პუბლიკაციები

უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია: (კონტრ)რეფორმა განათლებაში?

2025 წლის 16 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია უმაღლესი განათლების სექტორში მთავარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. გამოწვევებს შორისაა: „1. უმაღლესი განათლების ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია; 2. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა; 3. უსისტემო საკადრო პოლიტიკა; 4. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა; 5. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის და 6. გაუმართავი დაფინანსების სისტემა“.

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია თითოეული გამოწვევის გადაჭრის გზა, შემუშავებული სამთავრობო კომისიის მიერ, მათი სავარაუდო მიზანი და შედეგები. ამასთანავე, შეფასებულია ამ კონცეფციის თავსებადობა როგორც ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში (EHEA) მოქმედ ბოლონიის პროცესთან, ასევე, საქართველოს კანონმდებლობასა და ქვეყნის გაცხადებულ მიზანთან, გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი.

 

გამოწვევა 1: ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია

კონცეფციაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელებულია თბილისში უნივერსიტეტების ჭარბი კონცენტრაცია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ პრობლემის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ორი საგანმანათლებლო კერა ჩამოყალიბდეს - თბილისსა და ქუთაისში. გარდა ამისა, კონცეფციის თანახმად, ქვეყანაში განახლდება რეგიონული უნივერსიტეტები, რომლებიც შედარებით ვიწრო პროფილის იქნება და ძირითადად, პედაგოგიურ და აგრარულ მიმართულებებს შეითავსებს.

დედაქალაქის ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია მრავალი სოციალური ფაქტორით: მაგალითად, იმით, რომ ქვეყანაში, ბუნებრივად, ერთი ეკონომიკური ცენტრია - თბილისი, რომელიც, 2023 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 52%-ზე მეტს ფარავს. რეგიონულ განაწილებაში მეორე ადგილს იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის წილიც მშპ-ში 9.8%-ს შეადგენს - თბილისზე დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებს. ამგვარი განაწილება განპირობებულია სუსტი თვითმმართველობითა და ფისკალური დეცენტრალიზებით. რეგიონებიდან თბილისში მიგრაცია ხდება არაერთი, ძირითადად - ეკონომიკური და სოციალური - ფაქტორის გამო. ურბანიზაციის მაღალ მაჩვენებელს ვერ გადაჭრის განცალკევებულად განათლების რეფორმა, რომელიც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთი ქალაქიდან მეორეში ხელოვნურად მიგრირებას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ უნივერსიტეტების ხელოვნურად გახსნა რეგიონებში სოციოეკონომიკურ პროცესებს გაააქტიურებს, როგორც ეს კონცეფციაშია აღნიშნული, ეს ვერ იქნება უმაღლესი განათლების რეფორმის მიზანი. იგი შეიძლება იყოს თვითმმართველობის პოლიტიკის ან ფისკალური პოლიტიკის საგანი. პრობლემის გადაჭრის შემოთავაზებული გზა შეუსაბამოა გაცხადებულ მიზანთან - დეცენტრალიზაცია—დეკონცენტრაციასთან - იმიტომაც, რომ თავად საშუალება  ამ მიზანს ეწინააღმდეგება. დეცენტრალიზება თავის თავში გულისხმობს თვითმმართველობის გაძლიერებას,  ცენტრიდან ძალაუფლების რეალურ დელეგირებას, რაც  ვერ მიიღწევა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის იმის განსაზღვრით, თუ სად რომელი მიმართულება უნდა ისწავლებოდეს.

თუ რეფორმის რეალური მიზანია განათლების დეცენტრალიზაცია—დეკონცენტრაცია, ამით ხელმისაწვდომობის გაზრდა და ასევე, ურბანიზაციის პრობლემის შემსუბუქება, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ რეალურ პოლიტიკურ და ფისკალურ დეცენტრალიზებასთან ერთად. ქალაქებს ან, თუნდაც, რეგიონებს შორის კონკურენცია, რომელიც დეცენტრალიზების პირობებში ბუნებრივად იარსებებს, გააჩენს სხვადასხვა, მათ შორის, საგანმანათლებლო კერების შექმნის აუცილებლობას. ამის კარგი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ქალაქი ბოსტონი, რომელიც, დროთა განმავლობაში, საუნივერსიტეტო ქალაქად იქცა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სტიმულებით და დღეს ბოსტონში არსებულ უნივერსიტეტებს მნიშვნელოვანი როლი აქვს შტატის ეკონომიკაში. დამოუკიდებელი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ასოციაციის (AICUM), რომელიც მასაჩუსეტსის შტატში მოქმედ 59 უნივერსიტეტსა და კოლეჯს აერთიანებს, 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, AICUM-ის წევრი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების საერთო ეკონომიკური გავლენა შტატზე შეადგენს დაახლოებით 71.1 მილიარდ დოლარს წელიწადში. უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი 320 000-ზე მეტია.

შეჯამებისთვის, ეს პრობლემა ვერ იქნება გამოწვევა უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რადგან კონცეფციაში გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, აშკარაა, რომ ის მიემართება დედაქალაქის განტვირთვას და არა - განათლების რეფორმაში დასახელებული რომელიმე კონკრეტული პრობლემის გადაჭრას.

ასევე, კონცეფციაში არ წერია, რომ ეს რეფორმა განათლებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, ან ცალკეულ რეგიონებში განათლების ხარისხს გააუმჯობესებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ  დავუშვებთ, რომ არსებულ ჩანაწერში ეს მიზანი იგულისხმება, მაინც ბუნდოვანია, როგორ გაიზრდება ხელმისაწვდომობა და როგორ განვითარდება რეგიონული განათლება იმ პირობებში, თუ: ა) უნივერსიტეტები კვლავ მხოლოდ ორ ქალაქში (ამ შემთხვევაში, თბილისსა და ქუთაისში) განთავსდება; ბ) რეგიონულ უნივერსიტეტებს სახელმწიფო თავად განუსაზღვრავს პროფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში სხვა პროფილის მსურველი სტუდენტი კვლავ საგანმანათლებლო მიგრაციას მიმართავს (თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ აპირებს, რომ რეგიონული წარმომავლობის მიხედვით, აბიტურიენტს პროფესიაც თავად განუსაზღვროს და ამ ნაწილში, არჩევანის თავისუფლება ჩამოართვას).

 

გამოწვევა 2: რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში ხარისხის უთანაბრობა  - „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“, 3+1 მოდელი

კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება ერთ-ერთი გამოწვევაა. დუბლირებაში იგულისხმება მდგომარეობა, სადაც ბუნებრივი კონკურენციის პირობებში, მაგალითად სამართლის პროგრამა შეიძლება ჰქონდეს როგორც ილიას უნივერსიტეტს, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. კომისია ამ „გამოწვევას“ პრინციპი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტით“ ჭრის, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული მიმართულება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა განვითარდეს.

როგორც კონცეფციაშია აღნიშნული, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის დარგები „განაწილდება“ ამ უნივერსიტეტების ისტორიული მიმართულებების მიხედვით. თუმცა, აღნიშნული არ არის, საიდან აითვლის „ქართული ოცნება“ მათ ისტორიას. მაგალითისთვის, თითქმის ყველა სოციალური და ჰუმანიტარული დარგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარდა. გაურკვეველია, ამ კონცეფციის შედეგად, ხომ არ დაკარგავს ილიას ან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკრედიტებულ პროგრამებს და თსუ-ს ხომ არ შეერწყმება. მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა და განვითარდა თითქმის ყველა ტექნიკური მიმართულება - საინტერესოა, გულისხმობს, თუ - არა ეს იმას, რომ, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა, რომელსაც ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია აქვს მინიჭებული,  გაუქმდება და გადავა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც რეფორმის კონცეფცია ითვალისწინებს, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, ბაკალავრიატის სამ წლამდე და მაგისტრატურის ერთ წლამდე შემცირებაა. დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტებში სწავლების ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული უმაღლესი განათლების მიზნების შესაბამისად, მაგრამ არ წერია, არსებული სისტემა კონკრეტულად რომელ მიზანს ეწინააღმდეგება. ამჟამად მოქმედ სისტემაში განათლების სამინისტრო სწავლების ხანგრძლივობას პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუმცა ბოლონიის პროცესის კრედიტების სქემით ხელმძღვანელობს.

2005 წელს, როდესაც საქართველო ბოლონიის პროცესს შეუერთდა, განხორციელდა განათლების სისტემის არაერთი რეფორმა, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართული განათლების ევროპულ სისტემასთან დაახლოებას. მათ შორის იყო სამციკლიანი განათლების სისტემის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) დანერგვა, ECTS კრედიტების სისტემა (უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კრედიტების აღიარების უზრუნველმყოფი სისტემა), ხარისხის უზრუნველყოფის დამოუკიდებელი სისტემა, უნივერსიტეტების ავტონომია და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი მობილობა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შიგნით.

ამ რეფორმების კვალდაკვალ, უნივერსიტეტების ავტონომიურობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახდა.  ასევე, მიღებულია უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, ავტონომია არის: „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული პოლიტიკა“.  შესაბამისად, ბაკალავრიატის, ისევე, როგორც მაგისტრატურის ხანგრძლივობის შეზღუდვა არ შეიძლება იყოს მთავრობის მოქმედების სფერო. აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტების ავტონომია გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტმა თავად უნდა განსაზღვროს როგორც პროგრამის შინაარსი, ისე მისი ფორმა.

ბოლონიის პროცესმა დაადგინა მოქნილი სტრუქტურა, რომელშიც ბაკალავრიატი შეიძლება იყოს სამიდან ოთხ წლამდე (180-დან 240 ECTS კრედიტამდე), ხოლო მაგისტრატურა - ერთიდან ორ წლამდე (60-დან 120 ECTS კრედიტამდე). ევროპის უმეტეს ქვეყანაში დომინანტურია სამწლიანი ბაკალავრიატი, შეერთებული ორწლიან მაგისტრატურასთან, ანუ 3+2 მოდელი, რომელიც ჯუმურად 300 ECTS კრედიტს მოიცავს. (იხ. რუკა)

ყარო: ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ანგარიში, 2024. 55.
წყარო: ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ანგარიში, 2024. 55.                                                                                                 

ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის 2024 წლის იმპლემენტაციის ანგარიშის თანახმად, ევროპაში 120 ECTS კრედიტიანი ორწლიანი მაგისტრატურა EHEA-ის აბსოლუტურად ყველა წევრი ქვეყნის განათლების სისტემის ნაწილია და წარმოადგენს სტანდარტს. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, გავრცელებულია ოთხწლიანი ბაკალავრიატი და ერთწლიანი მაგისტრატურა (4+1 მოდელი), თუმცა ჯამური ECTS კრედიტების რაოდენობა აღწევს 300-ს (იხ. გრაფიკი 1).

წყარო: ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ანგარიში, 2024. 53.

ბოლონიის პროცესის ცენტრალური პრინციპია ავტომატური ურთიერთაღიარება, მაგრამ ეს მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემები თანხვედრილია ბოლონიის სტანდარტებთან, კრედიტების რაოდენობა შეესაბამება ევროპულ ნორმებს და აკადემიური ხარისხი და სტრუქტურა თავსებადია. ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ანგარიშებში აღნიშნულია ისიც, რომ სამწლიანი ბაკალავრიატის სტრუქტურის არასრულყოფილი იმპლემენტაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არაერთ ქვეყანაში. საქართველოში ამჟამად მოქმედი 4+2 მოდელი (240+120 ECTS = 360 ECTS) შემოღებულია სწორედ ამ მიზნით, რათა ხარისხის ავტომატური აღიარება გამარტივებულიყო.

ერთწლიანი მაგისტრატურა ევროპაში, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამკვიდრდა, როგორც გამონაკლისი და არა - როგორც წესი (იხ. გრაფიკი 2). მეტიც, საქართველოს შემთხვევაში, 3-წლიანი ბაკალავრიატისა და 1-წლიანი მაგისტრატურის ჯამი, რომელიც სულ 240 ECTS კრედიტს შეავსებს, ევროპული უნივერსიტეტების უმრავლესობაში ხარისხის აღიარების პრობლემებს ხელახლა გააჩენს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემა დაბრუნდება 20 წლით უკან, თითოეული ხარისხი შეფასდება ინდივიდუალურად, ევროპული უნივერსიტეტები მოითხოვენ დეტალურ ინფორმაციას და უკეთეს შემთხვევაში, სტუდენტს მოუწევს, დამატებით ECTS კრედიტების ან ე.წ. “ხიდი პროგრამების” (Bridge Programmes) გავლა, რაც აკადემიური ვაკუუმის შევსებას - დამატებითი კურსების დაფარვას გულისხმობს, ხოლო, უარეს შემთხვევაში, შესაძლოა სტუდენტს ხარისხი საერთოდ არ უღიარონ.

წყარო: ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ანგარიში, 2024. 54.

ამასთან, ერთწლიან მაგისტრატურაზე გადასვლა ზღუდავს ხარისხიანი დოქტორანტურისა და სამეცნიერო კვლევების შესაძლებლობას. 3+1 მოდელით გართულდება ისეთი კადრების მომზადება, რომლებიც, დოქტორანტურაში სწავლის პირობებში, შექმნიან კონკურენტულ სამეცნიერო პროდუქტს. მეტიც, საქართველოში ამჟამად გამონაკლის სპეციალობებზე აკრედიტებულია ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც მოიცავს არანაკლებ 60 ECTS კრედიტს, თუმცა ეს პროგრამები სტუდენტს არ აძლევს შესაძლებლობას, განათლების შემდეგ საფეხურზე - დოქტორანტურზე გადავიდეს. ამის მსგავსად, უნივერსიტეტების უმრავლესობა ევროპულ სადოქტორო პროგრამებზე, როგორც წესი, ითხოვს ორწლიან აკადემიურ მაგისტრატურას, სამაგისტრო ნაშრომს ან/და დარგში კვლევით გამოცდილებას.

საყურადღებოა ისიც, რომ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლების სამინისტრო გეგმავს მე-12 კლასის მოხსნასა და 11-წლიან სწავლებაზე გადასვლას. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში, საბაზისო ცოდნისა და უნარების მხრივ, რთული  სიტუაციაა, უნივერსიტეტების ნაწილში პირველი წელი, ფაქტობრივად, სრულად ეთმობა ზოგად განათლებასა და უნარების განვითარებას, რაც სასკოლო განათლების კომპეტენცია უნდა იყოს. მე-12 კლასის მოხსნა და უმაღლესი განათლების ამ ფორმით რეფორმირების კომბინაცია პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს. უნივერსიტეტებს შეუზღუდავს დროს, რომ სტუდენტს ხარისხიანი სპეციალიზებული ცოდნა მიაწოდოს. სამწლიან მოდელზე გადასვლა შესაძლოა ლოგიკური იყოს მას შემდეგ, რაც სკოლებში განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება და უნივერსიტეტში მისული სტუდენტი უკეთესად იქნება მომზადებული.

გამოწვევა 2-ის ფარგლებში, კონცეფცია ასევე ითვალისწინებს ხარისხის სისტემის გადახედვასაც. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტის გამაწონასწორებელი მექანიზმია, რომელიც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას ანიჭებს როგორც ავტორიზაციას, ისე პროგრამებზე აკრედიტაციას.  კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ხარისხის მართვის სისტემაში ჩარევა აუცილებელია, რათა სახელმწიფომ მოახერხოს პასუხისმგებლობის აღება ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომის ხარისხობრივ გათანაბრებაზე.

2005 წლიდან საქართველოში არსებობს ხარისხის განვითარების ცენტრი, რომელსაც როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, ისე მათი პროგრამების ხარისხის მონიტორინგი ევალება და განათლების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. შესაბამისად, ხარისხის მართვის სისტემაში ჩარევის არგუმენტი ვერ იქნება ის, რომ სახელმწიფომ დიპლომების ხარისხობრივ გათანაბრებაზე აიღოს პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს პასუხისმგებლობა მას აქამდეც ეკისრებოდა. თუ კონცეფციაში არ წერია, მაგრამ იგულისხმება ხარისხის არსებული სტანდარტების ცვლილება, დღეისთვის საქართველოში, ხარისხის უზრუნველყოფისთვის, მოქმედებს ევროპული სტანდარტები  (ESG სტანდარტები). ეს სტანდარტები შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და აუცილებელი წინაპირობაა ბოლონიის პროცესის წევრობისთვის. ამ მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები შესაძლოა კიდევ ერთი მიზეზი იყოს, რომელიც ბოლონიის პროცესთან თავსებადობას ხელს შეუშლის.

საბოლოოდ, კონცეფცია უნივერსიტეტებში რესურსების ოპტიმიზაციისა და ხარისხის გათანაბრების გზად წარმოაჩენს ისეთ სისტემას, რომელშიც მოსწავლე მიიღებს თერთმეტწლიან სასკოლო განათლებას, ისწავლის სამი წელი ბაკალავრიატზე და ერთი წელი - მაგისტრატურაზე, ჯამში, 3 წლით ნაკლებს - 15 წელს, მაშინ, როდესაც ევროპაში საშუალო და უმაღლესი განათლების ხანგრძლივობა, სტანდარტულად, 17-18 წელია. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს განათლების ხარისხის სისტემის გადახედვასაც. რეფორმის ამგვარი იმპლემენტაცია დრამატულად შეამცირებს სტუდენტების კონკურენტუნარიანობას, შექმნის დამატებით ბარიერებს ხარისხის აღიარებისთვის და გააუარესებს სწავლების ხარისხს.

 

გამოწვევა 3: უსისტემო საკადრო პოლიტიკა

კონცეფციის მიხედვით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა უნივერსიტეტების საკადრო პოლიტიკა, რომელიც, კომისიის შეფასებით, დღეს არანაირ წყობას ან ლოგიკას არ ეფუძნება. სამთავრობო კომისიის აზრით, აკადემიური პერსონალის ძირითადი ნაწილი იქნებიან სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორები, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებზე სწავლებასა და კვლევას უხელმძღვანელებენ, ასევე, უშუალოდ მათ დაქვემდებარებაში უნდა იყოს რამდენიმე ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს პროფესორებისთვის ხელფასის რამდენჯერმე გაზრდას.

პირველ რიგში, საკადრო პოლიტიკის სისტემური დაგეგმვა სამთავრობო კომისიის მიერ, ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის ავტონომიურობის განმარტებას და არის ადმინისტრაციულ მართვაში ჩარევა. მეორე მხრივ, საგანმანათლებლო სექტორში ანაზღაურება ნამდვილად დაბალია. 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2 212 ლარს შეადგენს, ხოლო განათლების სექტორში საშუალო ანაზღაურება თითქმის ორჯერ ნაკლებს - 1 367 ლარს. განათლების სექტორზე ნაკლები ანაზღაურება მხოლოდ „სხვა სახის მომსახურებაშია“, რომელიც მოიცავს საქმიანობის ყველა იმ სფეროს, რომლებიც ჩამოთვლილ სექტორებში არაა.

დაბალი ხელფასები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ერთ უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე მუშაობა და კვლევა აკადემიური პერსონალისთვის არ არის საკმარისი. კონცეფციაში არ არის განმარტებული, როგორ ან რის ხარჯზე გაიზრდება ხელფასები რამდენჯერმე. უცნობია ისიც, თუ რის საფუძველზე გამოთავისუფლდება ხარჯები ბიუჯეტიდან, ან რა სტიმულების მიხედვით განისაზღვრება ახალი ხელფასი.

ამასთან ერთად, სამთავრობო კომისიის მიერ შემოთავაზებული უნივერსიტეტების საკადრო პოლიტიკის მოდელი არსებითად იმეორებს იმ პრინციპებს, რომლებსაც პოლიტიკის მეცნიერები გრეტჩენ ჰელმკე და სტივენ ლევიცკი, არაფორმალური ინსტიტუტების კვლევისას, ცენტრალიზებული კარიერული კიბის მოდელის ლოგიკაში აღწერენ. მათი განმარტებით, არაფორმალური ინსტიტუტები იქმნება და ფუნქციონირებს ფორმალურ წესებს მიღმა, მაგრამ ხშირად სწორედ ისინი განსაზღვრავენ ძალაუფლების რეალურ განაწილებასა და გადაწყვეტილების მიღების წესებს.

კომისიის ხედვით, აკადემიური პერსონალის უმეტესობა უნდა იყოს სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორი, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტულ მიმართულებებს და მას დაქვემდებარებაში ჰყავს ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორები. ერთი პროფესორის გადაწყვეტილების სფეროში დაახლოებით 15 ადამიანი ექცევა, რაც ქმნის მკაფიო ვერტიკალურ იერარქიას. ასეთი სტრუქტურა მსგავსია იმ ცენტრალიზებული კარიერული კიბის მოდელისა, რომელსაც ალექსეი ტროჩევი აღწერს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინსტიტუტების ანალიზისას: სისტემა, სადაც დაწინაურება, ხელფასი და პროფესიული განვითარება დამოკიდებულია ზემდგომი რგოლის კეთილგანწყობაზე, აძლიერებს ლოიალობის მექანიზმს და აჩენს პატრონ-კლიენტელისტურ ურთიერთობებს.

საკადრო პოლიტიკის სისტემური დაგეგმვა ეწინააღმდეგება უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპსაც, ვინაიდან ადმინისტრაციულ ჩარევას წარმოადგენს. აკადემიური პერსონალის შიდა იერარქიაში ჩამოყალიბებული მმართველი პოზიცია ქმნის „ვერტიკალურობის განცდას“, რაც ხელს უწყობს არაფორმალური ინსტიტუტების გამყარებას ფორმალური ჩარჩოს შიგნით. შესაბამისად, შემოთავაზებული მოდელი არა მხოლოდ არ ამცირებს არაფორმალური დამოკიდებულებების რისკს, არამედ შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ცენტრალიზებული კონტროლი აკადემიურ სივრცეში.

 

გამოწვევა 4: სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა

კონცეფციაში საუბარია კიდევ ერთ გამოწვევაზე, რომლის მიხედვითაც, განცალკევებით არსებული სამეცნიერო კვლევის დაფინანსების სისტემა საუნივერსიტეტო განათლებას სათანადოდ არ უკავშირდება. აკადემიურ პერსონალს არ აქვს განსაზღვრული მკაფიო ამოცანები საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში, სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების მომზადებაში. შედეგად, უმეტეს უნივერსიტეტებს არ აქვს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები და სახელმძღვანელოები.

კონცეფციის მიხედვით, უნდა დაინერგოს კვლევის ახალი დაფინანსების სისტემა და შეიქმნას ახალი სახელმძღვანელოები ყველა ძირითად და არჩევით საგანში, რომელთა მომზადებაშიც მთავარი როლი მიენიჭება სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს.

კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ამოცანები, ისევე, როგორც კვლევა და სწავლების მიმართულებების განსაზღვრა, უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლების ნაწილია და არ უნდა იყოს მთავრობის განსჯის საგანი. ამასთან, კონცეფციიდან ცხადად არ იკითხება, თუ როგორ პასუხობს იდენტიფიცირებულ პრობლემას  გადაჭრის შემოთავაზებული გზა  - მაგალითად, როგორ მოაგვარებს კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხედვასთან დაკავშირებულ პრობლემებს? ასევე, მართალია განათლების კონცეფციის დოკუმენტის ნაწილი ვერ იქნება საკითხის ირგვლივ ჩატარებული მოკვლევა, თუმცა, საინტერესოა, როდესაც სწავლებისა და კვლევის საგნების დაახლოებაზეა საუბარი, არსებობს, თუ - არა საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, კვლევა და ინოვაცია სტანდარტიზებული სახელმძღვანელოების შექმნამ წაახალისა.

სტანდარტიზებული სახელმძღვანელოების შექმნა, მიუხედავად მისი ფორმალური მიზნისა, კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც ცოდნა გადაცემის პარალელურად იქმნება. სხვადასხვა დისციპლინაში სწავლების შინაარსი არ შეიძლება იყოს სტატიკური: მაგალითად, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ცოდნა კონტექსტურია და დამოკიდებულია თეორიულ პერსპექტივებსა და ინტერპრეტაციულ მრავალფეროვნებაზე, ხოლო ტექნიკურ მიმართულებებზე ეს პრობლემა თვალსაჩინოა მეტად პრაქტიკული მიზეზების გამო - სახელმძღვანელობის წერისა თუ თარგმნის პროცესი, ფაქტობრივად, ვერ ეწევა დარგის განვითარების ტემპებს. ამასთან, მსგავსი მიდგომა, განათლებას აქცევს კონკრეტულ გეოგრაფიულ და დროით ჩარჩოში, ვინაიდან, ცოდნის შექმნა უწყვეტი პროცესია, საერთაშორისო ლიტერატურა და მიგნებები მუდმივად ახლდება და მათზე კონკრეტული ადამიანის წვდომა, შეზღუდულ დროში, სასრულია.

 

გამოწვევა 5: სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის

კონცეფციაში ერთ-ერთ გამოწვევად დასახელებულია, რომ უმაღლესი განათლების სისტემა და უნივერსიტეტები ვერ პასუხობენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამით იხსნება უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში. კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტები სრულად უნდა მუშაობდეს სახელმწიფო დაკვეთაზე. უფრო კონკრეტულად, ამ პრობლემის გადასაჭრელად, შრომის ბაზრის კვლევას თავად განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები წარმართავენ, კერძო სექტორის ჩართულობით და უნივერსიტეტებს განუსაზღვრავენ სტუდენტების მიღების ლიმიტებს. კონცეფციაში არ არის აღნიშნული  ბაზრის კვლევის მასშტაბები, ასევე, არ არის ნახსენები, მიიღებენ, თუ - არა სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები პროცესში რაიმე ფორმით მონაწილეობას.

თუ რეფორმის მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებაა, მოქმედი ხარისხის სტანდარტები ბაზრის კვლევას ითვალისწინებს და როდესაც უნივერსიტეტი კონკრეტული პროგრამის აკრედიტაციის განაცხადს აკეთებს, ერთ-ერთი ვალდებულება ამ მიმართულებით შრომის ბაზრის გამოკვლევაა. ეს კვლევა ქმნის წარმოდგენას საბაზრო მდგომარეობაზე. შესაბამისად, ინფორმაცია ამის შესახებ უკვე არსებობს. კვლევის ცენტრალიზებულ მოდელზე გადასვლა, შემდგომ კი, ამის საფუძველზე უნივერსიტეტებში კვოტების დადგენა არსებითად ამცირებს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას და ემსგავსება საბჭოთა ტიპის განათლების მოდელს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს შეეძლო, განესაზღვრა ნებისმიერი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური საჭიროება.

საბჭოთა მოდელთან მსგავსება ჩანს ინტერდისციპლინარულობის პრინციპის უარყოფითაც. აკადემია თავის თავში აერთიანებს როგორც ცოდნის შექმნის, ისე მისი გადაცემის პროცესს. სრულფასოვანი აკადემია ვერ იქნება ისეთი, სადაც ცოდნა მხოლოდ გადაიცემა და არ იქმნება. სწორედ ამ მიზეზით, უნივერსიტეტები დასაბამიდანვე, ბუნებრივად ირჩევდნენ ჰოლისტურ მიდგომას, რასაც, მოგვიანებით, ინტერდისციპლინურობის პრინციპი დაეფუძნა. მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზე არიან როგორც აკადემიური საქმიანობით, ისე სწავლების ხარისხით, სწორედ იმით გამოირჩევიან, რომ ისინი სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო პროგრამებს და აერთიანებენ სხვადასხვა დარგს, რაც უზრუნველყოფს ინტერდისციპლინარულ კვლევებს და ინოვაციურ განათლებას. ეს გულისხმობს ისეთი სფეროების დაახლოებას, რომლებსაც თეორიულად, ძალიან ცოტა გადაკვეთის წერტილი უნდა ჰქონდეთ. ამგვარი თანამშრომლობის შედეგებია არა მხოლოდ, სიმბიოზური პროდუქტები, არამედ, მეცნიერებაში ახალი ცოდნებისა და დარგების შექმნაც.

 

გამოწვევა 6: გაუმართავი დაფინანსების სისტემა

კონცეფციის მიხედვით, არსებული საგრანტო სისტემა უნდა გადაიხედოს და სრულად უნდა ჩანაცვლდეს სახელმწიფო დაკვეთაზე ორიენტირებული პირდაპირი დაფინანსებით. კონცეფციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორი იქნება პირდაპირი დაფინანსების სქემა, გაიზრდება, თუ - არა უნივერსიტეტების ფასი, თუკი აღარ იქნება საგრანტო/ვაუჩერული სისტემა, როგორ შეიცვლება უნივერსიტეტებში ჩარიცხვის სქემა. მოქმედი ვაუჩერული სისტემა, მიუხედავად ნაკლოვანებებისა (რომლებიც, ძირითადად, მის სიმბოლურ ღირებულებასა და ჰომოგენურობას უკავშირდება), უზრუნველყოფდა კონკურენციის მინიმალურ სტანდარტს. ერთი მხრივ, აბიტურიენტს უზრდიდა მოტივაციას, ეროვნულ გამოცდებში მიეღო რაც შეიძლება კარგი შეფასება და მოეპოვებინა სახელმწიფო დაფინანსება, მეორე მხრივ კი, მოტივაცია იყო უნივერსიტეტისთვისაც, მუდმივად ეზრუნა ხარისხის გაუმჯობესებაზე, რათა რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მოეზიდა. ეს იყო უნივერსიტეტების რეპუტაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცვლადიც.

2024-25 სასწავლო წლის მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებლებში სულ 187 800 სტუდენტია ჩარიცხული. სტუდენტების 42% კერძო უნივერსიტეტებში სწავლობს. კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ეს განპირობებულია იმით, რომ არსებული ვაუჩერული სისტემა, რომელიც სტუდენტებს კერძო უნივერსიტეტებშიც მიჰყვება, უზრუნველყოფს როგორც ხელმისაწვდომობას, ისე სტუდენტის არჩევანს. კონცეფციით, რომლითაც დაფინანსება სტუდენტზე მიბმული აღარ იქნება და სრულად სახელმწიფოს მიზნებით განისაზღვრება, უნივერსიტეტებისთვის მიზიდულობის ცენტრი შეიცვლება. ცვლილების შემდეგ, განათლების სამინისტროს ხელში იქნება მთავარი - ფინანსური ბერკეტი, რადგან უნივერსიტეტი დამოკიდებული იქნება არა სტუდენტზე, არამედ განათლების სამინისტროს დაფინანსებაზე.

დაფინანსების მოდელის ცვლილებით, იცვლება ურთიერთობის ფორმაც. ახალ მოდელში სტუდენტის ინტერესი აღარ იკვეთება. თეორიულად, სტუდენტს, იმის გამო, რომ ერთ ქალაქში კონკრეტული მიმართულება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება, კერძო უნივერსიტეტში კი საგრანტო დაფინანსება აღარ გაჰყვება, შეიძლება გადაწყვეტილების მიღების სივრცეც კი შეეზღუდოს. სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული ადგილების გამო, მას  შესაძლოა მოუწიოს ა) სხვა ქალაქში ჩაბარება; ბ) სურვილის საწინააღმდეგოდ, სხვა მიმართულების არჩევა. გამოდის, რომ სახელმწიფოს, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის არსებული მიმართება - სამკუთხედი - ფაქტობრივად, გადადის ორაქტორიან ურთიერთობაზე სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის, ხოლო სტუდენტი ამ ურთიერთობის აქტიური მონაწილე აღარ არის.

სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავრობაზე ფინანსურ დამოკიდებულებას გაზრდის უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვაც. ამ უნივერსიტეტების დამოუკიდებელი შემოსავლის უდიდეს ნაწილს კი სწორედ უცხოელი სტუდენტების მიღება უზრუნველყოფს.  კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. ეს მიდგომა პრობლემურია როგორც ფინანსური, ისე აკადემიური თვალსაზრისით. უცხოელი სტუდენტები, ფაქტობრივად, აფინანსებენ ქართველი სტუდენტების განათლებას - მათგან მიღებული თანხით შესაძლებელი ხდება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო უნივერსიტეტების ღირებულება არ გაიზარდოს მაშინ, როდესაც სხვა სექტორებში ფასები ძალიან სწრაფად იზრდება.

უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა სწავლას გაუძვირებს ქართველ სტუდენტებს, ვინაიდან უნივერსიტეტები ვეღარ შეძლებენ, უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული შემოსავლით დააკომპენსირონ გაცილებით მაღალი ღირებულების სერვისი, რომელსაც ქართველ სტუდენტებს 2 250 ლარად აწვდიან. შესაბამისად, თეორიულად, რჩება ორი გზა - ფასის მნიშვნელოვანი ზრდა ან ხარისხის გაუარესება. ეს მიდგომა ასევე ეწინააღმდეგება გლობალური მობილურობისა და ინტერნაციონალიზაციის ევროპულ პრინციპებს, რომელთა დაცვაც ბოლონიის პროცესის წევრობის ერთ-ერთი პირობაა.

 

როგორ უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაცია უმაღლესი განათლების რეფორმას?

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ დღის წესრიგიდან იღებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. 2028 წლის ბოლოსთვის კი საქართველო მზად იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად, ხოლო 2030 წელს - ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კობახიძის განმარტებით, მმართველ პარტიას უნდა გაეგრძელებინა ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და 2028 წლისთვის, ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული უნდა იყოს.

ასოცირების შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმდა, წარმოადგენს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზამკვლევს. იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და საბოლოოდ, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ვიზალიბერალიზაციის მსგავსად, 2012 წელს, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოლაპარაკებები დაიწყო, ევროკომისიამ საქართველოს გადასცა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელთა შესრულების შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლასა და მასთან დაკავშირებულ სიკეთეებზე წვდომა გაუჩნდათ.

ანალოგიურად, ბოლონიის პროცესში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს მოქალაქე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა მიეცათ. მაგალითად, Erasmus+-ის ერთ-ერთი პროექტის, „საერთაშორისო კრედიტების მობილობის“, ფარგლებში, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა და რამდენიმე წელია, პროგრამაში მონაწილე 141 სახელმწიფოს შორის, პირველ ათეულშია. 2020 წლის მონაცემებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოდან ევროპულ უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებზე 6 500-ზე მეტი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი წავიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლიდან 2025 წლამდე უცხოეთში განათლების მისაღებად 6 400-ზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა.

ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, კონცეფცია შესაძლოა არ არღვევდეს ბოლონიის პროცესის ტექნიკურ მოთხოვნებს, როგორებიცაა კრედიტების სისტემა ან 11-წლიანი ზოგადი განათლება, თუმცა კონცეფცია ერევა უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებაში, ზღუდავს განათლების ინტერნაციონალიზაციის უფლებას და ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესის სულისკვეთებას. 2022 წელს, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის წევრობა შეუჩერეს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ღირებულებების, მათ შორის, აკადემიური თავისუფლების, უნივერსიტეტების ავტონომიისა და ცოდნის თავისუფალი მიმოცვლის პრინციპების უხეში დარღვევა იყო. მეტიც, ბოლონიის პროცესში რუსეთის მონაწილეობის მიზანშეწონილობა უკვე განიხილებოდა დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებისა და აკადემიური თავისუფლებების მასობრივი შეზღუდვის ფონზეც.

რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, შეთანხმების 358-360 მუხლების მიხედვით, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ განათლება დაუახლოვოს ევროკავშირის განათლების სისტემას; ბოლონიის პროცესის პრინციპების შესაბამისად, ხელი შეუწყოს უმაღლეს განათლებაში ხარისხის ზრდას; წაახალისოს და გააძლიეროს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა და სტუდენტთა მობილობა და უზრუნველყოს ხარისხის აღიარების პროცესის გამარტივება.

განათლების კონცეფცია, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების ნაცვლად, მასთან გვაშორებს; ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს და ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს, ერევა უნივერსიტეტების ავტონომიურობასა და აკადემიურ თავისუფლებაში; საერთაშორისო მობილობის გაძლიერების ნაცვლად, ქმნის ხელოვნურ ბერკეტებს, რომლებიც სტუდენტებსა და აკადემიურ ჯგუფებს ევროპულ უნივერსიტეტებში ხარისხის აღიარებას გაურთულებს.

შესაბამისად, ჩნდება სამართლიანი კითხვა: თუკი ევროკავშირთან მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია და „ქართული ოცნება“ 2028 წელს მოლაპარაკებების გახსნას განიხილავს, მანამდე კი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს, რატომ არის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია მიმართული ევროპული სივრცისგან დისტანცირებისკენ, ქვეყნის კონსტიტუციისა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებული ნების მიუხედავად, რომ საქართველო ევროპულ სივრცეში სრულად ინტეგრირდეს?!

 

შეჯამება

სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და განათლების ექსპერტების ჩართულობის გარეშე, სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, აჩენს არაერთ შეკითხვას, მის რეალურ მიზანთან დაკავშირებით. კონცეფციაში დაუსაბუთებელია ცვლილების ამ ფორმით განხორციელების საჭიროება და არაერთ შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, წარმოშობს დამატებითი პრობლემების რისკებს.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია ჯერ - კანონპროექტად, შემდეგ კი კანონად იქცევა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა დაბრუნდება რამდენიმე დეკადით უკან, ცენტრალიზებულ განათლების მოდელზე, რომელშიც სახელმწიფოს მიერ კონტროლდება როგორც სწავლების ფორმა, ისე შინაარსი, სტუდენტების როლი დაკნინებულია და აკადემიური თავისუფლება არ არის დაცული. თუ ეს კონცეფცია სრულად განხორციელდება, ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ევროპულ აკადემიურ სივრცეს და სტუდენტებს შეეზღუდებათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული, ხარისხიანი განათლება.

რეფორმის კონცეფცია ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, უნივერსიტეტების ავტონომიასთან დაკავშირებით, ისე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ბოლონიის პროცესის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს უნივერსიტეტების გარანტირებულ უფლებას, თავად განსაზღვრონ თავიანთი აკადემიური პროფილი, საგანმანათლებლო პროგრამები, საკადრო პოლიტიკა და კვლევითი მიმართულებები.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თინათინ ნიკოლეიშვილი