პუბლიკაციები

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ერევანში: სომხეთის ევროპეიზაციის პერსპექტივები და სტრატეგიული დაბალანსება

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მერვე სამიტი, დევიზით - „მომავლის მშენებლობა: ერთობა და სტაბილურობა ევროპაში“ - 2026 წლის 4 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. EPC უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს შეიქმნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იდეა პირველად 2022 წლის „ევროპის დღეს“ გააჟღერა და განაცხადა, რომ ევროპას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ სტრუქტურირების ახალი გზა სჭირდებოდა. მისი ძირითადი მიზანია პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის ფორუმის უზრუნველყოფა და ევროპული ქვეყნების გაერთიანება საერთო პრობლემების ირგვლივ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, დამფუძნებელი ხელშეკრულება, ინსტიტუციური თუ საბიუჯეტო რესურსები და მისი სამიტები, ფორმალური დასკვნების ნაცვლად, პირდაპირ დიალოგს ემყარება. წლევანდელ სამიტამდე EPC-ის შეხვედრები უკვე გაიმართა საფრანგეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთში, ალბანეთსა და დანიაში. 

4 მაისის სამიტს თანათავმჯდომარეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. შეხვედრაზე 40-ზე მეტმა სახელმწიფო და მთავრობის ლიდერმა დემოკრატიული მდგრადობის, კავშირგაბმულობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისათვის საჭირო საკითხები განიხილა. აღნიშნული სამიტი ისტორიული იყო რამდენიმე მიზეზის გამო: ეს გახლდათ EPC-ის პირველი სამიტი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გაიმართა; აღნიშნული შეხვედრა წინ უძღოდა ევროკავშირ-სომხეთის ორმხრივ სამიტს, რომელიც ასევე ისტორიაში პირველად ჩატარდა. 

ამასთან, რვა წლის შემდეგ პირველად გაიმართა საფრანგეთის სახელმწიფო ვიზიტი ერევანში და ჩატარდა ყოველწლიური ფორუმი - „ერევნის დიალოგი“ – საერთაშორისო ფორუმი, რომელიც აერთიანებს მთავრობის წარმომადგენლებს, კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებს, რათა განიხილონ გლობალური და რეგიონული მასშტაბის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები. როგორც პრეზიდენტმა კოსტამ აღნიშნა, EPC იყო ერთ-ერთი საწყისი პლატფორმა, რომელმაც  სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესები უზრუნველყო და 4 მაისის შეხვედრამაც დაადასტურა, რომ ევროპა მზადაა, იმუშაოს სომხეთთან და რეგიონთან მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რაც მდგრად დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მყარ ეკონომიკურ კავშირებს უნდა დაეყრდნოს. წინამდებარე სტატია აანალიზებს, თუ რას ნიშნავს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ერევანში სომხეთისა და სამხრეთ კავკასიისთვის და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან სომხეთის ევროპეიზაციასა და ერევნის მოსკოვთან ე.წ. „ცივილურ განქორწინებაზე“? 

 

რა განცხადებები გაკეთდა სამიტზე სომხეთსა და სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით? 

2026 წლის 4 მაისს ერევანში გამართულ EPC-ის სამიტს, ევროკავშირის სახელმწიფო ლიდერებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები ესწრებოდნენ.

ერევნის სამიტის დღის წესრიგი სცდებოდა მხოლოდ რეგიონულ კონტექსტს და მოიცავდა ისეთ ფართო ევროპულ გამოწვევებს, როგორებიცაა ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირება, დემოკრატიული მედეგობის გაძლიერება და მწვანე ტრანზიციის პირობებში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა მასპინძელი ქვეყნისთვის ეს ფორუმი უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ დემონსტრაციად იქცა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ ხაზი გაუსვა სამიტის ისტორიულ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ „სომხეთი ევროპის გულში იმყოფება, სწორედ იმ ადგილას, რომელსაც სომხეთი მიეკუთვნება“.

დასავლელმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ სამიტი უნდა იქცეს კონკრეტული ქმედებების დამაჩქარებლად, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ მდგრადობასა და რეგიონულ უსაფრთხოებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განსაკუთრებით შეაქო სომხეთის მცდელობები, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენაზე დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ქვეყანა შთამბეჭდავად გარდაიქმნა მშვიდობისა და ევროპული ღირებულებების მიმართულებით. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ევროპელმა ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიაზე, როგორც კონტინენტური მიწოდების ჯაჭვებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან ჰაბზე. 

სამიტის განმავლობაში არაერთმა ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იმედი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი, მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესახებ. მათი შეფასებით, რეგიონული სტაბილურობა და ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია.

EPC-ის სამიტს მალევე მოჰყვა პირველი ევროკავშირ-სომხეთის ორმხრივი სამიტი, რომელზეც ხელი მოეწერა ევროკავშირ-სომხეთის კავშირგაბმულობის პარტნიორობის შეთანხმებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროებში. 

თავის გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიისა და სუვერენიტეტისადმი. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირ-სომხეთის პირველი სამიტის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს მათი „უნიკალური“ პარტნიორობის ახალ დონეზე აყვანას ოთხი ძირითადი მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, მან ყურადღება გაამახვილა კავშირგაბმულობასა და დაკავშირებადობაზე და პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ზღვაზე გასასვლელის არმქონე სომხეთის ინტეგრაციას ისეთ რეგიონულ სატრანსპორტო ქსელებში, როგორიცაა „ტრანსკასპიური დერეფანი“; ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ინიციატივას - „მშვიდობის გზაჯვარედინი“. მეორე პრიორიტეტად ფონ დერ ლაიენმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება დაასახელა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების დახმარებასა და უცხოური ჰიბრიდული საფრთხეებისა თუ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. მესამე მიმართულებად გამოიყო ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დაახლოებას. და ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოკვეთა მუდმივი ეკონომიკური მხარდაჭერა, მათ შორის, მდგრადობისა და ზრდის 270-მილიონევროიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელოვნური ინტელექტისა და მწვანე ენერგიის სექტორების განვითარებას და უზრუნველყოფს აუცილებელ დახმარებას ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. 

 

რუსეთის პოზიცია სომხეთის პროევროპულ განცხადებებზე

სამიტიდან რამდენიმე დღეში, 11 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და რუსეთის „ცივილიზებულ განქორწინებაზე“ ისაუბრა. ერევნის ევროკავშირთან დაახლოების სურვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პუტინმა განაცხადა, რომ სრულიად ლოგიკური იქნებოდა სომხეთში რეფერენდუმის ჩატარება, რათა მოსახლეობას საკითხთან მიმართებით თავისი აზრი გამოეხატა. პუტინის თქმით, მოსკოვიც თავის არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებდა და „განქორწინების უმტკივნეულო, ცივილიზებულ და ორმხრივად მომგებიან  გზაზე“ წავიდოდა. თუმცა იმას, რომ აღნიშნული „დაპირება“ ზედაპირული და მოჩვენებით იყო, მოწმობს თავად პუტინის განცხადება, თითქოს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მოჰყვა სწორედ კიევის მცდელობას, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში.

ერთი შეხედვით ანგარიშგასაწევი წინადადება, რეალურად, სრულიად განსხვავებულ მიზანს ემსახურებოდა. ის გამოხატავდა კლასიკურ „რბილ მუქარას“, რომელიც შეფუთული იყო დათმობის ენით, მაგრამ გაფრთხილებად ჟღერდა: თუ სომხეთი ევროკავშირისკენ სწრაფვას გააგრძელებს, რუსეთი თავის არჩევანს გააკეთებს, რაც შეიძლება გულისხმობდეს საციცოცხლო ენერგეტიკული ბერკეტების ამოქმედებას, სავაჭრო ბლოკადასა და „ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან“ სომხეთის გარიცხვას. აღნიშნული ბერკეტის ამოქმედებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ რუსეთის „როსსელხოზნადზორმა“ (რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) 2026 წლის 30 მაისიდან აკრძალა ბოსტნეულის იმპორტი სომხეთიდან რუსეთში. რუსეთი, მრავალი წელია, რაც აკრძალვის მეთოდს იყენებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებთანაც ურთიერთობები უარესდება.

ამასთან, უკრაინის პარალელის აქცენტირებით, პუტინმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ შესაძლოა, დასავლური კურსისთვის სომხეთმა სამხედრო ესკალაციითა და სუვერენიტეტის დაკარგვით გადაიხადოს. რეფერენდუმის იდეა კი პირდაპირი ჩარევა იყო სომხეთის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მიზნად ისახავდა საზოგადოებაში შიშის დათესვას, პრორუსული ოპოზიციის გააქტიურებასა და არა - რაიმე დემოკრატიული პროცესების წახალისებას. 

ამრიგად, კრემლი ცდილობს, რეფერენდუმის იდეა გამოიყენოს არა დემოკრატიული ნების გამოვლენისთვის, არამედ საზოგადოების პოლარიზაციისთვის, სადაც არჩევანი ფორმულირებული იქნება, როგორც „მშვიდობა რუსეთთან თუ ომი დასავლეთის გამო“. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური ტექნიკა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დათესვასა და პროდასავლური ძალების დესტაბილიზაციას.

ფაშინიანმა პასუხად განაცხადა, რომ სომხეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმი არ იგეგმება და არ ეთანხმება პუტინის ფორმულირებას „განქორწინების“ შესახებ. მისი თქმით, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ქორწინებას არ უნდა შევადაროთ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს რუსეთის ინტერესების დაზიანების მიზანი არ აქვს, თუმცა ქვეყანა გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და იმავდროულად, მოსკოვთან პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს შეინარჩუნებს. მისი თქმით, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები იცვლება, თუმცა პუტინთან დიალოგი კვლავ მშვიდ, პატივისცემით სავსე და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ გარემოში მიმდინარეობს.

რამდენიმე თვით ადრე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება გაერთიანების სტანდარტების მიღების გარეშე; შესაბამისად, სომხეთის მიზანია, გააგრძელოს რეფორმები და ობიექტურად შეასრულოს ევროკავშირის კრიტერიუმები, მიუხედავად იმისა, მიიღებს, თუ - არა საბოლოოდ სომხეთს ევროკავშირი.

 

სომხური ოპოზიციის პოზიცია სამიტზე

EPC-ის სამიტს სომხეთში ოპოზიციის მწვავე კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. სომხურმა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ერთობლივი მიმართვით მოუწოდეს ევროპელ ლიდერებს, გამოხმაურებოდნენ მთიანი ყარაბაღის სომხური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების საკითხს და მხარი დაეჭირათ იძულებით გადაადგილებული სომხების დაბრუნების უფლებისთვის. „არცახის ეროვნული ასამბლეის“ წევრმა მეტაქსე ჰაკობიანმა სამიტი შეაფასა სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევად, რაც დიპლომატიური ენით იყო შეფუთული. ოპოზიციის ერთ-ერთი გზავნილი იყო ის, რომ თუ EPC მთიანი ყარაბაღის საკითხს უკანა ფონზე გადასწევდა, გაჩნდებოდა ევროპული ინსტიტუტების მიმართ სომხების ნდობის შერყევის რისკი. ისინი ევროპელ ოფიციალურ პირებს ადანაშაულებდნენ ჰუმანიტარულ საკითხებზე წინ რეგიონული ნორმალიზაციის დაყენებასა და ფაშინიანის მხარდაჭერაში. აღნიშნული ბრალდება უარყო ევროკავშირის ელჩმა სომხეთში ვასილის მარაგოსმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არა - რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ აქტორს. 

ანალოგიურად, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ბლოკმა „სომხეთის ალიანსმაც“ დაადანაშაულა სომხეთის ხელისუფლება იმაში, რომ ევროპულ მხარდაჭერას, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვის ნაცვლად, საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა. ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა საკითხს უფრო ეკონომიკური კუთხით შეხედა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა სომხეთს სერიოზული ზიანი მიაყენოს. მისი თქმით, ევროპული ინტეგრაციის პროცესი არარეალისტურად მიმდინარეობს და „ევროპაში მათ არავინ ელოდება“. მისი პარტია ამჟამად გამოკითხვებში 10 პროცენტს ფლობს, რითაც ის მეორე ყველაზე პოპულარული ძალაა, მმართველი პარტიის შემდეგ.

 

აზერბაიჯანის პოზიცია სამიტზე 

სამიტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ფიზიკურად არ დასწრებია - შეხვედრაში ვიდეოკავშირით მონაწილეობდა. ალიევმა გამოსვლის დასაწყისში ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ 2025 წელს ტირანაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ კოსტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლეიენთან შეხვედრისას, სომხეთში სამიტის გამართვის იდეას მხარს უჭერდა და სანაცვლოდ, ბალანსის შენარჩუნების მიზნით, ერთ-ერთი მომდევნო სამიტის ბაქოში ჩატარება მოითხოვა, რასაც სომხეთიც დაეთანხმა. ალიევმა სამიტზე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება „რეალობად" წარმოაჩინა და ხაზი გაუსვა, რომ ბაქომ ცალმხრივად მოხსნა ყველა შეზღუდვა, ხოლო სომხეთში 12 000 ტონა საწვავი - ბენზინი და დიზელი - უკვე გადაიზიდა. 

თუმცა ალიევის გამოსვლა, ერთი მხრივ, სამშვიდობო სიგნალს ატარებდა, მეორე მხრივ კი, ევროპული ინსტიტუტების კრიტიკას მოიცავდა. ალიევმა განაცხადა, რომ 2021-2026 წლებში ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია „სიცრუითა და ცილისწამებით სავსე“. ბოლო მათგანი - სამიტამდე სულ 4 დღით ადრე, 30 აპრილს. ამ რეზოლუციის საპასუხოდ, 1-ელ მაისს, აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ხმა მისცა ევროპარლამენტთან ყველა ურთიერთობის გაწყვეტასა და „ევრონესტის“ სტრუქტურიდან გასვლის პროცესის დაწყებას.

სომხეთის სამიტიდან რამდენიმე დღეში, 10 მაისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMA) სოხეთის საზღვრის გასწვრივ ყოფნა კვლავ გააკრიტიკა (იხ. სტატია აზერბაიჯანის პოზიციაზე EUMA-ს შესახებ). მისი თქმით, ევროკავშირი ისე იქცევა, „თითქოს სომხეთს ჩვენგან [აზერბაიჯანისგან] იცავდნენ.“ პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთის აზერბაიჯანისგან დაცვის „არანაირი საჭიროება“ არ არსებობს. მან ხაზგასმით დასძინა, რომ მათ უკვე მიაღწიეს იმას, რაც სურდათ.

 

სად დგას სომხეთი ახლა?

დღევანდელი სომხეთი შიდა და საგარეო პოლიტიკის გადამწყვეტ გზაჯვარედინზე დგას. ერთი მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანა ეტაპობრივად დააახლოოს ევროკავშირთან, გააღრმაოს თანამშრომლობა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში და დემოკრატიული რეფორმების გზით დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს ხელისუფლების განცხადებები, რომ სომხეთი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების შესრულებას გააგრძელებს მაშინაც კი, თუ საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივა ბუნდოვანი დარჩება. 

მეორე მხრივ, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკური ნებით არ განისაზღვრება და მას თან ახლავს როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური შეზღუდვები. სომხეთი კვლავ „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია” და რუსეთზე ენერგეტიკული, სავაჭრო და უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, მოსკოვის გზავნილები, მათ შორის, დიმიტრი პესკოვის გაფრთხილება, რომ ევრაზიული კავშირის დატოვების შემთხვევაში, სომხეთს გაზი გაუძვირდება და ეკონომიკური სირთულეები შეექმნება, კრემლის მხრიდან ზეწოლის ერთგვარ ინსტრუმენტად აღიქმება.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონული კონტექსტიც: საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და რეგიონული თანამშრომლობის სისუსტის ფონზე, სომხეთისთვის დამოუკიდებლად სწრაფი პროგრესის მიღწევა გაცილებით რთული ხდება. ამ ყველაფერს ემატება შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია და მოახლოებული არჩევნები, სადაც, ფაქტობრივად, ერთმანეთს უპირისპირდება ორი განსხვავებული ხედვა - დასავლეთსა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია და რუსეთთან ტრადიციული სტრატეგიული კავშირების შენარჩუნება. შედეგად, სომხეთის დღევანდელი პოლიტიკური რეალობა წარმოადგენს მცდელობას, ერთდროულად შეინარჩუნოს უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა, თავიდან აიცილოს რუსეთთან ღია კონფრონტაცია და თანდათანობით გააძლიეროს ევროპული მიმართულება, თუმცა ამ ბალანსის შენარჩუნება მომავალ წლებში, შესაძლოა, სულ უფრო რთული და პოლიტიკურად სარისკო გახდეს.

 

* * *

2026 წლის ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტი ერევანში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა იყო როგორც სომხეთისთვის, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის. გარდა იმისა, რომ ეს რეგიონში ჩატარებული პირველი EPC-ის სამიტი იყო, შეხვედრამ ნათლად წარმოაჩინა სომხეთსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. ევროპელმა ლიდერებმა ღიად გამოხატეს მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიული რეფორმების, რეგიონული დაკავშირებადობის პროექტებისა და რუსეთის გავლენაზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობის მიმართ. EPC-ის სამიტმა და მასთან დაკავშირებულმა ევროკავშირ-სომხეთის პირველმა ორმხრივმა სამიტმა კიდევ უფრო გამოკვეთა სომხეთის ეტაპობრივი ევროპეიზაციის პროცესი და მისი სურვილი, რეგიონში უფრო დამოუკიდებელ აქტორად ჩამოყალიბდეს.

ამავდროულად, სამიტმა ნათლად აჩვენა ის რთული გეოპოლიტიკური გარემო, რომელშიც სომხეთს საკუთარი საგარეო პოლიტიკური არჩევანის გაკეთება უწევს. რუსეთმა სომხეთის პროევროპულ კურსს კრიტიკული რიტორიკით უპასუხა, ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირთან დაახლოება მოსკოვთან შესაძლო „ცივილურ განქორწინებად“ შეაფასა. აღნიშნულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კრემლის მცდელობა, შეაფერხოს პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლური ინტეგრაციის გაღრმავება პოლიტიკური ზეწოლის, ეკონომიკური ბერკეტებისა და უსაფრთხოების საკითხების გამოყენებით. ამასთან, სომხეთის ოპოზიციისა და აზერბაიჯანის მხრიდან გაჟღერებულმა კრიტიკამ ცხადყო, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები და შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიის მომავალზე.

საბოლოოდ, ერევნის EPC-ის სამიტმა აჩვენა, რომ სომხეთი ევროპასა და რუსეთს შორის სტრატეგიული ბალანსირების ახალ ეტაპზე გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია ჯერ კიდევ გაურკვეველი და პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხია, სამიტმა დაადასტურა, რომ სომხეთი დემოკრატიულ რეფორმებს, ევროპასთან დაკავშირებადობასა და რეგიონული მშვიდობის ხელშეწყობას საკუთარი გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლებად განიხილავს. თუმცა ამ კურსის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის უნარზე, შეინარჩუნოს შიდა სტაბილურობა, გაუმკლავდეს საგარეო ზეწოლას და მიაღწიოს მდგრად მშვიდობას მეზობლებთან.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ლიკა ხუციბერიძე