მზარდი სუბსიდიები დაბალპროდუქტიულ სოფლის მეურნეობაში
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა აპირებს, რომ გამორჩეულად არაეფექტიანი და სიღარიბის შემცირების შემაფერხებელი სექტორის - სოფლის მეურნეობის - სუბსიდირება 153.8 მლნ ლარით გაზარდოს, რაც ნიშნავს, რომ ამ მიზნით 785.2 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.
ისტორიულად, სოფლის მეურნეობა გამორჩეულად მსუყე საბიუჯეტო სუბსიდიების მიმღები, მაგრამ დაბალპროდუქტიული სექტორია. ბოლო ათწეულის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 0.5%-ია, რაც გასულ წელს 0.6%-მდე იყო გაზრდილი. ფულადი დახმარების გარდა, აგრარული სექტორი საგადასახადო და რეგულაციური შეღავათებითაც სარგებლობს.
გრაფიკი 1: სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დაფინანსება

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ფინანსთა სამინისტრო; ავტორის გამოთვლები
მიუხედავად მასშტაბური მხარდაჭერისა, გასული წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული, სოფლის მეურნეობის რეალურ გამოშვებას გამოკვეთილი კლების ტენდენციით ახასიათებს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის რეალური გამოშვება 3.4%-ით შემცირდა, როცა ეკონომიკის დანარჩენი დარგები 9.3%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 2: გამოშვების რეალური ზრდა (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიუხედავად იმისა, რომ სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი კვლავ მაღალია. 2025 წლის მდგომარეობით, გლობალური გამოშვების 4%-ია სოფლის მეურნეობის წილი, საქართველოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 5.2%-ია. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია ბევრად დაბალია, საშუალოდ - 1.3%. განვითარების დონის ზრდასთან ერთად, სოფლის მეურნეობის წილი წარმოებასა და დასაქმებაში მცირდება.
გასულ წელს პროდუქტიულობაც გაუარესდა. ერთ მუშახელზე განაწილებული რეალური გამოშვება 2.8%-ით შემცირდა. სოფლის მეურნეობა, განათლების შემდეგ, ყველაზე დაბალპროდუქტიული სექტორია, რომელიც სხვა დანარჩენი დარგების ჯამური პროდუქტიულობის დონეს დაახლოებით სამჯერ ჩამორჩება. დაბალი პროდუქტიულობა კი დაბალი ხელფასების მიზეზია.
გრაფიკი 3: ერთ მუშახელზე განაწილებული რეალური გამოშვება (ათასი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები
სოფლის მეურნეობაში საშუალო ხელფასის დონე, განათლების სექტორის შემდეგ, ყველაზე დაბალია. თუმცა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 220 ათასამდე შრომისუნარიანი მუშახელი ანუ მთლიანი სამუშაო ძალის 13.6%. საბიუჯეტო სუბსიდიები კი განაპირობებს სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილის დარჩენას დაბალეფექტიან სექტორში. სინამდვილეში, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება დანარჩენი ეკონომიკის ხარჯზე გულისხმობს დაბალპროდუქტიული მეურნეობების შენარჩუნებასა და სოფლის მოსახლეობის სიღარიბეში დატოვებას. ამას ემპირიული კვლევებიც ადასტურებს. კერძოდ, სამუშაო ძალის რეალოკაცია აგრარული სექტორიდან სხვა სექტორებში დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზეც და ქვეყნის განვითარებაზეც.
მთავრობის სუბსიდიები სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას კი არა, პირიქით, მისი გაუარესების ხელშემწყობია. სუბსიდიის პროგრამები ფერმერისგან უკეთეს ხარისხს არ მოითხოვს. ხარისხიან პროდუქტს მომხმარებელი თავისთავად ეყოლება და შესაბამისად, სუბსიდირება არც დასჭირდება. მეორე მხრივ, თუ პროდუქტი უხარისხოა, ის მუდმივად სუბსიდირებას მოითხოვს. მუდმივი სუბსიდირება და გარანტირებული მოგება უბიძგებს ფერმერს, პროდუქტის წარმოებისთვის ნაკლები ძალისხმევა გასწიოს. ამრიგად, სუბსიდირების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი მეწარმეების იმ სტიმულების დაქვეითებაა, რომლებიც მათ ხარისხიანი და ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტის წარმოებისკენ უბიძგებს.
გრაფიკი 4: ყურძნის წარმოება და რეალური ფასი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები
სუბსიდიების მოცულობით გამორჩეულია მევენახეობის დარგი, რაც განპირობებულია სხვადასხვა პოლიტიკური ხელისუფლების ელექტორალური მიზეზებით. მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის რეალიზების პრობლემებისა და ფასების დინამიკის ფონზე, წარმოება უნდა შემცირებულიყო, პირიქით, ყურძნის მოსავალი მკვეთრად გაზრდილია. ყურძნის მწარმოებელ მევენახის წარმოების მასშტაბის გაფართოების სტიმული სწორედ გულუხვმა საბიუჯეტო სუბსიდიებმა შეუქმნა. მაგალითად, გასულ წელს წარმოებული ყურძნის მოცულობამ 348.9 ათასი ტონა შეადგინა, ათი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი ორჯერ ნაკლები - 159.2 ათასი ტონა - იყო. ამ პერიოდში მევენახის კართან ყურძნის რეალური ფასი შემცირებულია.
***
ამრიგად, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით, დაბალპროდუქტიული და სიღარიბესთან დაკავშირებული სოფლის მეურნეობის სუბსიდიები ეკონომიკის წარმატებული დარგების დაბეგვრის ხარჯზე იზრდება. ეს კი სოფლის მეურნეობაში ჭარბწარმოების მიზეზია. ამგვარ პრაქტიკას აქვს ხანგრძლივი ისტორია, რომელიც ამახინჯებს საბაზრო სტიმულებს, აფერხებს რესურსების ეფექტიან განაწილებას და, საბოლოოდ, ხელს უშლის მთლიანი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.