პუბლიკაციები

კავკასიის ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა (მე-2 კვარტალი, 2026 წელი)

სამხრეთ კავკასიაში პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის ეკონომიკა 4.3%-ით გაფართოვდა. შედარებისთვის, 2025 წლის მეორე კვარტალში სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.9% იყო. ამ პერიოდში რეგიონის ეკონომიკის გაფართოების აღმავალი ტემპი დიდწილად აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდის ტემპის აჩქარებას უკავშირდება, რაც კავკასიის ეკონომიკის ½ -ზე მეტია. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მეტწილად, მომსახურების სექტორის მაღალ ზრდას და შედარებით ნავთობის წარმოების მატებას უკავშირდება.

საგარეო ვაჭრობა ზრდის მამოძრავებელი ფაქტორია. რეგიონის ეკონომიკები ღიაა, რაც ეკონომიკურ განვითარებაში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან როლს განაპირობებს. 2026 წლის მეორე კვარტალში კავკასიის სავაჭრო ბრუნვამ 27 808.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 18.8%- ით აღემატება. ამ კუთხით, წელს ვაჭრობის დინამიკა გაუმჯობესდა. ამ პერიოდში ზრდის დინამიკა საქონლის ექსპორტს ახასიათებს. 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 53.2%-ით გაიზარდა. თუმცა, ამავდროულად, იმპორტი 7.7%-ით შემცირდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები მნიშვნელოვანი წყაროა კავკასიაში (განსაკუთრებით - საქართველოში) ადგილობრივი მოხმარებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს რეგიონის კომერციული ბანკების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა 72 451.3 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 19.3%- ით გაზრდილია. სესხების მოცულობის წლიური ზრდის დინამიკა ამ პერიოდში შედარებით გაუარესებულია, რადგან გასული წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 21.3%-ს შეადგენდა.

ინფლაცია რეგიონის ცენტრალური ბანკების გამოწვევად რჩებოდა, რადგან 2026 წლის მეორე კვარტალში ფასების საერთო დონის ზრდა მეტწილად სამიზნე მაჩვენებელს აღემატებოდა. სამომხმარებლო ფასების ზრდის კუთხით, შედარებით პოზიტიური მდგომარეობა სომხეთში იყო, ხოლო ნეგატიური - აზერბაიჯანში. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კავკასიის წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 5.4%-ია, რაც წინა პერიოდებთან შედარებით, აჩქარებულია. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უმეტესად მცირედით გაიზარდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.