ფაქტების გადამოწმება (Fact-Checking) დეზინფორმაციის წინააღმდეგ - ემპირიული მტკიცებულებები
თანამედროვე საინფორმაციო გარემოში დეზინფორმაციის პრობლემა იქცა გლობალურ ფენომენად, რომელიც სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვრცელდება. ციფრულმა პლატფორმებმა და სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რაც ხშირად სხვადასხვა აქტორი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების იარაღად იყენებს. დეზინფორმაციის მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება არაერთ დონეზე გამოვლინდეს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სფეროა დემოკრატიული პროცესები, როდესაც მცდარი წარმოდგენები გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებსა და პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ასევე, ზიანის მომტანია ინფორმაციული დეგრადაცია, როდესაც მცდარი ინფორმაციის მუდმივი ზემოქმედება აქვეითებს მოქალაქეების უნარს, ფლობდნენ სწორ ფაქტობრივ ცოდნას, რაც აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამასთან, დეზინფორმაციის სახიფათო გამოვლინებად შეიძლება განვიხილოთ დემოკრატიული ანგარიშვალდებულების შესუსტება, კერძოდ, როცა მცდარი თუ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელება გამავრცელებლის რეიტინგზე არათუ ნეგატიურად აისახება, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სასარგებლოც კია. ეს ტენდენცია ასუსტებს პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და აუარესებს საჯარო დისკუსიის ხარისხს. და ბოლოს, დეზინფორმაციის მიერ წარმოშობილ რისკებს შორის, უმნიშვნელოვანესია მავნე გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, რადგან იგი ირიბად უქმნის საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლეს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეპიდემიების (მაგ. COVID-19-ის ინფოდემია) პერიოდში, როცა სამედიცინო მითების სახით ვრცელდება.
დეზინფორმაციისგან წარმოშობილ საფრთხეებს აძლიერებს ის ფაქტორიც, რომ მცდარი ინფორმაცია, ხშირად გადამოწმებულ ფაქტებზე სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით, კრიზისულ პერიოდებში. ეს ტენდენცია რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას: პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ყალბი ამბის გამოგონება და გავრცელება დაკავშირებულია დიდ სირთულეებთან - ონლაინ პლატფორმებისა და სოციალური ქსელების არსებობის პირობებში, მათი გავრცელება უფრო სწრაფად და იაფადაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას არაერთი წყაროს დაზუსტება და ანალიზი სჭირდება. დეზინფორმაციის გამავრცელებელთა უპირატესობა ისიც არის, რომ ისინი, ფაქტობრივად, არ იცავენ არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტს, წერენ შეცდომაში შემყვან, ძალიან „ყვითელ“ სათაურებს, რაც აუდიტორიის დიდი ნაწილის ჩართულობას იწვევს. დეზინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობს ისიც, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც გართობის მიზნით ეცნობა ქსელში არსებულ სიახლეებს, ხშირად მოწოდებული არაა, კრიტიკულად იფიქროს კონკრეტული ამბის წარმომავლობასა და მისი ავტორის რეალურ მიზნებზე. სოციალური ქსელის არაერთი მომხმარებელი კი მხოლოდ სათაურის წაკითხვით შემოიფარგლება.
სოციალური ქსელების პოპულარობისა და დეზინფორმაციული ნაკადების ზრდის პარალელურად, გლობალური მასშტაბით, მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ფაქტების გადამოწმებამ (Fact-Checking), რომელიც, ბუნებრივია, არ წარმოადგენს „ჯადოსნურ ჯოხს“ ყალბი ამბების წინააღმდეგ, თუმცა, სხვადასხვა ინიციატივასთან ერთად, საკუთარი წვლილი შეაქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტების გადამოწმების მნიშვნელობა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი და იგი არცთუ ისე ეფექტიანია. ამ მოსაზრების გასამყარებლად, ხშირად იმოწმებენ ე.წ. „უკუეფექტის“ (backfire effect) ცნებას, რომლის მიხედვითაც, მცდარი ინფორმაციის ფაქტობრივი კორექტირება ან მტკიცებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის არსებულ მრწამსს, ნაცვლად მისი შეცვლისა, ხშირად პირიქით მოქმედებს - ამ მცდარ რწმენას უფრო მეტად აძლიერებს.
ზემოთ აღნიშნული ე.წ. „უკუეფექტის“ თეორიის მიუხედავად, ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი სანდო და მაღალკვალიფიციური კვლევა თუ მათი მეტაანალიზი აჩვენებს ფაქტების გადამოწმების მნიშვნელოვან როლს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. 2021 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში (არგენტინა, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა, გაერთიანებული სამეფო) ჩატარდა, დაადასტურა, რომ ფაქტების გადამოწმებამ მნიშვნელოვნად შეამცირა სხვადასხვა საკითხზე მედიის მომხმარებლების მცდარი რწმენები. საშუალოდ, ფაქტების გადამოწმებამ 5-ბალიან სკალაზე 0.59 პუნქტით გაზარდა ფაქტობრივი ცოდნა. კვლევის ავტორებმა აღნიშნულ ოთხ ქვეყანაში ექსპერიმენტები ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეთა ერთ ჯგუფს აჩვენებდნენ მხოლოდ მცდარ ინფორმაციას, მეორე, ე.წ. კორექტირების ჯგუფის, მონაწილეებს აჩვენებდნენ დეზინფორმაციას, რომელსაც მაშინვე მოჰყვებოდა შესაბამისი გადამოწმებული ფაქტი, ხოლო მესამე - საკონტროლო - ჯგუფს არანაირი წინმსწრები ინფორმაცია არ მიეწოდებოდა და კითხვებს ამა თუ იმ ამბის შესაძლო რეალურობის შესახებ ისე პასუხობდა. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 2 ათასი ადამიანი. რესპონდენტების პასუხების სიზუსტის შესაფასებლად, მკვლევრებმა 5-ბალიანი სკალა გამოიყენეს და როგორც აღვნიშნეთ, საერთო ჯამში, გადამოწმებული ფაქტების გაცნობამ რესპონდენტების პასუხების სიზუსტე 0.59 პუნქტით გაზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი ხანმოკლე არ აღმოჩნდა და ფაქტების გადამოწმების პოზიტიური ეფექტის უდიდესი ნაწილი ორი კვირის შემდეგაც ნარჩუნდებოდა. ამასთან, კვლევამ არ დაადასტურა ე.წ. „უკუეფექტის“ თეორია, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, რომელთა იდეოლოგიურ მრწამსსაც ფაქტები ეწინააღმდეგება, კიდევ უფრო მეტად იჯერებენ ტყუილს. პირიქით, ყველა იდეოლოგიური ჯგუფის წარმომადგენელში ფაქტების გადამოწმებამ სიზუსტის დონე გაზარდა.
საკვლევი პოპულაციის მასშტაბების მხრივ, უნდა გამოვარჩიოთ კიდევ ერთი კვლევა (van Erkel et al, 2024), რომლის ფარგლებშიც, ფაქტების გადამოწმების ეფექტი შეისწავლეს ევროპის 16 ქვეყანაში (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში), რომლებსაც მედიის მოხმარების კუთხით აქვთ განსხვავებული კონტექსტები. კვლევა ეფუძნება მოტივირებული მსჯელობის (Motivated Reasoning) თეორიას. ავტორები იკვლევენ ორ საპირისპირო ფენომენს: სიზუსტის მიზნებს, როდესაც ადამიანს სურს სწორი ინფორმაციის ფლობა და ე.წ. მიმართულებით მიზნებს, როდესაც ადამიანს სურს, შეინარჩუნოს თავისი რწმენების თანმიმდევრულობა, დაიჯეროს თავისთვის სასურველი ინფორმაცია და თავი აარიდოს კოგნიტურ დისონანსს. კვლევა ასევე ცდილობს, დაადგინოს, როგორ მოქმედებს ინფორმაციის სანდოობაზე მისი გამავრცელებლის რეპუტაცია. როგორც აღვნიშნეთ, კვლევა ევროპის 16 ქვეყანაში ერთსა და იმავე პერიოდში ჩატარდა. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა ათასი რესპონდენტი, რაც ჯამში 16 ათას მონაწილეს შეადგენს. ექსპერიმენტის პროცესში გაიზომა მოკლევადიანი ეფექტები, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპონდენტებს სწორი ინფორმაცია მიაწოდეს ყალბი სიახლის გაცნობისთანავე. ამ კვლევის შედეგებმაც ყველა შესწავლილ ქვეყანაში დაადასტურა ფაქტების გადამოწმების ეფექტიანობა და კონკრეტულ თემაზე მცდარი წარმოდგენების შემცირების თვალსაჩინო ტენდენცია (საშუალოდ, 1.29 ნიშნულით გაუმჯობესება 5-ბალიან სკალაზე). ამასთან, კვლევამ ე.წ. „უკუეფექტის“ (backfire effect) არსებობა ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა, ისიც აჩვენა, რომ ფაქტების გადამოწმების ეფექტი შედარებით ნაკლებია იმ პირებისთვის, ვინც მხარს უჭერს დეზინფორმაციის გამავრცელებელ პოლიტიკოსს. ფაქტების გადამოწმების ეფექტი დასტურდება არა მხოლოდ ცალკეული კვლევებით, არამედ ამ თემაზე გამოქვეყნებული აკადემიური ნაშრომების მეტაანალიზითაც. 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი ასეთი მეტაანალიზის თანახმად, რომელიც 30 ინდივიდუალურ კვლევას ეყრდნობა, ფაქტების გადამოწმებას მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს მცდარი შეხედულებების გასწორებაზე.
ფაქტების გადამოწმებას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ ქსელებთან თანამშრომლობის ფარგლებში. 2024 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრებმა აჩვენეს, რომ სოციალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook-ი, Instagram-ი და Twitter-ი (ახლა X-ი), გამოყენებული გამაფრთხილებელი ნიშნები (კონკრეტული სიახლის სიყალბის შესახებ) მნიშვნელოვნად ამცირებს ცრუ ინფორმაციის დაჯერებისა და მისი გაზიარების განზრახვას იმ მომხმარებლებში, რომლებიც მას ხედავენ. კვლევის თანახმად, საშუალოდ, შესაბამისად მონიშნული ყალბი სიახლის მიმართ რწმენა 27.6%-ით შემცირდა, ხოლო მისი გაზიარების განზრახვა - 24.7%-ით. აქვე აღსანიშნავია, რომ გარკვეულ დონეზე ეს ეფექტი სოციალური ქსელების ისეთ მომხმარებლებშიც კი გამოვლინდა, რომლებიც ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციების მიმართ დაბალი ნდობით გამოირჩეოდნენ. უფრო კონკრეტულად, ყალბი ამბებისადმი ნდობის დონე ასეთ მომხმარებლებში 12.9%-ით შემცირდა, მსგავსი სიხალის გაზიარების სურვილი კი - 16.7%-ით. სოციალურ პლატფორმებზე ე.წ. „გამაფრთხილებელი ნიშნების“ (warning labels) ეფექტიანობას ადასტურებს ბოლო ათწლეულში ჩატარებული არაერთი კვლევა თუ ანგარიში, რომელთა თეორიული და სინთეზური მიმოხილვის თანახმად, ის ეფექტურად ამცირებს დეზინფორმაციის დაჯერების დონესა და მის გავრცელებას. თუმცა, ამავდროულად, „გამაფრთხილებელი ნიშნების“ ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ფართო აუდიტორიას სწვდება იგი, რამდენად კონკრეტული და თვალსაჩინოა მომხმარებლისთვის და მომდინარეობს, თუ - არა მაღალი სანდოობის წყაროებიდან. სწორედ აქ შემოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ე.წ. მოდერატორების გავლენა ფაქტების გადამოწმების ეფექტურობაზე. მოდერატორებში იგულისხმება გადამოწმებული ფაქტისთვის სწორი ტექსტის ან სწორი ვიზუალის შერჩევა, სანდო წყაროების დამოწმება, მარტივი კომუნიკაცია და სხვა არაერთი კომპონენტი, რომელთა შესაბამისად გამოყენებამ შესაძლოა დეზინფორმაციის გამოვლენისა და შესწორების ეფექტი კიდევ უფრო გაზარდოს.
ფაქტების გადამოწმების ეფექტურობა არ არის სტატიკური მონაცემი და იგი დამოკიდებულია შეტყობინების სტრუქტურაზე, წყაროს მახასიათებლებსა და ინდივიდუალურ წინასწარ განწყობებზე. კვლევები აჩვენებს, რომ სწორად შერჩეულ გარემოებებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფაქტების გადამოწმების ეფექტი. პირველ რიგში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ფორმით მიეწოდება გადამოწმებული ინფორმაცია ინდივიდს. კერძოდ, ფაქტების გადამოწმება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ის არა მხოლოდ უარყოფს სიცრუეს, არამედ აწვდის მკითხველს ალტერნატიულ, ზუსტ განმარტებას. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზუალური ელემენტები. არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ გრაფიკული გამოსახულებები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს კონკრეტული ინფორმაციის სიყალბეს, აუმჯობესებს ინფორმაციის აღქმას, თუ ისინი სწორადაა ინტეგრირებული ტექსტთან. გარდა ამისა, ყალბი ამბების გამოაშკარავებისას, მნიშვნელოვანია ენობრივი სიმარტივე - ისეთი ტექსტები, რომლებიც დაწერილია მარტივი, გასაგები ენით და არ არის გადატვირთული რთული ლექსიკით, უფრო მაღალ ეფექტურობას ავლენს, განსაკუთრებით დაბალი მედიაწიგნიერების მქონე ჯგუფებში.
სწორი ინფორმაციის წარმატებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვთ უშუალოდ მის გამავრცელებელ წყაროსთან დაკავშირებულ მოდერატორებს. კერძოდ, ფაქტების გადამოწმების ეფექტი ძლიერდება, როდესაც მაღალია რესპონდენტების ინდივიდუალური ნდობა გამავრცელებელი ორგანიზაციის მიმართ. ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი აქვთ ფაქტების გადამმოწმებელ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებსაც მეტად ენდობიან ტრადიციული მედიის მიმართ უნდობლად განწყობილი ადამიანები. ამ ფაქტორების გარდა, ფაქტების გადამოწმების ეფექტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აუდიტორიის წინასწარ განწყობებსა თუ იდეოლოგიურ ფაქტორებზე - იგი უფრო მაღალია, როდესაც ადამიანის არსებულ შეხედულებებს ამყარებს, ვიდრე მაშინ, როცა მათ ეწინააღმდეგება.
ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების გავლენაზე საუბრისას, არ უნდა შემოვიფარგლოთ იმის ხაზგასმით, რომ ისინი მხოლოდ ცალკეულ ფაქტებს ამოწმებენ და სხვა არაფრით ებრძვიან დეზინფორმაციას. ფაქტების გადამმოწმებელი ესპანური ორგანიზაცია Maldita.es-ის განმარტებით, მათი საქმიანობა სცილდება უკვე გავრცელებულ ტყუილზე რეაგირებას და გადადის პროაქტიულ ფაზაში, რომელსაც დეზინფორმაციის წინმსწრებად მხილება (prebunking) ეწოდება. ეს სტრატეგია გულისხმობს საზოგადოების მომზადებას დეზინფორმაციასთან შესახვედრად მანამდე, სანამ ის მათთან მიაღწევს. ნაცვლად იმისა, რომ ორგანიზაციამ მხოლოდ პოსტფაქტუმ უარყოს მცდარი ამბავი, ის წინასწარ ხსნის იმ მანიპულაციურ მექანიზმებსა და სტრატეგიებს, რომლებსაც დეზინფორმატორები ჩვეულებრივ იყენებენ. ეს პროცესი ფსიქოლოგიური ინოკულაციის (აცრის) მსგავსია: მომხმარებელი იღებს დეზინფორმაციის მცირე „დოზას“ და მისი მუშაობის პრინციპის ანალიზს, რაც მასში ერთგვარ კოგნიტურ იმუნიტეტს აყალიბებს. შედეგად, როდესაც ადამიანი რეალურ დეზინფორმაციას წააწყდება, ნაკლებად დაუცველია, რადგან უკვე ფლობს გარკვეულ ინსტრუმენტებს სიყალბის ამოსაცნობად. ამგვარად, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები მუშაობენ არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტების შესწორებაზე, არამედ საზოგადოების ინფორმირების ზრდაზე, რაც მათ ეხმარება, კრიტიკულად შეაფასონ ნებისმიერი საეჭვო სიახლე, მათი ფორმისა და გავრცელების ტექნიკის მიხედვით.
***
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საინფორმაციო გარემოს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია, რომელიც მრავალმხრივ ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და მოქალაქეთა ინფორმირებულობას. ამ კონტექსტში, ფაქტების გადამოწმება (fact-checking) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად შეიძლება განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში არსებობდა ეჭვები მისი ეფექტიანობის შესახებ, განსაკუთრებით, ე.წ. „უკუეფექტის“ თეორიაზე დაყრდნობით, ზემოთ განხილული კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ფაქტების გადამოწმება რეალურად ამცირებს მცდარ რწმენებს და ზრდის ფაქტობრივ ცოდნას სხვადასხვა საზოგადოებაში. უფრო მეტიც, შესაძლოა მისი ეფექტი დროში მდგრადიც აღმოჩნდეს და მხოლოდ მოკლევადიანი გავლენით არ შემოიფარგლოს.
აღსანიშნავია, რომ ეფექტიანობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების ფორმაზე, წყაროს სანდოობაზე, ვიზუალურ და ენობრივ ელემენტებზე, ასევე, აუდიტორიის წინასწარ განწყობებზე. სოციალური ქსელების კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გამაფრთხილებელი ნიშნები და პლატფორმებთან თანამშრომლობა, რაც ამცირებს როგორც დეზინფორმაციის დაჯერებას, ისე მის გავრცელებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მართალია, ფაქტების გადამოწმებას მნიშვნელოვანი როლი აქვს დეზინფორმაციის გამოვლენის პროცესში, თუმცა იგი ერთადერთი გამოსავალი არ არის. დეზინფორმაციის გავრცელება მუდმივი პროცესია და მის წინააღმდეგ ბრძოლაც უწყვეტ ძალისხმევასა და დიფერენცირებულ მიდგომებს გულისხმობს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები მხოლოდ ცალკეულ უზუსტობებს კი არ ასწორებენ, არამედ ყალბ ამბებს პროაქტიულად, წინსწრებით ებრძვიან. ე.წ. prebunking-ი მიზნად ისახავს საზოგადოების წინასწარ მომზადებას დეზინფორმაციის ამოსაცნობად. ეს მიდგომა ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და ქმნის ერთგვარ „კოგნიტურ იმუნიტეტს“.
საბოლოოდ, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ფაქტების გადამოწმება ეფექტიანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ინტეგრირებულია ფართო სტრატეგიაში, რომელიც მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ, ისე საგანმანათლებლო და კომუნიკაციურ კომპონენტებს.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.