"ყველა იტყუება" - როგორ ასუსტებს პროპაგანდა სიმართლის რწმენას
პროპაგანდის ეფექტიანობა ხშირად ფასდება იმით, თუ რამდენმა ადამიანმა დაიჯერა კონკრეტული გზავნილი. თუმცა მხოლოდ ასეთი შეფასება საინფორმაციო მანიპულაციის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, შედეგს უყურადღებოდ ტოვებს. კერძოდ, პროპაგანდას შეუძლია შეცვალოს არა მხოლოდ ადამიანის წარმოდგენა მოვლენაზე, არამედ ინფორმაციის წყაროებისა და ფაქტების მიმართ მისი დამოკიდებულებაც. მანიპულატორისთვის პოლიტიკური სარგებელი შეიძლება მაშინაც წარმოიშვას, როდესაც ადამიანი მის მიერ გავრცელებულ ვერსიას არ იზიარებს, თუმცა არც მის უარმყოფელ წყაროებს ენდობა. ფორმულა „ყველა იტყუება“ სწორედ ამ ფენომენს გამოხატავს: მტკიცებულებათა შეფასებას ანაცვლებს წინასწარი დაშვება, რომ ყველა წყარო არაკეთილსინდისიერია.
პროპაგანდის კიდევ ერთი სტრატეგიული ფუნქციაა ფაქტებზე დაფუძნებული ალტერნატივების გაუფასურება. კერძოდ, კონკურენტი წყაროების დისკრედიტაციას შეიძლება თან ახლდეს საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცება. ამიტომ „ყველა იტყუება“ ყოველთვის საყოველთაო უნდობლობას არ ნიშნავს. ხშირად იგი შერჩევითი ნდობის გამომხატველია, რაც არასასურველი მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი წყაროების ერთ საეჭვო კატეგორიაში გაერთიანებას გულისხმობს, თუმცა მის გამავრცელებელს ამ კატეგორიის მიღმა ტოვებს.
„სიმართლის გაუფასურება“
ამ პრობლემის გასააზრებლად, მნიშვნელოვანია კავანასა და რიჩის (2018) მიერ შემუშავებული Truth Decay-ის კონცეფცია, რომლის შინაარსს ქართულად, პირობითად, „სიმართლის გაუფასურება“ გამოხატავს. ტერმინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფაქტებისა და არგუმენტებზე დაფუძნებული ანალიზის მნიშვნელობის შესუსტებას აღნიშნავს. ავტორები სვამენ კითხვას, რამდენად ასრულებს გადამოწმებული, ხარისხიანი ინფორმაცია საზოგადოებრივი დისკუსიისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების საერთო საფუძვლის ფუნქციას. ისინი გამოყოფენ ოთხ ურთიერთდაკავშირებულ ტენდენციას: ფაქტებისა და მათი ანალიტიკური ინტერპრეტაციების შესახებ უთანხმოების ზრდა; ფაქტსა და მოსაზრებას შორის მკაფიო საზღვრების წაშლა; მოსაზრებისა თუ პირადი გამოცდილების მოცულობისა და გავლენის ზრდა, ფაქტებთან შედარებით; ფაქტობრივი ინფორმაციის ავტორიტეტულად მიჩნეული წყაროებისადმი ნდობის შემცირება.
ეს ტენდენციები ერთმანეთს აძლიერებს და როდესაც წყაროები წინასწარ საეჭვოდ მიიჩნევა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უთანხმოების გადაწყვეტას ვეღარ ემსახურება. თუ მტკიცებულება მხოლოდ „ერთ-ერთი მხარის აზრად“ წარმოჩნდება, მისი სისწორის საკითხს პოლიტიკური კუთვნილების კონტექსტი ანაცვლებს. სანდოობის მთავარ საზომად შეიძლება პირადი გამოცდილება და ინტუიცია იქცეს: მოქალაქე მართებულად მიიჩნევს იმას, რაც მის უკვე ჩამოყალიბებულ წარმოდგენას ეთანხმება. ფორმულა „ყველა იტყუება“ ამ წინასწარ რწმენებს ამყარებს, რადგან ნებისმიერი ტიპისა და ხარისხის ინფორმაციას ერთნაირად არასანდოდ აცხადებს.
კავანა და რიჩი „სიმართლის გაუფასურების“ განმაპირობებელ ფაქტორებად განიხილავენ კოგნიტურ მიკერძოებებს, საინფორმაციო ეკოსისტემის ცვლილებას, საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევებსა და პოლარიზაციას. შესაბამისად, ე.წ. „სიმართლის გაუფასურება (Truth Decay) მხოლოდ სიცრუის განზრახ გავრცელების შედეგი არ არის. თუმცა იგი პოლიტიკური მანიპულაციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის: საერთო ფაქტობრივი საფუძვლის შესუსტებასთან ერთად, რთულდება პოლიტიკური მტკიცებების შემოწმება. აღნიშნული ჩარჩო აშშ-ის საზოგადოებრივ ცხოვრებას აღწერს, სხვა ქვეყნებთან მისი შედარება კი მოითხოვს თითოეული საინფორმაციო გარემოს თავისებურებების გათვალისწინებას, თუმცა მსგავსი ტენდენცია გლობალურადაც შესამჩნევია.
RAND-ის (2019) კიდევ ერთი კვლევა ამერიკულ ბეჭდურ, სატელევიზიო და ციფრულ მედიაში ახალი ამბების გადმოცემის სტანდარტების ცვლილებებს ადარებს. ავტორები ტექსტის ანალიზის საფუძველზე იკვლევენ ფაქტობრივი აღწერის, შეფასებითი ენისა და ემოციური გადმოცემის განსხვავებებს პერიოდებსა და პლატფორმებს შორის. თანამედროვე მედიაში, ზოგიერთ ფორმატში, უფრო სუბიექტური და ემოციური ენა გამოიკვეთა. კერძოდ, ფაქტის გადმოცემაში მეტი ადგილი შეიძლება დაიკავოს მოსაზრებამ და აუდიტორიის ემოციურმა ჩართულობამ. ეს მიგნება ფაქტისა და შეფასების ურთიერთმიმართებას აღწერს და თავისთავად არ ნიშნავს, რომ ემოციურად გადმოცემული ინფორმაცია მცდარია. თუმცა ნდობის საერთო ფონის შემცირებისთვის მაინც ნოყიერ ნიადაგს ამზადებს.
ლევანდოვსკი, ეკერი და კუკი (2017) „პოსტსიმართლის“ პრობლემას უფრო ფართო სოციალურ გარემოში განიხილავენ. ცალკეული შეცდომის გასწორებას შეზღუდული შედეგი ექნება, თუ პოლარიზაცია, ფრაგმენტირებული მედიამოხმარება და ინსტიტუციური უნდობლობა თავად გადამოწმების ავტორიტეტს ასუსტებს. ამიტომ, მათი ხედვით, პროპაგანდის წინააღმდეგ რეაგირება მოითხოვს როგორც კონკრეტული მტკიცების შემოწმებას, ისე იმ პირობების გააზრებას, რომლებშიც საზოგადოება დასაბუთებულ პასუხს სანდოდ აღიარებს.
გაურკვევლობა, როგორც პოლიტიკური რესურსი
ეკერის (2026) მიმოხილვა ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციის შედეგების გავლენაზე სანდო ცოდნის მიღებისა და აღიარების პროცესში. ავტორები მიმოიხილავენ კვლევებს, რომლებიც დეზინფორმაციას განიხილავს, როგორც სტრატეგიას საერთო ფაქტობრივი საფუძვლის დასაზიანებლად. მისი გავლენა შეიძლება გამოიხატოს ჭეშმარიტების საერთო სტანდარტების შესუსტებასა და გაურკვევლობის გაძლიერებაში. მოქალაქეს ამ დროს მხოლოდ მცდარი პასუხი კი არ მიეწოდება, არამედ ეჭვი უჩნდება, რომ სანდო პასუხის მიღება საერთოდ შესაძლებელია.
ზემოაღნიშნულ ფენომენს განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. კონკრეტული მცდარი ინფორმაციის უარყოფა შესაძლებელია შესაბამისი მტკიცებულებით, მაგრამ თუ მოქალაქე ნებისმიერ მტკიცებულებას გაყალბებულად მიიჩნევს, ხოლო ნებისმიერ წყაროს - დაინტერესებულ მხარედ, დამატებით ინფორმაციასაც იმავე ეჭვით ხვდება. გადამოწმება სულ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, დასაბუთებული დასკვნის გამოტანა კი შეუძლებლად მიიჩნევა. საკამათო საზოგადოებრივ თემებზე პასუხების ძიებას თანდათან ანაცვლებს კითხვა: საერთოდ, ვინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა?
პოლი და მეთიუზი (2016) რუსული პროპაგანდის „სიცრუის ნაკადის“ მოდელში აღწერენ დიდი მოცულობის, მრავალარხიან, სწრაფ და განმეორებად კომუნიკაციას, რომელიც ფაქტობრივ სიზუსტესა და თანმიმდევრულობას არ იცავს. ერთი მოვლენის შესახებ ერთმანეთთან შეუთავსებელი ვერსიების გავრცელება ამ კონტექსტში ჩვეულებრივი ამბავია, ვერსიების სიჭარბემ კი შეიძლება სანდო ახსნის გამოკვეთა გაართულოს. ამდენად, ცალკეული დეზინფორმაციული გზავნილების დეტალური უარყოფა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს მოვლენის შესახებ საერთო წარმოდგენის ჩამოყალიბებას.
ამ მიდგომის გახმაურებული მაგალითია მალაიზიის ავიახაზების MH17 რეისის ჩამოგდების შესახებ გავრცელებული რუსული დეზინფორმაცია. 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორტზე მყოფი 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ გამოყენებული „ბუკის“ სარაკეტო დანადგარი რუსეთის არმიას ეკუთვნოდა. ამის პარალელურად, რუსული ოფიციალური წყაროები და კრემლისტური მედია სხვადასხვა ვერსიას ავრცელებდა: „თვითმფრინავი უკრაინულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო; უკრაინულმა „ბუკმა“ ჩამოაგდო; ან ბორტზე ბომბი აფეთქდა“. პასუხისმგებლობის გადატანასთან ერთად, ეს ვერსიები გამოძიებისა და მისი მტკიცებულებების დისკრედიტაციასაც ემსახურებოდა. ამ შემთხვევის მნიშვნელობა სწორედ ალტერნატიული ახსნის სიმრავლეშია: ერთმანეთთან შეუთავსებელი ბრალდებები აუდიტორიას შეიძლება უტოვებდეს განცდას, რომ მომხდარის სათანადოდ დადგენა შეუძლებელია.
ალექსეი ზახაროვის (2026) მიერ შემუშავებული მოდელი ამ პროცესის კიდევ ერთ მხარეს აღწერს. ავტორი თეორიულად აანალიზებს აუდიტორიას, რომელიც მედიის გზავნილებს პოლიტიკური ინტერესებით ხსნის. თუ მოქალაქე სხვადასხვა წყაროს მსგავს მოტივებს მიაწერს, ერთ მათგანში აღმოჩენილი არაზუსტი ინფორმაციაც კი შეიძლება იქცეს მისთვის კონკურენტი წყაროების არაკეთილსინდისიერების დასტურად. შესაბამისად, კონკრეტული წყაროს მხილება ალტერნატიული წყაროს ავტორიტეტს ყოველთვის ვერ აძლიერებს.
გაურკვევლობის გასაძლიერებლად შეიძლება ფაქტების გადამოწმების იმიტაციაც გამოიყენებოდეს. ალიუკოვისა და ზავადსკაიას (2026) ონლაინ ექსპერიმენტი იკვლევს ომის დროს რუსეთის 2 949 რესპონდენზე ფსევდოგადამოწმების ეფექტს. ავტორები იკვლევენ, როგორ განსხვავდება რეაქციები განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების მასალებზე, რომლებიც გადამოწმებული ფორმითაა წარმოდგენილი. ზოგიერთმა ასეთმა მასალამ ფაქტების მიუკერძოებელი გადამმოწმებლების სანდოობა შეამცირა და გაურკვევლობა გააძლიერა.
მტკიცებულებების დისკრედიტაციისა და გადამოწმების იმიტაციის ურთიერთკავშირი გამოიკვეთა რუსულ კომუნიკაციაშიც ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების შესახებ. 2022 წლის აპრილის დასაწყისში, რუსეთის ძალების გასვლის შემდეგ, გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკრაინელთა მიერ „დადგმულ პროვოკაციად“ გამოაცხადეს. ამ ვერსიის გავრცელებაში მონაწილეობდა პლატფორმა WarOnFakes-იც, რომლის მასალებს რუსეთის დიპლომატიური ანგარიშები აზიარებდნენ და ავრცელებდნენ. Centre for Information Resilience-ის ანალიზმა ერთმანეთთან შეადარა ადგილზე გადაღებული ვიდეოები და ორი დამოუკიდებელი სატელიტური წყაროს გამოსახულებები: იაბლუნსკის ქუჩაზე ცხედრები იმ პერიოდშიც ჩანდა, როცა ქალაქს რუსეთი აკონტროლებდა. მოგვიანებით, გაეროს მონიტორინგის მისიამ ბუჩაში 73 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა დაადასტურა და დამატებითი შემთხვევების შესწავლა განაგრძო. ამ მაგალითში უარყოფის სამიზნე თავად მტკიცებულებებისა და მათი მომპოვებელი წყაროების სანდოობა გახდა: ე.წ. „გადამოწმების“ ფორმატი გამოიყენებოდა უკვე დოკუმენტირებული ფაქტების მიმართ ეჭვის გასაჩენად.
ფაქტების დამოუკიდებელი გადამმოწმებლების ავტორიტეტის პოლიტიკურ გამოყენებას კარგად აჩვენებს კრემლის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურაც. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF, 2025) აღწერს, როგორ წარმოაჩენენ დამოუკიდებელ გადამმოწმებლად კრემლთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიერ დაფუძნებულ Global Fact-Checking Network-ს, რომელიც დამოუკიდებელ fact-checker-თა ქსელის - International Fact-Checking Network-ის - ერთგვარი „კონკურენტია“. რეალურად, იგი რუსეთის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ ინფორმაციას შერჩევითად ავრცელებს, არასასურველ ფაქტებს კი უგულებელყოფს, ან ამახინჯებს. RSF-ის შეფასებით, ეს არის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ფორმისა და ავტორიტეტის მითვისების მცდელობა: პოლიტიკური გზავნილი აუდიტორიას „გადამოწმებული სიმართლის“ სახით მიეწოდება. RSF მსგავს ინიციატივებს სხვა ქვეყნებშიც ავლენს, რაც აჩვენებს, როგორ შეიძლება დეზინფორმაციის გავრცელება დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კომუნიკაციისთვის გადამოწმების ფორმატის გამოყენების მსგავს ნიშნებს ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც ვაწყდებით. MDF-ის (2025) ანგარიში გამოყოფს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ შექმნილ ფეისბუქგვერდს „სინამდვილეში“. ანგარიშის მიხედვით, გვერდი ფაქტების გადამოწმების ფორმატს იმეორებს, მაგრამ მეთოდოლოგიური დასაბუთების გარეშე ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას. ანგარიში აღწერს მადისკრედიტირებელი იარლიყების გამოყენებასა და მათ კოორდინირებულ გავრცელებას საჯარო მოხელეების მონაწილეობით.
ამ შემთხვევას მნიშვნელობა ენიჭება გადამოწმების ავტორიტეტის პოლიტიკური მითვისებით. კერძოდ, კრიტიკული მედია არასანდოდ ცხადდება, ხოლო პარტიული კომუნიკაცია სანდოობის განმსაზღვრელი ინსტანციის პოზიციას იკავებს. შედეგად, მოქალაქეს შეიძლება შესთავაზონ წინასწარ განსაზღვრული პასუხი იმის შესახებ, ვის უნდა ენდოს, მაშინ როდესაც ამ პასუხის დასასაბუთებელი გამჭვირვალე მეთოდი არ ჩანს.
„ყველა იტყუება“ - ამ განწყობის გამოვლინებას აღწერს CRRC-საქართველოს მიერ MDF-ისთვის ჩატარებული 2025 წლის კვლევაც. იგი მოიცავს 1 053 ქართულენოვან რესპონდენტთან სატელეფონო გამოკითხვას და ხუთ ფოკუსჯგუფს. ანგარიშის თვისებრივ ნაწილში ზოგი მონაწილე ინფორმაციის გადამოწმებას აზრს მოკლებულად მიიჩნევს, რადგან ყველა მედიას მიკერძოებულად აღიქვამს; ამის ნაცვლად, საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას ეყრდნობა.
სკეპტიციზმი, ცინიზმი და შერჩევითი ნდობა
ინფორმაციის მიმართ სკეპტიციზმი დამატებითი მტკიცებულების ძიებას გულისხმობს, ცინიზმი კი ხშირად ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც წინასწარ უარყოფს. სკეპტიკური მოქალაქე დამოუკიდებელ წყაროებს ადარებს, ამოწმებს ინფორმაციის მიღების მეთოდს და აფასებს შეცდომის შესწორების მზადყოფნას მედიის მხრიდან. ფორმულა „ყველა იტყუება“ ამ მიდგომას რადიკალურად ეწინააღმდეგება: წყაროს ერთი შეცდომა მისი მუდმივი არაკეთილსინდისიერების ნიშნად იქცევა, სხვა წყაროები კი იმავე კატეგორიაში ხვდებიან. შესაბამისად, საკითხი მხოლოდ ნდობის სიმცირე არ არის; მნიშვნელოვანია ისიც, მზად არის, თუ - არა ადამიანი საკუთარი შეფასების შესაცვლელად.
ამ ფენომენს იკვლევდნენ ოტო, მანგოლდი და მაიერი (2026). გერმანიის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მათ 739 მონაწილისგან შემდგარი საწყისი ჯგუფის სამტალღიანი გამოკითხვა ჩაატარეს და შედეგები ინტერნეტში მონაწილეთა ქცევის მონაცემებს დაუკავშირეს. კერძოდ, ბრაუზერის დანამატით აკვირდებოდნენ, რომელ საინფორმაციო ვებგვერდებს სტუმრობდნენ მონაწილეები. ამდენად, კვლევა მხოლოდ ადამიანების მონათხრობს არ ეყრდნობოდა და მათ რეალურ ონლაინ მედიამოხმარებასაც აფასებდა. შედეგები საინტერესო სურათს აჩვენებს: სკეპტიციზმი დაკავშირებული იყო ახალი ამბების უფრო ინტენსიურ მოხმარებასთან, მეტი წყაროს მონახულებასა და მათ შორის ყურადღების უფრო თანაბარ განაწილებასთან. ცინიზმი კი ნაკლებ ჩართულობასა და წყაროების შედარებით ვიწრო წრეს უკავშირდებოდა. მართალია, კვლევა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ ეფექტს ვერ ადგენს, თუმცა მისი არსებითი მიგნებაა, რომ უნდობლობის ერთი ფორმა ინფორმაციის ძიებასთან თანაარსებობს, მეორე კი საინფორმაციო გარემოსგან დისტანცირებას უკავშირდება.
ჯონს-იანგის, კიმისა და კენსკის (2026) კვლევა ამ საკითხს სხვა პერსპექტივით განიხილავს. აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შეგროვებული ორტალღიანი პანელური მონაცემებით, ავტორები აკვირდებიან ერთი და იმავე რესპონდენტების აღქმებს დროში. ისინი ერთმანეთისგან განასხვავებენ მცდარ ინფორმაციასთან შეხების აღქმას, გადამოწმებით მხილებულ ცნობებთან შეხების აღქმას, დეზინფორმაციის გავრცელებულობის შეფასებასა და მტრულ ინფორმაციასთან შეხების აღქმას. კვლევის მთავარი მიგნებაა, რომ ცინიზმის განვითარებას უფრო მეტად უკავშირდება განცდა, თითქოს დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული და საინფორმაციო გარემო მტრულია, ვიდრე მცდარ ცნობებთან უბრალოდ შეხება. შესაბამისად, კონკრეტული ტყუილის აღმოჩენა და წარმოდგენა, რომ მთელი საინფორმაციო სივრცე სიცრუითაა გაჯერებული, განსხვავებული პროცესებია. ეს დასკვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროპაგანდის შეფასებისას: მანიპულაციის საგანი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ცალკეული ფაქტი, არამედ თავად გარემოს აღქმა.
ცინიზმის შესაძლო პოლიტიკური შედეგები აჰმედის (2025) კვლევაშიც ჩანს. ინდოეთში ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვაში, რომელიც 970 რესპონდენტს მოიცავდა, ავტორები აფასებდნენ პოლიტიკურ ცინიზმს, მცდარი პოლიტიკური ცნობების დაჯერებასა და ონლაინ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობის სიხშირეს. შედეგების მიხედვით, პოლიტიკური ცინიზმი ნაკლებ ონლაინ მონაწილეობასთან იყო დაკავშირებული.
პროპაგანდა, კონკურენტი წყაროების გაუფასურებასთან ერთად, საკუთარი აუდიტორიის ნდობის განმტკიცებასაც ემსახურება. შირიკოვის (2024) ნაშრომი რუსეთში 2019-2020 წლებში ჩატარებულ სამ კვლევას აერთიანებს: ფართომასშტაბიან ონლაინ ექსპერიმენტს, 1 608 ზრდასრული რესპონდენტის ეროვნულ გამოკითხვაში ჩაშენებულ ექსპერიმენტსა და 2 200 მონაწილის ონლაინ გამოკითხვას მედიის აღქმის შესახებ. ექსპერიმენტებში ახალი ამბები შემთხვევითი განაწილებით სხვადასხვა წყაროს მიეწერებოდა. ამ გზით ავტორი ამოწმებდა, როგორ იცვლებოდა ინფორმაციის სანდოობის შეფასება სახელმწიფო ან დამოუკიდებელი მედიის სახელის მითითებისას. ხელისუფლების მომხრეები სახელმწიფო წყაროსთვის მიწერილ ინფორმაციას უფრო სანდოდ აფასებდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი მათ პოლიტიკურ წარმოდგენებს ეთანხმებოდა. ამასთან, სახელმწიფო მედიის პოლიტიკური დამოკიდებულების აღიარება მის მიმართ ნდობას ყოველთვის არ გამორიცხავდა. მაგალითად, ხელისუფლების მომხრეთა 58% აღიარებდა, რომ „პირველი არხი“ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი არ იყო; თუმცა ამ ჯგუფის 49% არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მაინც ძირითადად ზუსტად მიიჩნევდა. ამდენად, ხელისუფლებისადმი მედიასაშუალების მიკერძოებულობის ცოდნა და წყაროს მიმართ ნდობა შეიძლება თანაარსებობდეს კიდეც.
ეს მიგნება „ყველა იტყუება“ მიდგომის შერჩევით ბუნებას უკეთ ხსნის. მოქალაქეს შეუძლია სხვა წყაროები პოლიტიკური ინტერესების გამო უარყოს, ხოლო მისთვის მისაღები მედიის ანალოგიური დამოკიდებულება დასაშვებად მიიჩნიოს. ასეთ შემთხვევაში სანდოობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეთანხმება წყარო უკვე არსებულ რწმენებს. შედეგად, კონკურენტი წყაროების დისკრედიტაცია და საკუთარი წყაროსადმი ნდობის განმტკიცება ერთი სტრატეგიის ურთიერთშემავსებელი ნაწილები შეიძლება იყოს.
ეგელჰოფერისა და ლეხელერის (2019) ნაშრომი ამ საკითხს ცნებების დონეზე აზუსტებს. ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე, ავტორები ერთმანეთისგან მიჯნავენ „ყალბ ამბავს“, როგორც გამიზნულად შექმნილ ფსევდოჟურნალისტურ პროდუქტს და „ყალბი ამბის“ პოლიტიკურ იარლიყს. პირველ შემთხვევაში ისინი სამ მახასიათებელს გამოყოფენ: ფაქტობრივი სიზუსტის დაბალ დონეს, ჟურნალისტურ ფორმატსა და შეცდომაში შეყვანის განზრახვას. შესაბამისად, ჩვეულებრივი ჟურნალისტური შეცდომა განზრახ შექმნილ დეზინფორმაციასთან ავტომატურად ვერ გაიგივდება.
მეორე შემთხვევაში საქმე ეხება ტერმინის გამოყენებას ჟურნალისტიკისა და მედიის ავტორიტეტის შესასუსტებლად. კონკრეტული მასალის სიზუსტის განხილვას შეიძლება ჩაენაცვლოს ბრალდება, რომ წყარო მთლიანად „ყალბ ამბებს“ ავრცელებს. ავტორთა ჩარჩო მნიშვნელოვანია სწორედ ამ განსხვავების დასანახავად: მცდარი ცნობის გადამოწმება და ინფორმაციის გამავრცელებლის პოლიტიკური დისკრედიტაცია სხვადასხვა ქმედებაა. მათი ერთმანეთში აღრევა აბუნდოვანებს საზღვარს კეთილსინდისიერ კრიტიკასა და განზოგადებულ უნდობლობას შორის.
კრიტიკული წყაროების ავტორიტეტის შესუსტების მსგავსი პრაქტიკა ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც გვხვდება. ასეთ კომუნიკაციაში წყაროს პოლიტიკური ინტერესების ხაზგასმამ შეიძლება მისი არგუმენტებისა და მტკიცებულებების მიმართ არსებული ყურადღება წყაროს მოტივებზე გადაიტანოს.
სინთეტიკური მედია და ავთენტიკური მტკიცებულების უარყოფა
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი აუდიოვიზუალური მასალა ნდობის პრობლემას დამატებით განზომილებას სძენს. ვაკარიმ და ჩედვიკმა (2020) ბრიტანეთის 2 005 ზრდასრული მონაწილის ონლაინ ექსპერიმენტში ბარაკ ობამას გაყალბებული ვიდეოს სამი ვერსია გამოიყენეს. ორი მოკლე ვერსია გაყალბების ახსნას არ შეიცავდა, სრული ვერსია კი მაყურებელს აჩვენებდა, რომ ვიდეო ხელოვნურად იყო შექმნილი. მონაწილეები, შემთხვევითი განაწილების პრინციპით, ერთ-ერთ ვერსიას უყურებდნენ, რის შემდეგაც ავტორებმა შეადარეს მცდარი წარმოდგენის, გაურკვევლობისა და სოციალურ მედიაში ახალი ამბებისადმი ნდობის მაჩვენებლები. ვიდეოს შინაარსმა მონაწილეთა 16% შეცდომაში შეიყვანა, ხოლო 33.2% გაურკვეველი დარჩა. მოკლე, შეცდომაში შემყვან ვერსიებს პირდაპირი მოტყუების უფრო მაღალი ალბათობა არ გამოუვლენია, თუმცა გაურკვევლობა გააძლიერა. თავის მხრივ, ეს გაურკვევლობა სოციალურ მედიაში ახალი ამბებისადმი დაბალ ნდობას უკავშირდებოდა. ამდენად, ვიდეოს შესაძლო გავლენა მხოლოდ სიცრუის დაჯერებით არ იზომება: ინდივიდმა შეიძლება არ დაიჯეროს ნანახი და მაინც უფრო ეჭვით შეხედოს სხვა ცნობებსაც.
ჩესნისა და სიტრონის (2019) „მატყუარას დივიდენდის“ ცნება ამავე პრობლემის სხვა მხარეს აღწერს. ავტორების მიხედვით, სინთეზური მედიის გავრცელების შესახებ ცოდნა შეიძლება ნამდვილ მტკიცებულებასაც დაუპირისპირდეს: პირს, რომლის ქმედებაც ავთენტიკურ ჩანაწერში ჩანს, შეუძლია განაცხადოს, რომ მასალა ხელოვნურადაა შექმნილი. ამ შესაძლებლობით სარგებელს იღებს ის, ვისაც რეალური ფაქტის უარყოფა სურს. ასეთი განცხადება აუდიტორიას ავტომატურად ვერ დაარწმუნებს, თუმცა ჩანაწერის წარმომდგენს ავთენტიკურობის დამტკიცების დამატებით ტვირთს აკისრებს. ამდენად, ტექნოლოგია მხოლოდ მცდარი მასალის შექმნის საშუალებას არ იძლევა; მისი არსებობა ნამდვილი მასალის სანდოობის წინააღმდეგ არგუმენტადაც შეიძლება იქცეს. პროპაგანდისთვის სარგებელი ამ შემთხვევაშიც შეიძლება ეჭვის შენარჩუნება იყოს.
ეს შესაძლებლობა ფაქტის დადგენასა და მის საზოგადოებრივ აღიარებას შორის განსხვავებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. მტკიცებულების არსებობა საკმარისი აღარ არის, თუ მისი ავთენტიკურობის ნებისმიერი დადასტურება იმავე განზოგადებული უნდობლობის ფარგლებში ფასდება.
***
„სიმართლის გაუფასურების“ კონცეფცია აჩვენებს, რომ საინფორმაციო მანიპულაციას შეუძლია დააზიანოს ფაქტების ფუნქცია საერთო საზოგადოებრივ დისკუსიებში. განხილული კვლევები აღწერს ამ პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა მექანიზმს, რომელთა გამოვლინება ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც გვხვდება. ფორმულა - „ყველა იტყუება“ - განსაკუთრებით საზიანოა მაშინ, როდესაც, წყაროების დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, ცუდი და კარგი ხარისხის ჟურნალისტური პროდუქტის გათანაბრებას ემსახურება. ასეთ გარემოში პროპაგანდას საკუთარი ვერსიის სრულად დამტკიცება შეიძლება აღარც დასჭირდეს, რადგან პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, კონკურენტი ვერსიების მიმართ ეჭვის შენარჩუნებაც საკმარისია.
ამ განწყობის ჩამოყალიბებას რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი უწყობს ხელს. ურთიერთგამომრიცხავი ცნობების სიჭარბე გადამოწმებას ართულებს და გაურკვევლობას აძლიერებს; პოლიტიკური პოლარიზაცია კი წყაროს სანდოობას ხშირად მის ჯგუფურ კუთვნილებას უკავშირებს. ამასთან, მედიის რეალური შეცდომები, გაუმჭვირვალე მუშაობა და ფაქტისა და შეფასების აღრევა პროპაგანდას უნდობლობის გასაღრმავებლად გამოსაყენებელ საფუძველს აძლევს. ამ პირობებს ემატება მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ფაქტების გადამოწმების იმიტაცია და ნამდვილი მტკიცებულებების უარყოფა იმ საბაბით, რომ დღეს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, „ყველაფრის გაყალბება შეიძლება“.
ამდენად, პროპაგანდის წინააღმდეგ რეაგირება მხოლოდ მცდარი ცნობების უარყოფას ვერ დაეყრდნობა, როდესაც მანიპულაციის სამიზნე თავად გადამმოწმებელი წყაროების სანდოობაა. მკითხველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დასკვნის საფუძველი: პირველწყარო, გადამოწმების ნაბიჯები, დამოუკიდებელი წყაროების მიერ დადასტურება და ჯერ კიდევ დაუდგენელი ფაქტების შესახებ ცხადად მითითება.
მოქალაქის დონეზე, ერთ-ერთი შესაძლო პასუხია დასაბუთებული სკეპტიციზმის განვითარება: სხვადასხვა წყაროს შედარება, ახალ ამბავში ფაქტისა და შეფასების გამიჯვნა და საკუთარი შეხედულების გადახედვის მზაობა. მედიაწიგნიერების გაძლიერებაზე მომუშავე სუბიექტებმა ნათლად უნდა ახსნან, როგორ მუშაობს მანიპულაცია და როგორ განსხვავდება კეთილსინდისიერი შეცდომა განზრახ გაყალბებისგან. ამასთან, სწრაფად გავრცელებული სიცრუის პასუხად, საჭიროა დროული, გასაგები განმარტება, რომელიც მკითხველს, მცდარი ვერსიის ნაცვლად, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ახსნას სთავაზობს. ეს გზები ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი მედიის მიმართ ნდობის ავტომატურ აღდგენას, თუმცა განზოგადებული უნდობლობიდან დასაბუთებული შეფასებისკენ გადასვლის შესაძლებლობას ქმნის.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.