკრძალვებს დაარღვევს, ექვემდებარება ისეთივე სანქციებს IEEPA -ს საფუძველზე, როგორიც დასანქცირებული პირის მიმართ არის გამოყენებული.

ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები, საინვესტიციო ფონდები, ბირჟები, საბროკერო კომპანიები და აშ.) არ შევლენ საქმიან ურთიერთობებში იმ ორგანიზაციებთან და პირებთან, რომლებსაც დასანქცირებულ პირებთან კომერციული კავშირები აქვთ. აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებზე წვდომის სასიცოცხლო მნიშვნელობა კი, გლობალურად, სხვა სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ მოქმედ ორგანიზაციებსაც აიძულებს, იმოქმედონ აშშ-ის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად და დასანქცირებულ პირებთან საქმიანი ურთიერთობა არ დაამყარონ.

 

დ) აქტის აღსრულება: სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და სადაზვერვო ინსტიტუტების აღჭურვა სპეციალური უფლებამოსილებებით

MEGOBARI აქტის მე-5 სექცია ავალდებულებს სახელმწიფო მდივანს, აქტის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღისა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან თანამშრომლობით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში რუსეთის დაზვერვის მუშაობის შესახებ (აქტივები, ოპერაციები, გავლენები). ანგარიშში ცალკე თავი უნდა დაეთმოს ჩინეთის გავლენის ოპერაციებს საქართველოში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძე დასანქცირებულები არიან რუსეთის მიმართ მოქმედი სასანქციო რეჟიმების ფარგლებში, ეს ანგარიში, სავარაუდოდ, გახდება ძირითადი ფაქტობრივი დასაბუთება, MEGOBARI აქტის საფუძველზე ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებისა და დაკავშირებული პირების დასანქცირებისთვის.

 

შეჯამება

MEGOBARI აქტი აწესებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის მკაფიო და ძლიერ სამართლებრივ ჩარჩოს, განსაზღვრავს ამ პოლიტიკის ზოგად მიზნებსა და კონკრეტულ პოლისებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას აღჭურავს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით, განახორციელოს ისინი. ეს უფლებამოსილებები მოიცავს სპეციალური ინდივიდუალური სასანქციო რეჟიმის შექმნასა და აღსრულებას იმ პირთა მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაცაა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეჩერება.

სანქციების სპეციალური რეჟიმი ფართოა და იძლევა შესაძლებლობას, გავრცელდეს ივანიშვილის რეჟიმის როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სტრუქტურებსა და ელემენტებზე. „მეორეული სანქციების“ გათვალისწინება, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დაწესებული ფინანსური სანქციების გლობალურ აღსრულებადობას.

MEGOBARI აქტი ადასტურებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოსთან 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შეჩერების შესახებ. თუმცა, ამავე დროს, ის ქმნის ცხად სამოქმედო ჩარჩოს ამ თანამშრომლობის აღსადგენად და მის კიდევ უფრო განსავითარებლად, თუ საქართველო შეძლებს დემოკრატიზაციისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი